მცოცავი ანექსია გრძელდება. ოპოზიციური სპექტრი, არასამთავრობო სექტორი და მედია ხელისუფლებისაგან სასწრაფო და ქმედით რეაგირებას მოითხოვს

0
421
რუსეთის მიერ საოკუპაციო ხაზის კიდევ 700 მეტრით გადმოწევასთან დაკავშირებით ოპოზიციური სპექტრი, არასამთავრობო სექტორი და მედიის  ხელისუფლებისაგან  სასწრაფო და ქმედით რეაგირებას მოითხოვს.
განცხადებასი, რომელიც დღეს  სამოქალაქო სექტორმა დ გაავრცელა და  8 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს, მომხდარი შეფასებულია, როგორც გამოწვევა რუსეთის მხრიდან, რომელიც აგრძელებს ძირითადი საერთაშორისო ნორმების და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშ დარღვევას.
„აშკარაა, რომ რუსეთის მიზანს წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების სრული ანექსია და საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება,“ – ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობო სექტორი პრეზიდენტისა და მთავრობისაგან საკითხის განსახილველად უშიშროების საბჭოს მოწვევას და უახლოეს ხანებში ანტიანექსიური სტრატეგიის სემუშავებას მოითხოვს მოითხოვს. 
 
დღეს  მცოცავი ანექსია და ხელისუფლების უმოქმედობა უშუალოდ გადმოწეულ საზღვართან, სოფელ ორჭოსანში გააპროტესტა  "ნაციონალურმა მოძრაობამ"  საოკუპაციო ხაზთან  არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილიც. 
„საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა და საოკუპაციო ხაზის გადმოწევა ყოველთვის ხშირდება იმ დროს, როდესაც ახლოვდება პრაღაში აბაშიძე-კარასინის შეხვედრა. ამ ბანერიდან საქართველოს მთავარი საგზაო არტერია, ცენტრალური მაგისტრალი 500 მეტრით არის დაშორებული. მე მინდა ვკითხო საქართველოს ხელისუფლებას, ნუთუ ვერ გაიგეთ, რომ მოსკოვისთვის თქვენთან მოლაპარაკებები არის მხოლოდ შირმა და საერთაშორისო ზეწოლის მოხსნამ მიგვიყვანა იქამდე, რომ საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგში საერთოდ აღარ დგას. ამიტომ, თვითმმართველობის არჩევნები რეალურად უნდა გახდეს რეფერენდუმი საქართველოს მოსახლეობისთვის,“ – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
 
14 ივლისს, ე.წ. ეროვნული მარშის დღეს ჟურნალისტების ნაწილი საოკუპაციო ხაზთან გასვლას და მცოცავი ოკუპაციის გაპროტესტებას გეგმავს. ამის შესახებ მოწოდებები "ფეისბუქზე" გამოქვეყნდა. ინიციატორი გაზეთი "ქრონიკა პლუსია", თუმცა რედაქცია აცხადებს, რომ აქციის მხარდაჭერა და მასში მონაწილეობა ჟურნალისტებთან ერთად, მოქალაქეებსაც შეუძლიათ, პარტიული სიმპათიების მიუხედავად. 
 
"აქციის ფარგლებში დაგეგმილია თბილისიდან გასვლა ოკუპირებული შიდა ქართლის სოფლების მიმართულებით. ეს არ იქნება კონტრაქცია, ეს იქნება პრიორიტეტის ხაზგასმა. თბილისიდან გასვლის წინ მარშის მონაწილეებსაც მოვუწოდებთ, შემოგვიერთდნენ, გავამზადებთ ბანერებს, მარშრუტის შესახებ წინასწარ ჩავაყენებთ საქმის კურსში შსს-ს (ამისთვის ნებართვა არ გვჭირდება, უბრალოდ, ვატყობინებთ ჩვენს გეგმებს და ლოკაციის ადგილს). არავითარი ბანერების მოგლეჯა და ღობეების მონგრევა დაგეგმილი არ არის – ეს იქნება მშვიდობიანი, არააგრესიული საპროტესტო აქცია, რომლითაც ჩვენ ვაჩვენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეები ვაპროტესტებთ მცოცავ ანექსიას. ჟურნალისტები, პირველ რიგში, ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ, ამიტომ ჩვენს ნაბიჯებს განაპირობებს ქვეყანაში შექმნილი ფაქტობრივი სიტუაცია, რაც უარყოფს იმას, რომ ჟურნალისტები არ უნდა მონაწილეობდნენ პოლიტიკურ პროცესებში.
ვფიქრობთ, ეს ის შემთხვევაა, როცა საყოველთაოდ აღიარებული დამოუკიდებელი მედიის პრინციპები არ ეწინააღმდეგება იმ ქვეყნის ჟურნალისტების პოლიტიკურ პროტესტს, რომლებსაც ოკუპირებულ ქვეყანაში უწევთ ცხოვრება და მუშაობა. 
დიახ, ვფიქრობთ, რომ სწორედ ასე და უფრო მძაფრად მოიქცეოდა ამერიკელი, ინგლისელი, ფრანგი, გერმანელი თუ ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის ჟურნალისტი, მის ქვეყანაში რომ იგივე სიტუაცია იყოს, რაც საქართველოშია", – წერს აქციის ინიციატორი, ჟურნალისტი ლაშა ბერულავა. 
 
შეგახსენებთ, ჟურნალისტებმა მცოცავი ოკუპაცია 2013 წლის სექტემბერშიც გააპროტესტეს. მაშინ აქციაში მონაწილეობა ათეულობით ჟურნალისტმა მიიღო. 2015 წლის 14 ივლისს ჟურნალისტებმა კიდევ ერთხელ, ამჯერად სოფელ ხურვალეთში გააპროტესტეს მცოცავი ანექსია და ახლადდამონტაჟებული ე.წ. ბანერიც მოხსნეს. 
წინა სტატიაზუგდიდში ზოგადი უნარების გამოცდაზე დარეგისტრირებულზე ათით ნაკლები, სულ 425 აბიტურიენტი შევიდა
შემდეგი სტატიაატამი, რომელიც ზუგდიდში 3 ლარი ღირს, კახეთში 10 თეთრად, თბილისში – ლარნახევრად იყიდება ან ,,უფასოდ” ლპება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური