მამუკა ცხადაიას ქარიზმა – მხატვარი, არისტოკრატი, სევდიანი ღიმილით…

0
444
მამუკა ცხადაია –  ახალგაზრდა  ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრის მხატვარი… შემოქმედი,  რომელსაც არ დასცალდა ბოლომდე ეთქვა თავისი სიტყვა  თანამედროვე  ქართულ მხატვრობაში, რომელიც უსათუოდ წონადი იქნებოდა – მისი   შემოქმედებითი პოტენციალი  ხელშესახებად იგრძნობა იმაშიც, რაც მოასწრო, სანამ 90 – იანი წლების სუსხი შეეხებოდა… 
 
მამუკა ცხადაიას მხატვრობა  ამ ნათელი ჭაბუკის სულის გამოძახილია –  ინტელექტი, რომლის გარეშე ვერაფერი შეიქმნება ფასეული,   მონუმენტურისა და დეკორატიულის სინთეზი, უშუალობის განცდა… მისი ღრმა შინაგანი ცხოვრება –  მარტივი სიღრმე თუ პირიქით, სიღრმის სიმარტივე, პარალელური სამყაროები, ტკივილი, პოზიტიური, თუმც კი სევდით დაფერილი მსოფლგანცდა და პლანეტარული სიყვარული …
 
მისი ადრეული ნამუშევრები ძირითადად  კუბიზმის, აბსტრაქციონიზმისა და ექსპრესიონიზმის სტილშია შესრულებული, ის დაუღალავად ეძებს საკუთარს, რაც ამავე დროს საზოგადოს ნიშნავს, რადგან თანდათან პოულობს   საკაცობრიო და ქართული საზრისის შერწყმის წერტილს, გადამკვეთ ხაზებს და  საიდუმლოს, რაც მშობლიურის, ქართულის თანამედროვე სამოსელში გამოხატვის საშუალებას აძლევს.
 
მამუკა ცხადაიას მხატვრობაში განსაკუთრებით თვალში საცემია ექსპრესია როგორც კოლორიტის, ისე შინააარსობრივი  თვალსაზრისით,  კომპოზიციები, სიუჟეტები და სახეები , რომლებიც ასეთი მოულოდნელი, საყვარელი და ყოველთვის მნიშვნელოვანია, რადგან სხვისთვის უხილავია, სანამ ამ ნახატებში არ წააწყდებოდეს.
 
დღეს, სამწუხაროდ,  მხოლოდ მისი მშობლიური სახლია  ერთადერთი ადგილი, სადაც მისი ნახატების ნახვა შეიძლება,  ამიტომ ზუგდიდს მამუკა ცხადაია, როგორც მხატვარი,  სახელს  გამოდევნებულ ადამიანთა შეჯიბრში თუ შემოქმედის ტრადიციული დაუფასებლობის ატმოსფეროში ჩაეკარგა, თუმცა კი იგი ბევრს ახსოვს სხვა რაკურსით – ულამაზესი, დახვეწილი ახალგაზრდა კაცი, რომლის სიახლოვეს ბოროტება, სულმოკლეობა  და უტიფრობა ვერ ხარობდა,  და ეს არა იმიტომ, რომ თავად ებრძოდა ვინმეს,  უბრალოდ, ისეთი ძალის  სულიერ სილამაზეს ასხივებდა, რომ მის ფონზე  სხვათა წვრილმანი ვნებები და თამაშები  უფერულდებოდა.
 
მამუკა ცხადაიაზე, სამწუხაროდ, ცენტრალური მედია მეტს წერს, ვიდრე მისი მშობლიური ქალაქისა. ნარკვევი, რომლის ფრაგმენტს ქvემოთ გთავაზობთ, სწორედ თბილისური მედიის პუბლიკაციებიდანაა:
 
,, სტუმრად ვარ ცხადაიების ოჯახში. ელისო ცხადაიასთან. მის ძმას, მამუკა ცხადაიას ვიცნობდი. მხატვარი იყო. არისტოკრატი, სევდიანი ღიმილით, უყვარდა ყველას… რაღაც სხვანაირ ქარს ატარებდა.
მოლბერტზე დარჩა დამთავრებული ტილო ცისფერებში გადაწყვეტილი, სახაზავ დაფაზე დაკრული – ბოლო პროექტის ბოლო ნახაზი დაუმთავრებელი. მაგიდაზე დაყრილი ესკიზები და ნახატები.
საოცრად თავმდაბალი. ვერ იტანდა ჩარჩოებს, დოგმებს, ერთფეროვნებას… 
მას ჰქონდა რაღაც ისეთი, რასაც ერთ სიტყვაში ვერ ჩაატევ. რაღაც ძალიან უბრალო, გასაგები და ამავდროულად ბრძნულიც. ცხოვრების ფილოსოფიაც ხომ ესაა – ერთ უბრალო წყლის წვეთში შეიძლება იპოვო ის, რასაც ასიათას ოქროდაც ვერ იყიდი, ხოლო ამ წვეთის აღმოჩენა და დანახვა ყველას არ შეუძლია..
მამუკას ბევრი საინტერესო წერილი დარჩა, ნოველები, მინიატურები, ლექსები… ხატავდა ღამით, სიწყნარეში, ზოგჯერ გათენებამდე, მუსიკის ქვეშ…

 უყვარდა ჰემინგუეი, უყვარდა მოგზაურობა, მეგობრები, წერა, წიგნი, ჩოგბურთი… უყვარდა თავისი მშობლიური ქალაქი ზუგდიდი, შემდეგ თბილისი. თავისი სახელოსნო, სამხატვრო აკადემია, ხუროთმოძღვრების ფაკულტეტი, თბილისში ცხოვრებისა და მუშაობის წლები…
მშობლიური ქალაქის რეკონსტრუქციის ოცნება აუხდენელი დარჩა. აუხდენელ ოცნებად დარჩა ზუგდიდის კარიბჭის აღმართვა, მხატვრის სახლის შექმნის იდეა, ბავშვთა ქალაქის გაშენება, საკუთარი ნამუშევრების გამოფენა, დაოჯახება… ხატავდა თავისთვის, მღეროდა თავისთვის და წერდა თავისთვის…'' ( გაზეთი ,,24 საათი'')   
 
,,ოდიში ნიუსი'' დასძენს,  რომ მამუკა ცხადაია,  რა თქმა უნდა, ქმნიდა   ჩვენთვისაც… მაგრამ რამდენადა ვართ მზად  ,,ჩვენ'', თუნდაც მისი ქალაქის მკვიდრნი, ყური და თვალი მივაპყროთ მას, მომავალი გვიჩვენებს.
 
ახლახან  ახლობლებმა მამუკა ცხადაიას   დაბადების დღე აღნიშნეს, არადა,  ის გაცილებით მეტს იმსახურებს და ასეც მოხდება, როცა  მისი სახელის გარშემო მდუმარება გაირღვევა, დასაწყისისთვის, თუნდაც საქალაქო გამოფენით.  
 
 ,,ოდიში   TV''  – ის გადაცემა ციკლიდან ,,თეზისი'', რომლის ავტორია ნიკა ლაშხია,   ამ მდუმარების გარღვევის პირველი ცდაა.
 
 
 
 
წინა სტატიალევან ყარამანიშვილი: ,,არანარი შუამავალი შპს-ს მონაწილეობა არ განიხილება – ხვალიდან გადავდივართ რუსთავი 2 -ის კოლექტივთან პირდაპირი კონსულტაციების რეჟიმში”
შემდეგი სტატიამოსკოვის ანტიკორუფციულ აქციაზე დაკავებულთა რიცხვმა ექვსასს გადააჭარბა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური