გიორგი კვირიკაშვილი კვლავ მტკიცედ რჩება პოზიციაზე, რომ რუსთავი 2 -ის საქმე ორ კერძო სუბიექტს შორის დავას წარმოადგენს და ევროპელი პარტნიორების შიშები გაზვიადებულია

0
373
 ჩვენ აქამდეც ვაცხადებდით, რომ ეს არის ორ კერძო სუბიექტს შორის დავა და სწორედ ამ ჭრილში გაგრძელდება ეს პროცესი, – განაცხადა იტალიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავის შემაჯამებელ გამოსვლაში  „რუსთავი 2“-ის საქმის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ. 
 
,, ვფიქრობ, შიშები, რომელიც აქვთ ჩვენს პარტნიორებს, არის გარკვეულწილად გადაჭარბებული. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საქართველოში არის მნიშვნელოვანი პროგრესი ამ მიმართულებით. მათი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ ეს აჟიოტაჟი, რომელიც აბსოლუტურად ხელოვნურად შეიქმნა, მალე ჩაცხრება. საქართველო აგრძელებს ჩვეულებრივ ცხოვრებას, ევროპული მომავლის შექმნას და არავითარი საფრთხე დემოკრატიზაციის კუთხით საქართველოში არ არსებობს. ამის გარანტია ჩვენი ხელისუფლებაა. ჩვენ ეს არაერთხელ დავადასტურეთ და ამ მიმართულებით სვლას ვაგრძელებთ“ – ასე, საერთო კონტექსტს თუ გავითვალისწინებთ, უსაფუძვლო შიშებად მოიხსენია მან  ევროპარლამენტარების მიმართვა საქართველოს ხელისუფლებისადმი უარი თქვას  რუსთავი 2 -ის სარედაქციო პოლიტიკაზე ზეწოლაზე, რომელიც,  მოვლენების მსგავსი განვითარების შემთხვევაში, არამხოლოდ ამ ტელეკომპანიის, არამედ ზოგადად მედიის თავისუფლებას უქმნის საფრთხეს 
და დასძინა, რომ  ევროპარლამენტარებთან მნიშვნელოვანია ურთიერთობა.
 
„ჩვენ საპასუხო წერილს მოვამზადებთ, რომელიც გამოქვეყნდება. საქართველოში არანაირი საფრთხე სიტყვის თავისუფლებას არ ემუქრება. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ეს საქმით დავადასტურეთ. საქართველოში არის მნიშვნლოვანდ გაუმჯობესებული გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობა, რაც დადასტურებულია ყველას მიერ'' –  განაცხადა კვირიკაშვილმა.
 
რაც შეეხება „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, პროცესი ჩვეულებრივ გრძელდება. „ჩვენ აქამდეც ვაცხადებდით, რომ ეს არის ორ კერძო სუბიექტს შორის დავა და სწორედ ამ ჭრილში გაგრძელდება ეს პროცესი. არანაირი გაზვიადება ამ მოვლენის ჩვენ არ გვმართებს. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან გავაგრძელებთ ინფორმაციის მიწოდებას. საერთოდ, მგონია, რომ ეს საკითხი იყო როგორც თავიდანვე გაზვიადებული და პოლიტიზირებული, ასე რჩება დღესაც. მე მაგალითად ამ საკითხს ამხელა მნიშვნელობას არ მივანიჭებდი. ეს არის ჩვეულებრივი იურიდული საქმე, რომელზეც იუსტიცის სამინისტრო აგრძელებს იმ პროცესუალურ ქმედებებს, რაც მას მართებს. სახელმწიფო ინსტიტუციები მუშაობენ. ჩვენ და ჩვენს მოსახლეობას აქვს სრული ნდობა ჩვენი ინსტიტუციების და ამ მიმართულებით არანაირი ბზარი არ შეიძლება რომ იყოს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა
წინა სტატიადასრულდა გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი რომში
შემდეგი სტატია“ბარსას” სასწაული კამპ ნოუზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური