პრეზიდენტი მარგველაშვილი: რუსთავი 2 არ არის მხოლოდ ბიზნესი

0
329
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საგანგებო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ რუსთავი 2 არ არის მხოლოდ ბიზნესი.
 
"2015 წლის 22 ოქტომბერს, მაშინდელი პრემიერმინისტრის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადებებიდან, ჩვენ ფაქტობრივად, დავდექით სამოქალაქო დაპირისპირების საშიშროების წინაშე.
 
მაშინ დამჭირდა ძალიან მკაფიო განცხადებების გაკეთება, იმისთვის, რომ პროცესი ქუჩიდან და დაპირისპირებიდან გადმომეყვანა მოლაპარაკებების რეჟიმში, მას შემდეგ, პოლიტიკოსების ძალიან აქტიური ჩართულობა ამ საკითხთან მიმართებით, მუდმივად პროცესის პოლიტიზებას ახორციელებდა.
 
არ ვეხები რა, კერძო მესაკუთრეების ირგვლივ დავას, მინდა ნათლად ვუთხრა საზოგადოებას, რუსთავი 2 არ არის უბრალოდ ბიზნესი, ისევე როგორც ნებისმიერი მედია არ არის უბრალოდ ბიზნესი და ის წარმოადგენს ჩვენი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვან შემადგენელს, ის არის კრიტიკული და განსხვავებული აზრის გამოხატვის შესააძლებლობა, ეს კი დემოკრატიული საზოგადოებისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
 
არაერთხელ მითქვამს, რომ ორი წლის განმავლობაში, ყველა შეხვედრაზე, რომელიც მქონდა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რუსთავი ორის თემა იყო წამოწეული, მე მქონდა აუცილებლობა, რომ ამ თემებზე როგორც ჩემი პოზიცია გამეხმოვანებინა, ასევე მიმეცა კომენტარები.
 
საერთაშორისო თანამეგობრობაც რუსთავი ორის პროცესს არა უბრალოდ სამართლებრივ დავად, არამედ პოლიტიკურ პროცესად ხედავს, რომელიც გავლენას ახდენს მედიის თავისუფლებისა და პლურალისტულ გარემოზე.
 
იგივე ნათლად დააფიქსირა ქართულმა საზოგადოებამ, როდესაც გამოხატა თავისი მხარდაჭერა ამ არხის დამოუკიდებლობის მიმართ.
 
მინდა, ყველას გავახსენო, რომ 2007 წელს, როდესაც სააკაშვილის მიერ სპეცრაზმებისთვის მიცემული ბრძანების ფონზე მოხდა იმედის დარბევა, რაც იყო უაღრესად დამაზიანებელი ჩვენი დემოკრატიისათვის, ფაქტობრივად იმ წამსვე პირდაპირ ეთერში მე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, რომ ეს არის სააკაშვილის ტრაგიკული და დანაშაულებრივი გადაწყვეტილება.
 
აქედან გამომდინარე, მინდა დღესაც ყველას მოვუწოდო დანაშაულებრივი გადაწყვეტილებისა და პროვოკაციისგან თავის შეკავებისკენ. თემის პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, მინდა მოვუწოდო ყველა მხარეს, საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს მოვუსმინოთ, დაველოდოთ და არ გადავდგათ მყისიერი ნაბიჯები." – აღნიშნა პრეზიდენტმა.
წინა სტატიასაქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება
შემდეგი სტატია“დღეიდან ვიწყებთ პერმანენტულ აქციებს და გავაგრძელებთ მანამ, სანამ ქვეყანა არ გათავისუფლდება”- ლევან თორია (ენმ) (Video)
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური