ქუთაისიდან პარლამენტის გადატანის საკითხი ფაქტობრივად გადაწყვეტილია

0
397
პარლამენტის ადგილსამყოფელი კონსტიტუციით განსაზღვრული აღარ იქნება. საქართველოს კონსტიტუციაში არსებულ ჩანაწერს, რომლის მიხედვით, პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი ქუთაისი, კონსტიტუციიდან იღებენ.
 
„დღევანდელ შეხვედრაზე აღნიშნული საკითხი კიდევ ერთხელ გავიარეთ. უმეტესობის აზრი იყო, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელად ჩაწერილიყო ქალაქი თბილისი ან საერთოდ არაფერი და აღნიშნული საკითხი პარლამენტის რეგლამენტით მოწესრიგებულიყო. საერთო სულისკვეთება არის ასეთი რომ, პარლამენტის ადგილმდებარეობის შესახებ ჩანაწერი კონსტიტუციიდან საერთოდ იყოს ამოღებული და არც ერთი ქალაქი არ იყოს ნახსენები, ისე როგორც არაფერია კონსტიტუციაში ნათქვამი პრეზიდენტის ადგილსამყოფელსა და მთავრობის ადგილსამყოფელზე. ამ აზრს მოწინააღმდეგე არ ჰყოლია. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საკითხი მხოლოდ ფორმალურ გადაწყვეტას საჭიროებს, არსებითად კი გადაწყვეტილია“, – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა.
 
პარლამენტის ადგილსამყოფელის შესახებ კონსტიტუციაში მოსალოდნელ ცვლილებებს სხვა პოლიტიკოსებიც ეხმაურებიან.
 
ზვიად ძიძიგური: ქვეყანას ორ სხვადასხვა ქალაქში განთავსებული პარლამენტი არ სჭირდება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს არის ძალიან მძიმე ფინანსური ტვირთი.  კონსტიტუციაში არც ერთი ქალაქი არ უნდა იყოს მითითებული. ამასთან, თუკი კონსტიტუციაში გაქრება ჩანაწერი, რომლის მიხედვით პარლამენტის ადგილსამყოფელად ქუთაისი მითითებული აღარ იქნება, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში გადმოვა. ამაზე გადაწყვეტილებას მმართველი გუნდი მიიღებს”
 
ხათუნა გოგორიშვილი: დაპირება, რომელიც მმართველმა გუნდმა ქუთაისელებს მისცა, ტრანსფორმირდა. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენი წინააღმდეგობის მიუხედავად, პარლამენტი ქუთაისში აღარ დარჩება. კომისიის წევრთა უმრავლესობამ ჩვენი პოზიცია არ გაიზიარა”.
 
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი:  ჩემი აზრით,  პარლამენტის ადგილსამყოფელად კონსტიტუციით ორი ქალაქი – თბილისი და ქუთაისი უნდა განისაზღვროს.  ამით კონსტიტუციაში აისახება ის რეალობა, რომელიც სადღეისოდ არსებობს, როცა პარლამენტი საქმიანობს როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში.  
წინა სტატიამიხეილ სააკაშვილი: პუტინის ზიზღის მიზეზი მისი სიმამაცე იყო
შემდეგი სტატია„არაფერია ნამდვილი და ყველაფერი შესაძლებელია: მოგზაურობა თანამედროვე რუსეთში“ – წიგნის პრეზენტაცია ზუგდიდში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური