მარიამ ქუთელია, ინდირა და ლიზა ზარანდიები – 13 ივნისის სტიქიას შეწირული გოგონები (Video)

0
455
მარიამ ქუთელია 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად ადიდებულმა მდინარე  ვერემ მეგობართან, ივლიტა ჯიბუტთან და მის მეუღლესთან ერთად გაიტაცა. ტრაგედიის ღამეს მეგობრები ერთად იმყოფებოდნენ, ივლიტა სამსახურის დაწყებას გეგმავდა, მარიამი კი სასწავლებლად ჩეხეთში გამგზავრებას. მეგობრების გეგმები საბედისწერო ღამემ მთლიანად შეცვალა – ისინი გაავებული სტიქიის პირისპირ დაუცველები და მარტონი აღმოჩნდნენ. 
 
მდინარის ადიდების დროს მარიამი ივლიტასა და მის მეუღლესთან ერთად სახლის სახურავზე ავიდა, თუმცა მოვარდნილმა ნიაღვარმა სამივე გაიტაცა. გადარჩა ივლიტას მეუღლე.
 
მარიამ ქუთელიამ ქალაქ ზუგდიდის მესამე საჯარო სკოლა წარმატებით დაამთავრა, წარმატებით გაიარა უმაღლესი სასწავლებელიც, წარმატებას უწინასწარმეტყველებდნენ პროფესიაშიც, თუმცა მისი სიცოცხლე 24 წლის ასაკში შეწყდა. გოგონას  დედა და მამიდა, რომლებსაც ოჯახის წევრთა გარდაცვალებით გამოწვეული სიმწარე განცდილი აქვთ, მარიამის ტრაგიკულად გარდაცვალებამ გაანადგურა, მათ ერთადერთი სანუგეშო  მარიამის ერთადერთი და დარჩათ, გოგონებს მამა ადრე გარდაეცვალათ. მარიამს და მის დას მარტოხელა დედა, პროფესიით პედაგოგი ბელა ქირია, ბავშვების მამიდასთან ქეთინო ქუთელიასთან ერთად ზრდიდა. 
 
თუმცა 13 ივნისის თბილისის ტრაგედიის ღამემ ყველაფერი შეცვალა. მარიამის მამიდა, ქეთინო ქუთელია ამბობს, რომ ხელისუფლებას სამაშველო ვერტმფრენები ტრაგედიის ზონაში ჩარჩენილი ადამიანების გამოსაყვანად უნდა გამოეყენებინა. 
 
13 ივნისის ღამის სტიქიამ სამეგრელოს რეგიონიდან მარიამ ქუთელიასთან ერთად დები – ინდირა და ლიზა ზარანდიები იმსხვერპლა. ისინი სტიქიის დროს მეგობართან, სერგი კაპანაძესთან ერთად ტაქსიში იმყოფებოდნენ.ინდირა ზარანდიას ცხედარი "მზიურის" ტერიტორიაზე მალევე იპოვეს, უფრო მოგვიანებით, თბილისის ზოოპარკის ტერიტორიაზე კი მეორე დის ლიზა ზარანდიას ცხედარი. გოგონებთან ერთად  მყოფი მეგობარი სერგი კაპანაძე  ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. 
 
ინდირა და ლიზა ზარანდიების დედა ამბობს, რომ ხელისუფლების ქმედება სტიქიის წინააღმდეგ დაგვიანებული იყო. ნანი ბახიას თქმით, წყალდიდობის პირველივე წუთებიდან მეტი ყურადღება იყო საჭირო, მითუმეტეს მაშინ, როცა მოსახლეობა სტიქიაზე ღამის 10 საათიდან იტყობინებოდა. 
 
ინდირა და ლიზა ზარანდიები მაშველებმა ორღიანი ძებნის შემდეგ სხვადასხვა ადგილას იპოვეს, რაც შეეხება მათთან ერთად ტაქსიში მყოფ სერგი კაპანაძეს, ის დღემდე დაკარგულად ითვლება. სტიქიის ღამეს გოგონებთან ერთად დაიღუპა ტაქსის მძღოლიც.
 
ორი წლის წინ, საქართველოს ყოფილი პირველი ლედის და საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ორგანიზაცია "სოკოს" დამფუძნებლის სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიციატივით დები ზარანდიების სახელობის სტიპენდია დაწესდა. ინიციატივის შედეგად საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების 20-ზე მეტმა სტუდენტმა სტიპენდია მიიღო. 
 
2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა. მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 24 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, აქედან ორი, ბექა ბუთურიშვილი და სერგი კაპანაძე დღემდე დაკარგულად ითვლება. დაღუპულებს შორის იყო ზოოპარკის სამი თანამშრომელი და მაშველები. სტიქიური უბედურება 13 ივნისს გვიან ღამით დაიწყო და 14 ივნისის დილამდე გაგრძელდა. სტიქიის ეპიცენტრი სვანიძის ქუჩა, ვერეს ხეობაზე გამავალი ახალი გზა, ზოოპარკი და მზიური იყო. სტიქიის შედეგად მიყენებულმა მატერიალურმა ზარალმა დაახლოებით 50 მილიონი ლარი შეადგინა. სპეციალისტები მომხდარ ტრაგედიას წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილ მეწყერს უკავშირებენ. დაახლოებით ერთი მილიონი კუბური მეტრი მიწის მასის ჩამოშლა უხვმა ნალექმა გამოიწვია. ნაშალი მასა მდინარე ვერეს ხეობაში ჩავიდა, რამაც მდინარის ადიდება და კალაპოტიდან გადასვლა გამოიწვია.
 

წინა სტატიაგადაცემა თეზისი სტუმარი ირაკლი სამუშია The thesis of the program is Irakli Samushia
შემდეგი სტატიაბიზნესმენის გატაცება– დაცვისა და ბრალდების მხარეები განსხვავებულ შეფასებებს აკეთებენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური