ზურაბ ცხონდია გარდაიცვალა – ის იქცა ნაწილად სუბსტანციად განფენილი სულიერებისა, რომელიც ზუგდიდს აკრავს და იცავს

0
524
ზურაბ ცხონდია გარდაიცვალა. ზუგდიდელებს არ სჭირდებათ მისი ტიტულატურა ( ტიტულოვანი არც ყოფილა – არასოდეს ესწრაფვოდა ამას), უამისოდაც იცნობდნენ მას, ნათელი გონების კაცს, რომელიც ჯერ თავის თაობას ულამაზებდა ცხოვრებას ღრმა ინტელექტით,  ადამიანისადმი არააფიშირებული სიყვარულითა და, საზოგადოდ, განუმეორებელი პიროვნული ხიბლითა და ღირსებით,  ხოლო შემდეგ ახალი თაობებისთვის იქცა ლიტერატურისა და ხელოვნების  მეტრად და მაესტროდ. ის დღეს თავის ერთადერთ ძესთან – დათასთან წავიდა, მაგრამ რჩება  ზუგდიდშიც, როგორც ნაწილი სუბსტანციის სახით განფენილი სულიერებისა, რომელიც ამ ქალაქს აკრავს და იცავს.   ქალაქს ასეთი ადამიანები აშენებენ. ქალაქის სტატუსს ასეთი ადამიანები ქმნიან. 
 ვაქვეყნებთ  ზურაბ ცხონდიას მოწაფის, ლიტერატურული საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი   ახალგაზრდა მწერლის ზვიად კვარაცხელიას ესსეს, როგორც  შეხებას  სამყაროსთან, რომელმაც ზურაბ ცხონდია შექმნა, და ზურაბ ცხონდიასთან, რომელმაც თავისი სამყარო შექმნა. 
 
ნონა ქობალია
 
 
 
ტაიტიშა ინტუ
(ზვიად კვარაცხელიას ესსე)
 
ამასწინათ მარიკა ბაკურაძემ გამახსენა: შარშანწინ, ოქტომბერში, ამსტერდამის ერმიტაჟში, პოლ გოგენის ნამუშევრების თვალიერებისას გამიხმოვანებია ზურაბ ცხონდიას ის სიტყვები, რომელიც მან იმპრესიონიზმზე და იმპრესიონისტებზე საუბრის დროს წარმოთქვა.
 
იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს სამშაბათობით კულტუროლოგიის ლექცია გვიტარდებოდა და ლექტორის ბრწყინვალე ორატორობის, მაღალი ერუდიციისა და რაც მთავარია, ამა თუ იმ ურთულესი საკითხის მარტივად, ყველასათვის გასაგებ ენაზე გადმოცემის გამო, აუდიტორია მუდმივად სავსე იყო. 
 
და სწორედ მაშინ, როცა ზურაბ ცხონდია ხელოვანის და, კონკრეტულად კი მხატვრის ბედისწერაზე საუბრობდა, უცებ პოლ გოგენის სახელი ახსენა.
– პრივილეგირებული იყო, კაცო… მუთუნ ვარკუდ! წარმომავლობა, ოჯახი, სამსახური, ბედნერო რდუ ჩილ დო სკუაწკუმა. მარა ართუცბას გემნართუ ტვინქ, ასე არ გამოვაო, მიატოვა ყველაფერო დო… ტაიტიშა ინტუ!
 
მეეჭვება ვინმეს ამ კუთხით, ასეთი შერეული ლექსიკითა და ემოციით გადმოეცეს ერთი დიდი ხელოვანის მთელი ბიოგრაფია ისე, რომ ის ერთნაირად საინტერესო ყოფილიყო მათთვისაც, ვისაც გოგენის რეპროდუქციები ძვირფას ალბომებში და ინტერნეტში არაერთხელ ენახა, და მათთვისაც, ვისაც პირველად ესმოდა ეს სახელი.
 
კუნძულ ტაიტიზე გაქცევა („მივემგზავრები ტაიტიზე და ალბათ სიცოცხლესაც იქ დავასრულებ” – როდენისადმი მიწერილი ბარათიდან) განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი აღმოჩნდა გოგენისთვის. ეს არ იყო მხოლოდ თანამედროვე ცივილიზაციისთვის ზურგის შექცევა (სადაც თავის რჩენა და დამკვიდრება გაუჭირდა), ეს უფრო ახალი გზის, ცხოვრების წესისა და პერსონაჟების ძიებასა და აღმოჩენას ნიშნავდა. 
 „ტაიტიშა ინტუ” ალბათ იმიტომაც დაამახსოვრდა ბევრ სტუნდეტს (და მათ შორის მეც), რომ სალექციო ტერმინოლოგიისგან მკვეთრად განსხვავდებოდა და ამ ეგზოტიკურობით კი არ აკნინებდა მთხრობელს ან იმ საგანს, რაზეც ლექტორი საუბრობდა, არამედ უფრო მისაღებს ხდიდა. 
 
არასოდეს დამავიწყდება ზურაბ ცხონდიას მონოლოგი ქვეცნობიერზე, სადაც მისალმების შემდეგ, პირველ წინადადებაშივე მიგვახვედრა, რომ რაღაც ძალიან რთული გველოდა წინ:
– დაანაწევრეს ადამიანის ფსიქიკა ფროიდმა, იუნგმა, აქეთ დოსტოევსკიმ, ტოლსტოიმ, ჯოისმა, ფოლკნერმა… – მერე, ეტყობა, არ ეყო მეტაფორები, – დოხის, ფია-ფიათ ეკიღეს! ქვეცნობიერი, არაცნობიერი, კოლექტიური ცნობიერება, ცნობიერების ნაკადი დო მუში წაულა!
 
ეს „მუში წაულა” თითქოს იმას გულისხმობდა, რომ რისი ბოლომდე ახსნაც კაცობრიობის მოაზროვნეთა საუკეთესო ნაწილმა ვერ შეძლო, ამ ეტაპზე არც ჩვენ უნდა მოგვენდომებინა. ჯობდა, ჯერ მათი აზრი, მიგნებები, დაკვირვებები გაგვეგო.
მაშინ კი გულიანად გვეცინებოდა და შეიძლება გვიკვირდა კიდეც ჩვენი ლექტორის შეთამამება დიდებულ ხალხთან, მაგრამ ნელ-ნელა დავრწმუნდით, რომ ასეთ დროს იუმორის მოშველიების გარეშე არაფერი გამოვა. თუმცა რაღა მოშველიების – იუმორის ნიჭი ან გაქვს, ან არა!
 
ის გადაჭედილი აუდიტორია, სადაც ზურაბ ცხონდიას ერთ ლექციაში შეეძლო ჩაეტია მარტინ ჰაიდეგერიც და შალვა ნათელაშვილიც, ყველაზე უკეთ განასახიერებდა რეალობას: ამღვრეულ, დინამიურ დროს, ცოცხალ პროცესს. იქ კი გაუმართლებელია ზერელე დამოკიდებულება, რაღაცების ევფემიზება, დაქარაგმებულად მიწოდება იმ სტუდენტისადმი, რომელსაც ყველაფერი ერთნაირად აღელვებს, ინტერესით ისრუტავს ყველაფერს. არც მასწავლებლის მხრიდან წონასწორობის შენარჩუნებაა ადვილი – მოსწავლეს/სტუდენტს შენი აზრი რომ არ მოახვიო, მის თავისუფალ სამყაროზე იდეოლოგიური მანქანები არ მიუშვა. მაგრამ დამეთანხმებით, ნამდვილი პროფესიონალი ამას ახერხებს.
 
სასწავლო საგნის ყოფით ცხოვრებაში შემოტანა, გაადამიანურება ალბათ დიდხანს დარჩება ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის სუსტ მხარედ. ენობრივი კლიშეებისა და სტერეოტიპების რღვევა ერთეულების საქმეა, მაგრამ იქნებ უფრო მეტად დაგვეფასებინა ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად იმის ცდაში არიან, მშრალ ინფორმაციაზე ბევრად მეტი მიაწოდონ მოსწავლეს/სტუდენტს.
 
პირადი გამოცდილება, ინტელექტი და თანამედროვედ ყოფნის სურვილი – ერთი სიტყვით, პროფესიონალიზმი – მათ სხვა არჩევანს არ უტოვებს. 
 
 
 
წინა სტატიაგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი სუპერმარკეტ „სპარის“ დაჯარიმების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაქუთაისის სკოლაში ჭერი ჩამოინგრა, გაკვეთილზე ამ დროს 30 ბავშვი იმყოფებოდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური