სერგეი ლავროვი სოხუმში რუსეთის საელჩოს ახალი კომპლექსის გახსნის ცერემონიალის შემდეგ ,,ბრეხალოვკას'' სახლით ცნობილ კოლორიტულ ყავახანას ესტუმრა.
ჩვეულებრივი ამბავია – კაცი თავის მეორე სახლში ( ასე უწოდა გუშინ მან სოხუმს) ნება – ნება მიირთმევს ყავას და აფხაზეთის მომავალზე ესაუბრება ,,ველურ კავკასიელებს''. ლაყბობა თავისუფალ აფხაზეთზე, რომელიც დიდი რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია და რამდენიმე წელიწადში მისი დახმარებით ეკონომიკურ სასწაულად უნდა იქცეს, უხდება და ასეც მოუხდება ,,ბრეხალოვკას'', მაგრამ დღევანდელს და არა ომამდელს, სადაც ქართველები ჭიქა ყავასთან მსჯელობდნენ ყველაფერზე დაწყებული საფეხბურთო პერიპეტიებით, დამთავრებული ზოგადსაკაცობრიო პრობლემებით.
სარკაზმი და ირონია კარგი საშუალებაა ნოსტალგიის ტკივილების მოსყრუებლად, მაგრამ ჩვენს ბრეხალოვკაზე გოგოლის რევიზორის პოზაში მჯდარი ლავროვის ყურება მაინც ძნელი საყურებელია, როცა ამ კაფეს მამშვენებელი სოხუმლი პოეტები და მხატვრები, უბრალოდ სოხუმელები ერთმანეთის მიყოლებით მიდიან ზეცაში და თან მიაქვთ მოგონებები ზღვაზე, რომელიც ასე ახლოა და ასე შორს.
ნანა ლობჟანიძე სოხუმელია. იგი ძველ ,,ბრეხალოვკას'', სოხუმის ქართულ- აფხაზურ კაფეებს იგონებს, და არამხოლოდ კაფეებს…
3 წლის ილიუშამ დედა თეატრში გაუშვა და ჩემთან დარჩა. თეატრიდან მობრუნების შემდეგ კი, დაპირებისამებრ, ყველა ერთად „ლუკა პოლარეში“ ნაყინის საჭმელად წავედით. ნაწვიმარი იყო, თუმცა მაინც თბილი საღამო იდგა და ნაყინის მოყვარულთა უმრავლესობა გარეთ მიირთმევდა სხვადასხვა ფერის გემრიელ ბურთულებს.
ჩვენ ნუშის და კარამელის ნაყინი, მოცხარის ჩიზქეიქი და ცხელი შოკოლადი შევუკვეთეთ. მერე მოხერხებულად მოვკალათდით ერთ-ერთ მაგიდასთან ნახევრად ცარიელ კაფეში. ილიუშა ხარბად მიირთმევდა თავის ულუფა ნაყინს და ცალი თვალი ლევანიკოს ნაყინისკენ გაურბოდა. მე და მაკა ათას ამბავს ვუზიარებდით ერთმანეთს და ცხელ შოკოლადს ვწრუპავდით. უცებ ლევანიკო მეკითხება:
– ნააან, თქვენს ბავშვობაში ფერადი ნაყინები იყო?
ჩვენს ბავშვობაში? ნაყინი? ფერადი?
ჩვენს ბავშვობაში ნაყინთან ერთად ზღვაც იყო, კიდევ პალმები და გრძელი ბულვარი აკაციის და მაგნოლიის დამათრობელი სურნელით. რამდენი რამე გამახსენა ლევანიკოს შეკითხვამ…
ლევანიკოს და ილიუშას დედა – მაკა – ჩემი უმცროსი დაა. ჩვენ სოხუმში, ზღვის სანაპიროზე, ენგელსის ქუჩაზე ვცხოვრობდით. როცა მშობლები სამსახურში იყვნენ, ჩვენ კი, სკოლიდან ახალმობრუნებულებს, ნაყინი მოგვინდებოდა, ჯიბეებიდან ხურდებს ამოვქექავდით, მოვაგროვებდით მანეთს და სახლის ‘ჩუსტებში’, შინაურულად წავფლატუნდებოდით ხოლმე სასტუმრო „აფხაზეთში“.
ქათქათაკედლებიანი, მომრგვალებული ფორმის სასტუმრო აივნებით ძირითადად, უცხოელ სტუმრებს მასპინძლობდა.
სასტუმროს პირველ სართულზე ღია ვერანდა იყო, ეგზოტიკური მცენარეებით მორთული აივნის რიკულებით, წითელი რბილი სკამებით, ვერცხლისფერი რკინის მაგიდებით და მსოფლიოში უგემრიელესი ნაყინით. წეროებივით მაღალ, ვერცხლისფერ ფეხზე შემომდგარი ნაყინის ჭიქები ბარის მაგიდაზე იწონებდნენ თავს.
გამყიდველს შეკვეთას რომ მისცემდი, ხელის სწრაფი მოძრაობით ახდიდა ხოლმე თავს რკინის ჯამს, წყალში დაასველებდა მომრგვალებულ კოვზს და ერთ ულუფა ნაყინს ამოჭრიდა. შემდეგ გახეხილ თხილს, შოკოლადს და რაღაც მურაბას მოასხმდა.
მე დარწმუნებული ვარ, ოლიმპოს მთაზე ღმერთები დესერტად ასეთ ნაყინს მიირთმევდნენ!
როგორც პრომეთემ მოპარა ზევსს ცეცხლი და ხალხს ჩამოუტანა, ალბათ ისე მოიპარა სასტუმრო „აფხაზეთმა“ ამ ნაყინის რეცეპტი და სოხუმელებს ჩამოგვიტანა.
კაფეში ძალიან მოდურად ჩაცმული, გაპრანჭული კაცები და კიდევ უფრო გაპრანჭული ქალები დადიოდნენ ხოლმე, აბოლებდნენ სიგარეტს და საუბრობდნენ.
მე და მაკა ყოველთვის ერთ ჭიქა ნაყინს ვუკვეთავდით, და ორივე ამ ერთი ჭიქიდან ვჭამდით ოლიმპოს ღმერთების დესერტს.
ასე უფრო მოგვწონდა.
რამდენიმე წელიწადში სასტუმრო „აფხაზეთის“ ნაყინს კონკურენტი გამოუჩნდა. ზღვისპირა ღია კაფე „პინგვინში“ ქვეყნიერების მერვე საოცრება, ფერადი ნაყინი გამოჩნდა.
ამ დროს ჩვენ უკვე ჭანბას ქუჩაზე ვცხოვრობდით ბებოს და ბაბუს დიდ სახლში. სახლი „პინგვინიდან“ საკმაოდ მოშორებით იყო და ამიტომ დამოუკიდებლად კაფეში წასვლას ვეღარ ვახერხებდით. მახსოვს, როგორ ვითვლიდით წამებს მე და ჩემი და მამაჩემის სამსახურიდან დაბრუნებამდე, მახსოვს როგორ ვცქმუტავდით სანამ ის ვახშმობდა და სულაც არ გვაინტერესებდა დაღლილი იყო თუ არა. ვახშმის შემდეგ კი, ჩავავლებდით ხელს და „პინგვინში“ მივდიოდით ნაყინის საჭმელად. ფერად ბურთულებს ხრაშუნა ჭიქებში ათავსებდნენ. განსაკუთრებულად პიტნის ნაყინი მიყვარდა. ჩემს რიგს მოთმინებით ველოდი და ნეტარებისგან უკვე მაშინ ვდნებოდი, გამყიდველს შეკვეთას რომ ვაძლევდი – „3 ბურთულა პიტნის ნაყინი, გეთაყვა“. მამაჩემი ცივ ყავას უკვეთავდა, სოხუმში „გლიასეს“ სახელით ცნობილს.
იქვე ბულვარში ვსხდებოდით, „პინგვინის“ ნაყინით ვიყოყლოზინებდით ყელს და თან თევზის დაჭერისას თოლიების მიერ ჩადენილ „გმირობებს“ ვადევნებდით თვალს. ამასობაში მოსაღამოვდებოდა. ჩვენ აუჩქარებლად გავუყვებოდით სოხუმის ბულვარს.
მამას ორივე მხრიდან ამოვუდგებოდით, ათას ბავშვურ სისულელეს ვუყვებოდით, ერთმანეთს ლაპარაკს არ ვაცდიდით… ხვალაც ხომ შევჭამთ ნაყინს-თქო, ვითანხმებდით.
ასე რომ, ჩემო ლევანიკო, ფერადი ნაყინი სოხუმში იყო, კიდევ ზღვა იყო, თოლიები და პალმებიც იყო…
იყო და არა იყო რა…
დღეს ხშირად ვფიქრობ ხოლმე, ნეტა ახლა როგორია სოხუმის ბულვარი, რა ხდება „ბრეხალოვკაზე“, ან ჩემს საყვარელ კაფე „პინგვინში“.