ბრიუსელში ცენტრალურ რკინიგზის სადგურში მომხდარი აფეთქების შემდეგ მეტროსა და სადგურის მუშაობა სრულად აღდგა. სამართალდამცავები მეტროს შიდა და გარე პერიმეტრს აკონტროლებენ. ბრიუსელის ცენტრალურ რკინიგზის სადგურში მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს.
აფეთქების ხმა სადგურში ბრიუსელის დროით, გუშინ, საღამოს 20:30-ზე გაისმა. ახალგაზრდა მამაკაცმა მცირე ზომის ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა, , ასაფეთქებამდე თავდამსხმელი ალაჰის სადიდებელ სიტყვებს ყვიროდა.
სადგურის მიმდებარე ტერიტორია მომხდარიდან რამდენიმე წუთში გადაკეტეს. პოლიციელებთან ერთად ქუჩაზე მობილიზებული იყო სამხედრო ქვედანაყოფებიც. შემთხვევის ადგილზე გამნაღმველებიც მიიყვანეს, რომლებმაც აფეთქების შემდეგ სადგურთან საეჭვო ნივთი გაანადგურეს. რამდენიმე ხანში პოლიციამ სეძლო თავდამსხმელის მიმწყვდევა და ლიკვიდირებაც.
ცენტრალურ რკინიგზის სადგურთან ერთად მომხდარის გამო ბრიუსელში უსაფრთხოების მიზნით კიდევ ორი სადგურიც დახურეს, თუმცა ამ დროისთვის ყველა ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. ბრიუსელში შარშანდელი ტერაქტების შემდეგ უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მოქმედებს.
ტერორისტებმა 2016 წლის მარტში აეროპორტსა და მეტროს სადგურებში აფეთქებები მოაწყეს, რასაც 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. გუშინდელი თავდასხმის შემდეგ ქალაქში საფრთხის დონე მესამე ნიშნულამდე რჩება..