ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს, სავარაუდოდ ნატალია შეროზია უხელმძღვანელებს

0
419

ორშაბათს, ქალაქ ზუგდიდის საკრებულო ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. არსებული ინფორმაციით, მმართველ გუნდში კანდიდატურაზე შეჯერდნენ და უწყებას ნატალია შეროზია უხელმძღვანელებს, რომელიც ამ დრომდე ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიას ხელმძღვანელობს.

Odishinews აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას შეეცადა. პირველ რიგში ჩვენ თავად ნატალია შეროზიას დავუკავშირდით, თუმცა პირმა, რომელმაც ტელეფონზე გვიპასუხა, გვკითხა თუ ვინ ვიყავით. ტელერადიოკომპანია "ოდიშის" ხსენების შემდეგ, მოპასუხემ გვითხრა, რომ "ნატალია გასულია" და გვთხოვა დაგვერეკა მოგვიანებით. მოგვიანებით, იგივე ნომერზე გვითხრეს, რომ "ნატალია შეროზია იმყოფება შეხვედრაზე".

ჩვენ ასევე საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" ხელმძღვანელს კარლო ღადუას დავუკავშირდით, რომელმაც დაადასტურა, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე მმართველი გუნდი ნატალია შეროზიას კანდიდატურას დააყენებს და მხარსაც დაუჭერს.

"ქალბატონი ნატალია [შეროზია] გახდება ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე, კი, ნამდვილად. როგორც პარტიაში, ასევე ფრაქციაში ასეთი გადაწყვეტილებაა, რომ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი კანდიდატურა იქნას დასახელებული" – აღნიშნა ჩვენთან სატელეფონო საუბარში ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ კარლო ღადუამ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ამ დრომდე გიორგი თოდუა ასრულებს. მან ჩვენთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომა ორშაბათს, 27 მარტს გაიმართება

"საკრებულოში, ჩემ სახელზე შემოსულია წერილი, რომელსაც ხელს აწერს საკრებულოს 5 წევრი და ითხოვენ რიგგარეშე სხდომას. მე ორშაბათისთვის ჩავნიშნე სხდომა. საკრებულოს ხუთმა წევრმა უწყების ხელმძღვანელის თანამდებობაზე ნატალია შეროზიას კანდიდატურა წარადგინა" – ამბობს ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი თოდუა.

ცნობისთვის, ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას მერაბ ქვარაია იკავებდა, რომელიც ამჟამად მმართველი გუნდის ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი-დეპუტატია საქართველოს პარლამენტში. 

წინა სტატიაფინეთის ელჩმა ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობაზე ზუგდიდში ისაუბრა
შემდეგი სტატიაყარამანიშვილები მზად არიან ტელეკომპანია „საქართველოს“ აქციების საკონტროლო პაკეტი „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებს გადასცენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური