ივანიშვილის დენდროლოგიურ გატაცებას ახლა უკვე არქეოლოგებიც ეხმაურებიან – მათ სადაოდ არ ეჩვენებათ, რომ სამუშაოების გაგრძელების შემთხვევაში ივანიშვილის ასწლოვანი ხეები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ათასწლოვან ნაშთებს შეიწირავს.
საუბარია ბობოყვათის რეზიდენციაზე, სადაც ხეებს ზუსტად იქ თხრიან, სადაც მე-5-6 საუკუნეებით დათარიღებული სასახლის ნაშთებია აღმოჩენილი.
პეტრა-ციხისძირის არქოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი (1983-1989, 2001 წლები) ნინო ინაიშვილი ამბობს, რომ ბობოყვათში გამოვლენილი ანტიკური და ადრებიზანტიური ხანის არქეოლოგიური ძეგლები ძალზე მნიშვნელოვანია არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობის ანუ ჩვენი წინაპრების ანტიკურ და ბიზანტიურ ცივილიზაციებთან ურთიერთობების კვლევის შესასწავლად, არამედ ეს ძეგლები იძლევა უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას თვით ამ ცივილიზაციების შესწავლისათვის, კულტურული მიღწევებისა და ურთიერთგაცვლის პროცესების შესწავლისათვის, რასაც ადგილი ჰქონდა შავი და ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში ანტიკურსა და ბიზანტიურ ხანაში ანუ იმ ცივილიზებულ სამყაროში, რომელსაც ჩვენ ვეკუთვნოდით.
არქეოლოგიური ძეგლები არის ბობოყვათის ყოფილი სამთავრობო რეზიდენციის ( იგი აწ უკვე საპატრიარქოსათვის არის გადაცემული) მთელ ტერიტორიაზე და მის ჩრდილოეთითაც (ყოფილი დასასვენებელი სახლის „სტრაიტელის“ ტერიტორიაზე აღმოჩენილია მარნის ნაშთები), შესაძლოა მდ. დეხვას შესართავამდე.
ისინი სხვადასხვა პერიოდისაა _ დაწყებული დიუნური სამოსახლოთი (ძვ.წ.მე-8-მე-7 სს.), ქრონოლოგიურად მას მოსდევს ადრეანტიკური-ელინისტური ხანის სამაროვანი (ძვ.წ. მე-6 ს ბოლო-მე-2 საუკუნეები, რომელიც ძველი დიუნის ზოლს გასდევს, მისი გავრცელების საზღვრები არ არის დადგენილი, შესწავლილია მხოლოდ მცირე მონაკვეთი; ახ.წ. მე-4-6 საუკუნეების არქიტექტურული ნაგებობები: ორი აბანო, სასახლე და ეკლესია. ერთი აბანო მდებარეობს რეზიდენციის შენობიდან 3 მ-ის დაშორებით, მეორე მისგან აღმოსავლეთით, 70 მ-ის დაშორებით (იგი ამჟამად დამარხულია); სასახლე გაითხარა ამ ტერიტორიის ცენტრალურ ნაწილში და 600 კვ.მ. ფართობს მოიცავს. ეკლესიის ნანგრევები კი მდებარეობს ტერიტორიის ჩრდილოეთ ნაწილში, მისი ნაწილი შემომზღუდავი ღობის გარეთ ხვდება.
გამოვლენილი ძეგლების ტოპოგრაფია (ე.ი. გავრცელება) მიუთითებს იმაზე, რომ არქეოლოგიურად შესასწავლია მთლიანი ტერიტორია, უკვე შესწავლილის გამოკლებით, რომელიც ძალზე მცირე ნაწილია.
უკვე გამოვლენილი ძეგლები და არქეოლოგიური არტეფაქტები ციხისძირის მიდამოებში შესწავლილ სხვა ძეგლებთან (პეტრას ციხე) კონტექსტში საკმარისზე მეტია იმისათვის, რომ არქეოლოგებს გვქონდეს დასაბუთებული ვარაუდისა იმისა, რომ აქ კიდევ ბევრი საინტერესო აღმოჩენაა მოსალოდნელი. საქართველოს ისტორიისათვის ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს ზღვისპირეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაქალაქარის მეცნიერული შესწავლა, რომელიც უნდა ეყრდნობოდეს არქეოლოგიური მონაცემებს.
ბობოყვათის შემსწავლელები ავლენენ პარალელს: გონიო-აფსაროსი, სოხუმი-სებასტოპოლისი, პიტიუნტი-ბიჭვინთა, ასევე ქრონოლოგიურად და ტიპოლოგიურად მსგავს ძეგლებთან, რომლებიც აღმოჩენილია ყირიმის სანაპიროზე, შავი ზღვის, ეგეოსისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში.
არქეოლოგების მოწოდების საპასუხოდ ბობოყვათსა და მის არეალში ჩატარდეს უფრო მასშტაბური სამუშაოები, ბიძინა ივანიშვილმა არქეოლოგიური გათხრების ნაცვლად ხეების მოთხრა და მათი გადატანისათვის გზების გაჭრა დაიწყო.
ასწლოვანი ხეების გადატანის პროცესი აუცილებლად გამოიწვევს უკვე გამოვლენილი და ჯერ კიდევ აღმოსაჩენი არქეოლოგიური ძეგლების განადგურებას.