,,კობახიძე საუბრობს ტყუილებზე, შიშზე, რაც ძალიან კომიკურია, მარგველაშვილთან მიმართებით , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძემ, სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარეს განსხვავებული აზრი მტრობა და მიუღებლობა ჰგონია, რაც შემაშფოთებელია. ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, დღევანდელ ვითარებაში მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი არ წარმოადგენს ერთ პოლიტიკურ პარტიას, არამედ მას ყველა პოლიტიკურ ძალასთან შეუძლია თანამშრომლობა.
”პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს. დავუშვათ, რომ მე ან პრეზიდენტის ადმინისტრაციის რომელიმე წარმომადგენელი, პარლამენტის თავმჯდომარეს მოვიხსენიებდეთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სტატუსის მატარებელი ადამიანია, ამას არასოდეს გავაკეთებთ, რადგან ჩვენ საზოგადოებასა და ინსტიტუტებს ვცემთ პატივს. ბატონი კობახიძისგან მთელი ამ დროის განმავლობაში ვისმენთ შეურაცხყოფას, ცილისწამებას და ამბსოლუტურად უსაგნო პოლემიკას, მათ შორის კონსტიტუციის საკითხებთან დაკავშირებით. კობახიძის მხრიდან საუბარი იყო ტყუილებზე, შიშზე, რაც ძალიან კომიკურია მარგველაშვილთან მიმართებით ასეთ თემებზე საუბარი.
ძალიან ძნელი მოსასმენია, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს განსხვავებული აზრი მტრობა და მიუღებელი ჰგონია. დესტრუქცია ჰგონია პრეზიდენტის ოპოზიციასთან თანამშრომლობა. ამ დროს ჩვენ ყველანი ვფიქრობთ, რომ პრეზიდენტი არ არის ერთი რომელიმე პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი და მას შეუძლია ყველა პოლიტიკურ ძალასთან ითანამშრომლოს”, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.