რა დანიშნულება აქვს ,,ც” ნაწილაკს საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში? რა განსხვავებაა რუსეთის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის ფორმულირებებს შორის?

0
453
,,ძმათა შორის ომმა, რომლის გაჩაღებაში მნიშვნელოვანი როლი საბჭოური იმპერიალიზმით ნასაზრდოებმა, რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკამაც ითამაშა, ასეულობით ათასი ადამიანი აქცია დევნილად საკუთარ სამშობლოში. ''- განაცხადა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა  1992 წლის ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით.
 
ეს თითქოს მარტივი ნაწილაკი ,,ც'' თავდაყირა აყენებს ყველა ფორმულირებას, რომელსაც  ამ ომისა და მისი წინამორბედი მოვლენების შეფასებაში მიაღწია საქართველოს სახელმწიფომ და ხალხმა, და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, საერთაშორისო თანამეგობრობამ ამ ომის ხასიათისა და ძირითად აქტორთა შეფასებაში.  
 
პრეზიდენტის ეს განცხადება სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის წამყვანი როლის  ,,რბილად'' გადაწევა მეორე პლანზე  და ამ ომის დაყვანა ეთნოკონფლიქტამდე  – ვის აწყობს ეს? რა განსხვავებაა რუსეთის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის ფორმულირებებს შორის? 
 
პუტინი  ამ ომს აფასებს როგორც ქართველების ომს აფხაზების წინააღმდეგ. – რუსეთმა უბრალოდ დაიცვა აფხაზები ქართველების აგრესიისგან.
 
გიორგი მარგველაშვილი ამ ომს აფასებს როგორც აფხაზებსა და ქართველებს შორის კონფლიქტს. – რუსეთი ,,უბრალოდ'' ჩაერია, მისი როლი მხოლოდ დამატებითი ფაქტორი,  ,,ც'' იყო. 
 
რუსეთის ფედერაცია თავის როლთან დაკავშირებით ორივე ხელს იბანს.
 
გიორგი მარგველაშვილი ძალიან მარტივად, ,,ც'' ნაწილაკის მეშვეობით  ერთი ხელის დაბანის შესაძლებლობას აძლევს მას.
 
 თუ ამ ფორმულირების შემდეგ  რამეში შეიძლება დაეთანხმო (მაგრამ მხოლოდ მკაფიო დათქმით) გიორგი მარგველაშვილს, არის ის, რომ ,,დადგება დღე, როცა ჩვენ აფხაზებსა და ოსებთან ერთად შევუდგებით ძლიერი, განვითარებული, დემოკრატიული და მშვიდობიანი სახელმწიფოს შენებას'' .- ეს დრო დადგება, მაგრამ არა ამგვარი განცხადებებებით და რუსეთის როლის ამგვარი ხედვით.
 
რატომ არ ყოფნის საქართველოს პრეზიდენტს ნებელობა საგნებს თავისი სახელი დაარქვას?
 
რატომ გაურბის იგი მთავარი მოთამაშის  როლში რუსეთის ხსენებას მაშინ, როცა  საერთაშორისო დონეზეა აღიარებული და ყველა განცხადებებში მკაფიოდ ჟღერს, რომ ეს ომი  გააჩაღა და აწარმოებს რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ  (!) თავისი იმპერიული პოლიტიკური ინტერესების კარნახით.  
 
რა თქმა უნდა, მან ეს გააკეთა წინა პლანზე წამოწეული თავისი მარიონეტების ხელითაც, მაგრამ ეს მარიონეტები  რუსეთის ხელისუფლებას წარმოადგენდნენ ,,ადგილებზე'' და აქედან გამომდინარეც,  თუ ვინმე შეიძლება  მოვიხსენიოთ მეორეხარისხოვან მოთამაშედ  ,,ც'' ნაწილაკის მეშვეობით, ეს ნადვილად არ არის რუსეთის ფედერაცია.
 
რატომ შეიცვალა პრეზიდენტის განცხადებაში ფორმულირებები, როდის აქეთ ვაღიარეთ, რომ ეს იყო ქართველებისა და აფახზების ომი? მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი სააკაშვილი ახალმა ( ახალი დიდი ხანია აღარ არის , მაგრამ ყოველთვის უმწიფარი დარჩება)  7 პიჯაკისთვის გააძევა ქვეყნიდან და თავადაც ვერ გაურკვევია, სურს თუ არა მისი დაბრუნება ,,პატიმრის სტატუსით''?  
 
და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: 
როგორ აპირებს პრეზიდენტი  მარგველაშვილი  მთელ  ხელისუფლებასთან ერთად (პერმანენტულად გაბუტული კია, მაგრამ ამ ხელისფლების ორგანულ ნაწილად რჩება თუნდაც ამ განცხადებით)  მსგავსი უპრინციპო  პოზიციით ხელი შეუწყოს   პრინციპული საერთაშორისო და სამეზობლო პოლიტიკის გატარებას, რომელსაც წარმოგვიდგენს როგორც    თანამოძმეებთან ნდობისა და თანამშრომლობის აღდგენის, ქვეყნის საერთო და საყოველთაო განვითარების გზას? 
და ბოლოს,  რა განსხვავებაა  პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის? 
ეს საკითხავი – ც კი არ არის. 
 
 
 
 
 
 
.
 
წინა სტატიაავტოსაგზაო შემთხვევას კახეთში 2 სამხედრო ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაისლანდიაში, გულფოსის ჩანჩქერის ტერიტორიაზე ცხედარი იპოვეს. ვარაუდობენ, რომ იგი 19 ივლისს გაუჩინარებული ნიკა ბეგაძეა …
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური