”თბილისის მერი უნდა მობრძანებულიყო. მან სრულიად აღმაშფოთებელი განცხადება გააკეთა, რომელიც არის ამომრჩევლის შეურაცხყოფა და თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს, თავისი თავის შეურაცხყოფა. ნარმანიამ თქვა, რომ ვერ ეღირსებიან ჩემს მისვლასო, თუმცა ამას კანონი ავალდებულებს. ამით მან კიდევ ერთი მუჭა მიწა მიაყარა თავის პოლიტიკურ მომავალს და კიდევ ერთხელ დაისამარა თავი ასეთი პასუხებით”, – განაცხადა სევდია უგრეხელიძემ მას შემდეგ, რაც დავით ნარმანიამ უარი განაცხადა მისულიყო თბილისის საკრებულოში ოპოზიციონერ დეპუტატებთან შეხვედრაზე.
შეხვედრა მერის გარეშე დაიწყო და ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ოპოზიციონერი დეპუტატები უსმენენ მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის უფროსს ბადრი გიორგაძეს, რომელიც განმარტებებს აკეთებს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის ქონების გადაცემის საკითხზე.
”ჩვენ ვთხოვეთ მერიის წარმომადგენელს მოსვლა იმისთვის, რომ მასთან გაგვერკვია არის თუ არა საქმის კურსში ნაზღაიძისთვის უკანონოდ გადაცემული ქონების თაობაზე, აპირებს თუ არა ის ამ საკითხის შესწავლას. ვაპირებთ ავუხსნათ ის კანონდარღვევები, რომლებიც მოხდა ფაქტის გარშემო. ჩვენ მოვუწოდებთ მას, რომ საფუძვლიანად შეისწავლოს ეს საკითხები. ამასთან, წინასწარ გადავუგზავნეთ დოკუმენტაცია, რომელიც ასახავდა ამ თემის გარშემო არსებულ ყველა უკანონობას. ყველანაირ სამართლებრივ გზას გავივლით ამ გადაწყვეტილების უკანონობის დასამტკიცებლად”, – განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა სევდია უგრეხელიძემ.
როგორც ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე დეპუტატებმა განუცხადეს, დღევანდელ შეხვედრაზე ასევე ისაუბრებენ დედაქალაქის საკრებულოში მისვლის თაობაზე თბილისის მერის უართან დაკავშირებით.
ისინი აცხადებენ, თბილისის მერმა საკრებულოში მისვლაზე უარის თქმით და გაკეთებული განცხადებებით შეურაცხყოფა მიაყენა ამომრჩევლებს.