იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი თანამდებობას ტოვებს. ოფიციალური ინფორმაციით ის დეკრეტში იმყოფება, თუმცა, უწყებაში აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ რომ ქალბატონი წულუკიანი უკან ვეღარ დაბრუნდება. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით პრესა.ჯი ავრცელებს.
პარალელურად, სახელმწიფო კანცელარიაში უკვე მსჯელობენ იმის შესახებ, თუ ვინ შეცვლის ბოლო დროის ერთერთ ყველაზე უცნაურ მინისტრს, რომელიც ოპონენტების მიმართ ხშირად ზღვარგადასული აგრესიით გამოირჩეოდა.
ერთერთი ვერსიით, თეა წულუკიანი შესაძლოა მისივე მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ შეცვალოს.
მართალია, ბარამიძე, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლოში არც თუ წარმატებულად გამოვიდა, თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც არჩევანი „ცუდსა და უარესს“ შორის კეთდება…
რაც შეეხება ქალბატონი წულუკიანის „რბილად გაშვების“ მიზეზსს, პრემიერის ადმინისტრაციის წარმომადგენლის მიერ არაოფიციალურად გაჟღერებული ინფორმაციის მიხედვით, ის ტელეკომპანია რუსთავი 2-ისა და ვანო მერაბიშვილის საქმეებს უკავშირდება. წულუკიანმა ამ საქმეების ხელისუფლების სასარგებლოდ დასრულება ვერ შეძლო…
შეგახსენებთ რომ ცოტა ხნის წინ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი, რომლის მიხედვითაც რუსთავი 2 ხალვაშსს მიაკუთვნეს, ევროსასამართლომ უვადოდ შეაჩერა.
დიდი ალბათობით, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლო გაამართლეს შს ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილსაც, რომლის საქმესაც სტრასბურგში უახლოეს მომავალში განიხილავენ.
ვანო მერაბიშვილის გამართლება და მისი ციხიდან გათავისუფლება კი, საკმაოდ სერიოზული დარტყმა იქნება როგორც ხელისუფლებისათვის, ისე ქართული მართლმსაჯულებისათვის, რომელსაც არაოფიციალურად, სწორედ წულუკიანი კურირებდა.