დღეს ზუგდიდი ზურაბ ცხონდიას ეთხოვება

0
495
დღეს ზუგდიდი პუბლიცისტსა და საზოგადო მოღვაწეს  ზურაბ ცხონდიას ეთხოვება, როგორც იტყვიან,  ქალაქის, რეგიონის ლიტერატურული ცხოვრების მარილსა და   კამერტონს, რაფინირებულ ინტელიგენტს, რომელიც ნიუანსებში გრძნობდა, რა არის ის, რაც ქმნის ქალაქის სულიერებას და ფასეულობებს.
 
ზუგდიდს დააკლდება ზურაბის ,,პარასკეობა'' – პარასკევის ტრადიციული  ლექცია-საუბრები, რომელსაც უძღვებოდა იგი  მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში.
 
ახალგაზრდებს, რომელნიც კალამს ცდიდნენ,  დააკლდებათ  მისი რჩევები და  მაგალითი შემოქმედის პასუხისმგებლობისა მკითხველისა და ქვეყნის, თუნდაც საკუთარი თავის წინაშე, რადგან, თვინიერ ღირსეული მასწავლებლისა და დამკვალიანებლისა, ვერავინ გეტყვის და დაგარწმუნებს, რომ ნიჭს მოვლა ჭირდება, მუდმივი ძიება და დაუკმაყოფილებლობა, რათა ოდესმე, როცა უკან მოიხედავ, ბოდიში არ გქონდეს მოსახდელი გაფლანგულ შემოქმედებით პოტენციალთან და არარეალიზებულ ნიჭთან. თავად ზურაბსაც, რომელსაც თავის თავზე ჰქონდა გამოცდილი, როგორ კლავს რუტინა შემოქმედის დროსა და არჩევანს,  უყვარდა განმეორება პაოლო იაშვილის ტკივილიანი ბოდიშისა თავისი ნიჭის წინაშე – ,,ვერ მოგიარე მე, სალახანამ!'' 
 
ზურაბ ცხონდიამ მაღლა ასწია თამასა, რომელიც მის ღირსეულ მოსწავლეებს არ აძლევდა და არც მისცემს საშუალებას მიეცნენ პროვინციულ თვითტკბობას. იგი ამას აკეთებდა არა სენტენციებით, არამედ კლასიკური და თანამედროვე ლიტერატურის ღრმა ანალიზით ნიშანდებული  ლექციებით, იგი თავად იყო მოარული წიგნი და, თუ წიგნიერი კაცისა  და მკითხველის  პერსონიფიცირება შესაძლებელია, ზურაბ ცხონდია იყო ის, ვისაც ნებისმიერი რანგის მწერალი ინატრებდა თავის მკითხველად.  
 
იგი, როგორც არტისტული ბუნების კაცი (სხვათაშორის, თეატრის სკოლაც ჰქონდა გავლილი, მაგრამ ჩვენ სხვა არტისტიზმზე ვლაპარაკობთ),  თავისი თავისგან ქმნიდა მითს პროვინციულ ჭაობთან მებრძოლისა, ამასთან ამას აკეთებდა ზედმეტი რიტორიკის გარეშე ( ზუგდიდელებმა იციან, რომ ის ყველაფერთან ერთად გამორჩეული  იყო ნამდვილი, არაყალბი მჭევრმეტყველებითაც, რომელიც დღეს ბევრს, სამწუხაროდ, იაფფასიან პათეტიკაში და საგანგებოდ გაზეპირებული ე.წ. ბრძნული გამონათქვამებისა და პოეტური სტრიქონების  ციტირებაში ერევა).
 
მის ბუნებაში შეთავსებული იყო შეუთავსებელი – რაფინირებული  ინტელიგენტის ფიქრიანი, სევდიანი მზერა და შინაგანი, სულიერი  ტკივილების  შემნიღბავი  თავისებური ღიმილი და ჟესტიკულაცია – ეს იმიტომ, რომ არ სურდა თავს მოეხვია მოსაუბრისთვის თავისი მსოფლიო და ადამიანური სევდა  –   არასოდეს დაგამძიმებდა, არასოდეს გაგიშვებდა ხელს, არ დაანებებდა შენს თავს  შემოქმედებითი თუ ცხოვრებისეული ხელმოცარვით გამოწვეულ პესიმიზმსა და სკეპტიციზმს. 
 
ერთადერთი ძის დამკარგავს, მისი პატარა დიდი ოჯახის თავს დატეხილ უბედურებაშიც    ყოფნიდა ძალა ყოფილიყო უბრალოდ ადამიანის, ხშირად უცხოს გვერდით (საბედნიეროდ,  ამის ძალას  მისი მშვენიერი  მეუღლისა და ქალიშვილის თანადგომაც აძლევდა),  რაც შეეხება ზოგადად ზუგდიდს, მასზე უკეთ ზუგდიდს არავინ იცნობდა და გულშემატკივრობდა (საკმარისია გადაფურცლოთ მისი ,,ზუგდიდური ქრონიკები'').  
 
ზურაბ ცხონდიას თავისი კრიტერიუმები ჰქონდა, ამაზე მეტყველებს  ეს ამონარიდებიც მისი პუბლიცისტიკიდან:
 
,, ადამიანის მთავარი საზომი გემოვნება და ინტუიციაა. თუ არც ერთი „გერჩის“, და არც მეორე, ეს ტრაგედიაა. იწყება გადაფასებების ხანა. ყველა „სიკეთესთან“ ერთად დაბალი სოციალური ფონი უფუნქციოდ ტოვებს სამოქალაქო სივრცეში ცალკეულ სუბიექტებს. ასეთ დროს როგორ გინდა მაღალ მატერიებზე იფიქრო, იკითხო ბროდსკი და ელიოტი? სიღარიბე უწინაც იყო. ცოტას კითხულობდნენ. ისეთი პერიოდებიც გვქონდა, ფულის გამო რომ ყიდდნენ ახლობლებს. აი, ასეთი ქვეყანა ვართ. მაგრამ კარგი დროც ხომ გვახსოვს. სულიერი გახევების და გაუცხოების ეპოქაა ზოგადად დღეს. არამხოლოდ წიგნის, ზოგადად ყველაფრისადმი გულგრილობის მიზეზიც ეს არის.“
 
 „ოყაჯადოები დღესაც არიან“. ინდეფერენტული საზოგადოება კი საუკეთესო ცუდი მაგალითია საიმისოდ, „განდეგილობა“ არ მოგინდეს და მარტივად, დაუბრკოლებლად შეძლო „შემდგარ“, „შეუმდგარ“ თუ „შედგომის გზაზე“ მყოფ სახელმწიფოში სხვებთან ერთად თანამყოფობა, იქ,  სადაც „თითის“ გაშვერებს აირიდებ „სათვალიანი“, „დედიკოს ბიჭის“ მსგავსად, როგორც უცხო, შემთხვევით მოხვედრილი სხეული და განზე გაუმდგარობით გურამ დოჩანაშვილის თქმისა არ იყოს „ჩამომაინებულ საზოგადოებას“ „ფსევდო-სოლიდარობით“ შეეხიდები.''
 
,, სიძვირის გამო წიგნები ძნელადხელმისაწვდომია' – ზნეობრივი ამაღლების საკითხს სოციალური ფონის გაუმჯობესების გარეშე არ ეშველება“. ე.წ. „ჯაჭვური რეაქცია“ კი მოითხოვს მშობლის, როგორც ერთერთი წამყვანი რგოლის გააქტიურებას ცალკეული ღირებულებების გადაფასებისას.''
 
„ეჭვგარეშეა, განწყობა ინდივიდუალურად უნდა მომწიფდეს. თუკი მოზარდი რეალურად დაინტერესებულია, ვინმეს გამონახავს და შეეხიდება.“
 
ეს ციტატები ბევრ სხვა რამესთან ერთად იმასაც ხსნის, რატომ მიაშურა დათას დამკარგავმა მამამ ახალგაზრდებს – ეს იყო  ინსტინქტი მშობლისა და ინსტინქტი ქვეყნის შვილისა. 
 
 
ნონა ქობალია
 
 
წინა სტატიასკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების განრიგი ცნობილია
შემდეგი სტატიაჯიხაშკარის საარჩევნო უბნების დარბევაში მონაწილე გია მხეიძეს დღეს სამწლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური