.,,მე უარით ვპასუხობ პარლამენტიდან შემოსულ თხოვნას, დაინიშნოს საგანგებო სესია კონსტიტუციის ცვლილების კანონპროექტის განხილვისათვის " – განაცხადა ქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ამასთან, მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მისი უარის მიუხედავად, პარლამენტს აქვს უფლებამოსილება რიგგარეშე სხდომა მაინც გამართოს.
"მინდა საზოგადოება ჩავაყენო საქმის კურში, რომ ეს რეალურად ვერ შეცვლის ვითარებას და თუ არის გადაწყვეტილება ამ სესიის მოწვევის, მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტის უარის მიუხედავად, მაინც არის შესაძლებელი რიგგარეშე სესიის მოწვევის", – აღნიშნა მარგველაშვილმა.
პარლამენტის რიგგარშე სხდომა, ხვალ უნდა გამართულიყო. მასზე საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების განხილვის გარდა, ასევე დაგეგმილი იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა.
პრეზიდენტმა დეტალურად განმარტა უარის თქმის მიზეზები:
,, – გუშინ საზოგადოებამ მოისმინა საკონსტიტუციო პროცესისათვის და რეფორმისათვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც მიიღო საპარლამენტო უმრავლესობამ. ეს არის უარის თქმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხზე. რეალურად, ეს ცვლილება თვისებრივად ცვლის იმ შემოთავაზებულ პროექტს კონსტიტუციის რეფორმისა, რომელიც განხილულ იქნა ქართული საზოგადოების მიერ და რომელიც განიხილა ვენეციის კომისიამ.
ამ ვითარებაში ის, რაც დარჩა სახელიდან „ფუნდამენტური ცვლილებები კონსტიტუციისა“ და მოლოდინიდან, რომ ქართული საზოგადოება მიიღებდა კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯს კონსტიტუციის დახვეწის თვალსაზრისით, ჩვენ მივიღეთ ფუნდამენტური ცვლილება მარტო პრეზიდენტის ინსტიტუტის შეკვეცის თვალსაზრისით. ეს ეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, ეხება უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქციებს და უფლებებს. ეს ეხება კონსტიტუციიდან უშიშროების საბჭოს გაქრობას. ანუ, რის თაობაზეც ჩვენ თავიდანვე ვსაუბრობდით მაშინ, როდესაც იქმნებოდა საკონსტიტუციო კომისია, იმ სულისკვეთებაზე, რომელზეც მოგახსენებდით, რომ მიმართულია რეალურად პრეზიდენტის წინააღმდეგ, საბოლოოდ მივედით ამ ვერსიამდე.
არსებულ ვითარებაში შემოსულია პარლამენტიდან თხოვნა, დაინიშნოს საგანგებო სესია იმისთვის, რომ განხილულ იქნას წარმოდგენილი კანონპროექტი. მე ამ თხოვნას უარით ვპასუხობ,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.