2017-2018 სასწავლო წლისთვის სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების ე.წ უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი, მთავრობის შესაბამისი დადგენილებით უნდა გაიწეროს. აბიტურიენტების რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, თუმცა ამ დრომდე არ არის ცნობილი უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ 20 მაისამდე მაინც გახდება ეს სია ცნობილი, რადგან სწორედ ეს დროა ბოლო ვადა, როცა აბიტურიენტებს საკუთარ არჩევანში ჩასაბარებელი საგნების სიის შეცვლა შეუძლიათ.“ჯერ–ჯერობით ველოდებით მთავრობის დადგენილებას, როცა იქნება მაშინ გამოვაცხადებთ. მიმდინარეობს მსჯელობა გადაიხედოს, თუ არა გასულ წლებში არსებული ჩამონათვალი. თუმცა, მე თუ მკითხავთ, გაცილებით კარგი იქნებოდა ეს ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის ხელმისაწვდომი მანამდე ყოფილიყო, სანამ რეგისტრაცია დაიწყებოდა. იმედი მაქვს 20 მაისამდე გაირკვევა ეს საკითხი, რადგან სწორედ ამ დრომდე შეუძლიათ აბიტურიენტებს შეცვალონ საგნების ჩამონათვალი. გვინდა თუ არ გვინდა, რეგისტრაციის დროს აბიტურიენტი ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს 20 მაისამდე გაირკვევა,” – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.მთავრობას შესაბამისი ჩამონათვალი და დაფინანსების ოდენობა დასამტკიცებლად განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნდა გადაუგზავნოს. სამინისტრო უახლოეს მომავალში მიიღებს გადაწყვეტილებას.
აბიტურიენტების რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, თუმცა ამ დრომდე არ არის ცნობილი უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი.
Published on