საფრანგეთი ახალ პრეზიდენტს ირჩევს – ქვეყანაში არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

0
440
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები წინა არჩევნებისგან რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორით განსხვავდება: საფრანგეთის უახლეს ისტორიაში ულტრამემარჯვენე ძალას, კერძოდ „ნაციონალისტურ ფრონტს“, რომელიც 1972 წელს ჟან-მარი ლე პენმა დააარსა, ასეთი მაღალი მხარდაჭერა არ ჰქონია, შესაბამისად, საფრანგეთში თითქმის 8 მილიონ ადამიანს ხმა ​ევროსკეპტიკოსი ნაციონალისტისთვის არასოდეს მიუცია. მეორე მხრივ, ემანუელ მაკრონი პირველი ცენტრისტი პრეზიდენტობის კანდიდატია, რომლის პირადი ცხოვრება არჩევნების პირველ ტურამდე და შემდეგაც, ცრუ ინფორმაციის შედეგად, ფართო განხილვის თემას წარმოადგენს. პირველ ტურში ხუთ კანდიდატზე გადანაწილებული ხმები წინასწარი გამოკითხვების სტატისტიკას თითქმის დაემთხვა – 24% ემანუელ მაკრონს, 21, 30% – მარინ ლე პენს. მეორე და მესამე ადგილები, როგორც მოსალოდნელი იყო, რესპუბლიკელმა ფრანსუა ფიიონმა და ულტრამემარცხენე ჟან-ლუკ მელენშონმა გადაინაწილეს, ხოლო მეხუთე ადგილი მაკრონის ყოფილ თანაგუნდელს, სოციალისტ ბენუა ამონს ერგო. ​ამონმა დამარცხებისთანავე ამომრჩეველს მოუწოდა, მეორე ტურში ხმა ემანუელ მაკრონისთვის მიეცათ. სოციალისტი კანდიდატის განცხადებას ე.წ. copycat-ის ეფექტით ახალი განცხადება მოჰყვა. ნიკოლა სარკოზის მთავრობის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, რესპუბლიკელმა ფრანსუა ფიიონმა საკუთარი ელექტორატის ხმები მეორე ტურში მაკრონს გადააბარა. ცენტრისტი კანდიდატის მხარდამჭერების რაოდენობა მეორე ტურის წინ გაცილებით მეტია, ვიდრე აქამდე. მისი მხარდამჭერი მიმართვა გაავრცელა ზინედინ ზიდანმაც, ასევე საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, თუმცა ყველაზე ეფექტური მაინც შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას გამოჩენა იყო. წუთნახევრიანი ვიდეოს საშუალებით ობამამ ფრანგ ხალხს თხოვნით მიმართა, დაფიქრდნენ ქვეყნის მომავალსა და როლზე ევროგაერთიანებაში, გააცნობიერონ ის ლიბერალური ღირებულებები, რომელსაც მაკრონის წინასაარჩევნო პროგრამა ეფუძნება. პირველი ტურიდან მეორე ტურამდე პერიოდი ორივე კანდიდატისთვის სიზიფეს ლოდივით იყო – მხარდამჭერ აქციას პროტესტი ცვლიდა. არჩევნების მეორე დღესვე, როცა პრეზიდენტობის ორი მთავარი კანდიდატი გამოიკვეთა, პარიზის ქუჩებში ახალგაზრდულმა მოძრაობამ საპროტესტო აქცია გამართა, ლოზუნგით – „არა მაკრონს, არა ლეპენს“, რასაც რამდენიმე დღეში ნაციონალისტური ფრონტის ლიდერის საწინააღმდეგო აქციებიც მოჰყვა. ამომრჩეველთან შეხვედრისას მარინ ლე პენს უცნობმა პირებმა კვერცხებიც დაუშინეს, ხოლო საარჩევნო კამპანიის ბოლო დღეს მწვანეთა მოძრაობამ ეიფელის კოშკზე უზარმაზარი ბანერი გამოფინა, რომელზეც ულტრამემარჯვენე კანდიდატის საწინააღმდეგო ლოზუნგები ეწერა. მიუხედავად ამისა, დაბრკოლებები, რომელსაც ნაციონალისტური ფრონტის ლიდერი წინასაარჩევნო პერიოდში გადააწყდა, გაცილებით ტრივიალურია ემანუელ მაკრონისთვის განკუთვნილ „მახესთან“ შედარებით. მაკრონის შესახებ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის ნაკადმა ბოლო დღეებში ინტერნეტი გაავსო. არჩევნებამდე 48 საათით ადრე პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატზე კიბერთავდასხმა განხორციელდა, ჰაკერებმა მისი ელექტრონული ფოსტა გატეხეს. 9 გიგაბაიტის მოცულობის მასალა ანონიმურმა მომხმარებელმა ვებგვერდ Pastebin.com–ზე EMLEAKS–ის სახელით ატვირთა. მასალა, ძირითადად, ემანუელ მაკრონის პირად მიმოწერასა და, ამავდროულად, ცრუ ინფორმაციას მოიცავდა. წინასაარჩევნო პერიოდში მაკრონი, როგორც რუსეთისადმი ერთადერთი კრიტიკულად განწყობილი კანდიდატი, ე.წ. ინტერნეტ ტროლების სამიზნე არაერთხელ გამხდარა, რაშიც En Marche-ს დამფუძნებელი მოსკოვს და კრემლიდან დაფინანსებულ მედიას ყოველთვის ღიად ადანაშაულებდა. ემანუელ მაკრონის მხარდამჭერთა რიცხვს ბოლო დღეებში პარიზის მუსლიმური თემიც შეუერთდა. პარიზის დიდი მეჩეთის რექტორმა დალილ ბუბაკერმა ყველა მათგანს სთხოვა, რომ არჩევნებში მონაწილეობა, პირველ რიგში, იმ მიზნით მიიღონ, რომ მათთვის სახიფათო, ისლამოფობი ნაციონალისტი ლე პენი ელისეის სასახლეში ქვეყნის მმართველის სტატუსით არ შევიდეს. მარინ ლე პენის წინასაარჩევნო დაპირება, ევროკავშირისა და ევროზონის დატოვებასთან ერთად, მეჩეთების დახურვა და ქვეყნიდან არალეგალი მიგრანტების გასახლებაა, რასაც მოსახლეობის თითქმის 22% ემხრობა. ლე პენი მიიჩნევს, რომ მეჩეთები იდეოლოგიურად ტერორისტებს „კვებავს“. ბოლო ათი დღის განმავლობაში, სხვადასხვა მხარდამჭერი და საპროტესტო აქციების ფონზე, ულტრამემარცხენე კანდიდატი ჟან-ლუკ მელენშონი დიდხანს დუმდა. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისმა მხარდამჭერებმა, შესაძლოა, არჩევანი ლე პენის სასარგებლოდ გააკეთონ, თუმცა დუმილი მელენშონმა საკმაოდ ხმამაღლა დაარღვია – მან საკუთარ ამომრჩეველს ბოიკოტისკენ მოუწოდა. 
მართლაც, წინასწარი კვლევებით ვლინდება, რომ მოსახლეობის თითქმის 25% არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. საპრეზიდენტო არჩევნებში ასეთი დაბალი აქტივობა 1969 წელს დაფიქსირდა, როცა ფრანგებს არჩევანი ჟორჟ პომპიდუსა და ალე პოერს შორის უნდა გაეკეთებინათ. ისტორიული მნიშვნელობის მქონე საპრეზიდენტო არჩევნებში დაბალი აქტივობა, რეალურად, გამართული მექანიზმივით ლე პენის სასარგებლოდ მოქმედებს, რადგან დაურწმუნებელი ამომრჩევლის სახლში დარჩენის ფონზე, „ნაციონალისტური ფრონტის“ მხარდამჭერები საკუთარი კანდიდატის გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოლებენ. საფრანგეთი იმ ქვეყნების კატეგორიაში შედის, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების 150-წლიანი ისტორია აქვთ. საფრანგეთის პირველ პრეზიდენტად ლუი ნაპოლეონ ბონაპარტია აღიარებული, ხოლო არჩეული პრეზიდენტი კი გრაფი პატრიკ დე მაკონი იყო (1873), რომელიც ექვს წელიწადში რესპუბლიკელმა ჯული გრევიმ შეცვალა. ასე გრძელდებოდა 1940 წლამდე, სანამ ნაცისტურმა გერმანიამ ქვეყნის ოკუპირება არ მოახდინა. თანამედროვე საარჩევნო სისტემა შარლ დე გოლის მემკვიდრეობაა. ორტურიანი საპრეზიდენტო სისტემაც ფრანგებს ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა პრეზიდენტმა უანდერძა. დე გოლი ამბობდა, რომ მოსახლეობა პირველ ტურში კანდიდატს გულითა და ემოციებით ირჩევს, მეორე ტურში კი გონებით. თუ შარლ დე გოლი მართალი იყო, დღეს საფრანგეთში პრეზიდენტს რაციონალური გონებით ირჩევენ და მთავრობის მეთაურის არჩევასთან ერთად, ფრანგები ევროკავშირის მომავალსაც სწორად გაკეთებული არჩევანით განსაზღვრავენ. 
 
 
წინა სტატიაპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მადლობას უხდის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის – შეერთებული შტატების ხელისუფლებას თანადგომისათვის.
შემდეგი სტატიაპირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციის II ეტაპი ხვალ დაიწყება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური