ნონა ქობალიას ბლოგი ,,მთვარის მოზაიკა''
,, სქან ანჭის – ოქროშ ოუჯე“ – ,,შენს ყაჭს – ოქროს საყურე“ – ასეთი იყო ლოცვის ფორმულა, რომელსაც სტუმარი შეაგებებდა მასპინძელს,თუკი შინ აბრეშუმის ჭია ესვა. თავისი არსით ეს ფორმულა ატარებს იგივე შინაარს, რასაც ფორმულა ,,ჯვარი სწერია''. ეს ფორმულა იყო ღერძი კვიკვინასთვის – აბრეშუმის, ნართის მფარველი ღვთაებისათვის ,,ძაფიშ შური'' – ძაფის სულისთვის აღვლენილ ლოცვებშიც. კვიკვინაზე ჩვენ სხვა დროსაც ვილაპარაკებთ, მაგრამ ახლა პასუხი კითხვაზე: რატომ ოქროს საყურე და რატომ აბრეშუმის ჭიას?
ჯერ ერთი ამ დალოცვაში ჩაშიფრულია უძველესი ტრადიცია, რომლის თანახმად, ადამიანს საღვთო დანიშნულების საქმისადმი, საკრალიზებული ნივთისა და არსებობისადმი გამორჩეულად ლოიალური დამოკიდებულება და კრძალულება მართებდა. (სხვათაშორის, ამის მაგალითია ამა თუ იმ ღვთაებაზე შესახელებული საზვარაკო ძროხის ტაბუირებული სახელი ,,პატენია'' და ასევე შესაწირავი მამლის სახელი ,,საანგელოზო მუმული'').
რაც შეეხება აბრეშუმის ჭიას, ის მრავალი მიზეზით ასოცირდებოდა საღვთო საქმესთან, რადგან, ჯერ ერთი აბრეშუმის პარკი და ჭია იყო იობი – ხატპეპელას ( სახელიც თავისთავად მეტყველებს ამაზე) ერთ–ერთი სახეცვლილება, მეორეც – აბრეშუმისგან იქსოვებოდა საღვთო ან ღვთის სწორთა, წარჩინებულთა შესამოსელი და შესაბამისად განსაკუთრებულ ლოიალობასა და პატივისცემას იმსახურებდა.
ცალკე საკითხია, რომ ოქროს საყურე იყო თილისმა, რომელსაც ,,ცუდებაშე'' – გაცუდებისგან უნდა დაეცვა აბრეშუმი ( ამ შემთხვევაში), უფრო განზოგადებულად კი სადიდებულო, საღვთო ნიშანიც.
რაკი თილისმა ვახსენეთ, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ კავკასიის მთიელებში ოქროს საყურეს, ოქროს რგოლს უკეთებდნენ დედისერთა ვაჟს ან ვაჟს, რომელიც წინამორბედი შვილის, ბიჭის გარდაცვალების შემდეგ იბადებოდა. ეს იყო ნიშანი იმისა, რომ ეს ბავშვი განსაკუთრებით იყო მოსაფრთხილებელი და სალოლიავო ოჯახშიც და ოჯახს გარეთაც.
თუ საკაცო საყურის ისტორიას გადავხედავთ, ძველი ეგვიპტე, ანტიკური სამყარო, შორეული აღმოსავლეთი თუ ინდოეთი, ყველა კულტურა თავისებურად ავითარებდა საყურის სხვადასხვა კონცეფციებს. უპირველესი, რაც უნდა ითქვას, არის ის, რომ საყურე მაგიური სიმბოლიზმით სცილდებოდა სამკაულის ბანალურ შინაარსს და სამკაუოზე არანაკლებ ( თუ მეტადაცა არა) საკულტო, საკრალური დანიშნულებაჰქონდა სხვადასხვა დროში (შხვადოშხვა შვანს) .
საყურე ( ოყუჯე) , ისევე როგორც ბეჭედი ( მარწკინდი) , ჩვენს ტრადიციებში, მოყოლებული ძველი კოლხეთის დროიდან, საყურე ( ოყუჯე) , ისევე როგორც ბეჭედი ( მარწკინდი), იყო ერთ–ერთი მთავარი ინსიგნია, სწორედ სამეფო, სადიდებულო ინსიგნია და არა უბრალოდ შესამკობელი, თუმცა უმნიშვნელო არც ეს უკანასკნელი დანიშნულება გახლავთ, რადგან სამკაული ჩვეულებრივი მოკვდავებისგან, ქვეშევრდომებისგან მისი მატარებელის განსხვავებულობის და მისი ზეაღმატებულების ნიშანი იყო.
სწრედ ამით აიხსნება საყურის სიმრავლე დიდებულთა უძველეს აკლდამებსა და სამაროვნებში, მათ შორის ნოსირის სამაროვანში, რომელიც ჩვ. წ – მდე მე–8 – მე–7 საუკუნეებით თარიღდება. გვაქვს უფრო ადრეული ხანის დასტურიც – ოქროსსაყურიანი და ხატისუღლიანი კაცის რკინისგან ნაჭედი ფიგურა, რომელიც ვანის ძველკოლხურ სამაროვანშია ნაპოვნი ( ძვ. წ. III საუკუნე).
აქვე უნდა გავიხსენოთ მშვენიერი ქართული ფრესკები და მათზე გამოსახული ჩვენი მეფეები, ერისთავები და წარჩინებულები, რომელთაც საყურე უკეთიათ. ალბათ, სხვაზე უწინარეს გაგონდებათ მეფეთ–მეფე დავითი, რომელსაც გელათის ფრესკაზე საყურე უკეთია, და რა თქმა უნდა, წალენჯიხისა და ხობის მონასტრების მოხატულობა, სადაც ლევან დადიანი და მისი ბიძა გიორგი ლიპარტიან – დადიანი საყურეებით არიან გამოსახულნი.
თუ ლევან დადიანის საყურე მხოლოდ ფრაგმენტულად არის შემორჩენილი, გრიგოლ დადიანის გრძელი საყურე მთელი მშვენებით მოჩანს, ეს არის რგოლზე დაკიდებული მწვანე ფოთოლი, რომელზედაც მიმაგრებულია ლალი და ბოლოვდება მარგალიტით, ამ პატიოსან თვლებსაც ყველა დროსა და ქვეყანაში სამეფოდ მიიჩნევდნენ. აქვე აღვნიშნავთ, რომ საყურე უკეთიათ ნაბახტევისა და ნიკორწმინდის ფრესკებზე მთავრებს – წულუკიძეებსა და აბაშიძეებს.
საკაცო და საქალო საყურესაც, გარდა იმისა,რომ სადიდებულო ნიშანი და თილისმა იყო, ჰქონდა თვალისჩინის გაძლიერების ძალა. სხვათა შორის, მთიანი სამეგრელოს სოფლებში მოხუცი ქალები ბოლო დრომდე მოითხოვდნენ გოგონასთვის ყურის ადრეულ ასაკში გახვრეტას და ამას ხსნიდნენ იმით, რომ ოქროს საყურე ან ყურში გაყრილი წითელი ძაფი ბავშვს თვალს უწმენდს – ,,თოლს გინუწიმინდანს, თოლიშ სარკეს უსინთიერენს''. საინტერესოა, რომ ამას ადასტურებს თანამედროვე აკუპუნკტურაც- ითვლება, რომ ყურის ბიბილოზე არის წერტილი, რომელიც დაკავშირებულია მხედველობასთან.
მაგრამ ჩვენი ბლოგის თემასთან კონტექსტში მთავარია საყურის, როგორც სხვათათვის უხილავის დანახვის უნარის მიმნიჭებელი ძალა. ითვლებოდა, რომ საყურე ხელს უწყობდა მხედველობის კონცენტრაციას, მზერის ჩაბრუნებას საკუთარ სულში ან მიღმიერ სამყაროში, სწორედ ამით, აიხსნება საყურიანი თუთაში – მთვარის ქურუმი ხალხურ წარმოსახვაში – საყურე თუთაშის გამორჩეული ინსიგნიაა და მისი ღმერთთან კავშირის ნიშანი.
მსგავსი რამ გვაქვს ხვარამზის პოეტურ ხატშიც: ,,ყურზე ეკეთა საყურე, უჟღრიალებდა ქარიო“, ამ შემთხვევაში ძალიან შორს ვერ წავალთ, მაგრამ ის კი უნდა აღვნიშნოთ, რომ ხვარამზე მზის ქალია, ხოლო ქარი, რომელიც მას საყურეს უჟღრიალებს, ცის მონაქროლია, მიღმიერი, მისტიური.
რაც შეეხება საყურის ესთეტიკას მხედველობისა და საყურის კავშირის კონტექსტში, დასტურდება, რომ თვალი ირეკლავს საყურის ფერებს – შესაბამისად, მისი ბრწყინვალება გადადის თვალზე რაც უფრო ბრწყინავს იგი, მით მეტად უციმციმებს ქალს თვალები, ხოლო კაცის, მით უფრო მეფის შემთხვევაში, საყურის ანარეკლი მის მზერას დიდებულებას, თვალისმომჭრელ ბრწყინვალებას მატებს და მისთვის ქვეშევრდომისგან თვალის გასწორება მით უფრო ძნელია.
ყველა ეს საყურე მასიურია, ძვირფასი ქვებით დამძიმებული და ალბათ, იბადება კითხვა, რა ყური, რა ბიბილო უძლებდა მათ ტარებას. დავით აღმაშენებლის ჯვარი და ხმალი ნებისმიერ კაცს მოდრეკს წელში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში იმიტომ, რომ მათ ტარებას დავითის სული სჭირდება და სწორედ მისი საკვირველი ფიზიკური ძალაც, მაგრამ რაც შეეხება საყურეს, ბიბილო აქ არაფერ შუაშია, რადგან ჩვენი და არა მხოლოდ ჩვენი მეფეები ატარებდნენე არა ყურში გასაყრელ საყურეს, არამედ საყურეს, რომელიც ყურის ნიჟარაზე იყო ჩამოცმული.
ყურში გასაყრელი საყურე უფრო ქურუმების ანუ ღვთის მონების და წარჩინებულთა მონების პრეროგატივა იყო, თუმცა კიდევ უფრო შორეულ ხანაში, მაგალითად შუმერების ძალმოსილების ხანაში ასეთ საყურეს, ყურში გასაყრელ საყურეს უკეთებდნენ ღვთაებების, კერპების გამოსახულებებსაც. უძველესი საყურე სწორედ შუამდინარეთშია აღმოჩინილი და ის 4500 წლისაა სავარაუდოდ, ჯარისკაცს ეკუთვნოდა და ამა თუ იმ ჯარისადმი მის ერთგვარ ნიშანს, კუთვნილების ნიშანი იყო.
ევროპელ მეზღვაურებსაც ერთი წესი ჰქონდათ – გახვრეტილი ყური ნიშნავდაიმას, რომ მეზღვაურმა მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა, ოქროს რგოლს ისინი ატარებდნენ,იმ მიზნითაც, რომ თუკი ზღვაში დაიღუპებოდნენ და ტალღა ნაპირზე გამორიყავდა, ოქროს საყურე მათი ქრისტიანული წესით დაკრძალვის საფასური უნდა ყოფილიყო.
მნიშვნელობა ჰქონდა იმასაც, რამდენ საყურეს ატარებდა მამაკაცი, წყვილს თუ ცალს, რომელ ყურზე ატარებდა და რა ფორმისას, ორივე ყურზე ერთნაირს თუ განსხვავებულს, მაგალითად, სპარსეთის მეფეებს ცალ ყურზე რკინის რგოლი ეკეთათ, მარჯვენაზე უსათუოდ ოქროსი და არგალიტისთვლიანი. მარჯვენა ყურზე ატარებდნენ საყურეს ჭაბუკები ათენში. რაკი ევროპაში გადავინაცვლეთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ რომის იმპერიაში მამაკაცის მიერ საყურის ტარება აიკრძალა, უფრო ზუსტად იგი დაბალი სოციალური სტატუსის ნიშანი გახდა.
მეოცე საუკუნეში ახალგაზრდული სუბკულტურების გაჩენის კვალდაკვალ საკაცო საყურემ ახალი დატვირთვა შიძინა, მან დაკარგა სოციალური მდგომარეობის ამსახველი ატრიბუტის მნიშვნელობა და უნისექს ატრიბუტად იქცა, იგი გახდა არსებულისადმი, კონსერვატიულისადმი მოჯანყე ახალგაზრდების პროტესტისა და ამავე დროს თვითდამკვიდრების მცდელობის ნიშანი. სწორედ ამით აიხსნება ის, რომ კონსერვატიული საზოგადოების მიერ, საყურე ტატუაჟთან ერთად, უკიდურესად ნეგატიურად, ტრადიციების დარღვევად აღიქმება, თუმცა კი სინამდვილეში ეს ტრადიციის თვალასაზრისით სრულიადაც არ არის ასე. ეს უნდა ახსოვდეს მას, ვისაც ამ საყურის ჩამოგსაგლეჯად, თუ იმ ორიენტაციის წინააღმდეგ გაურბის ხელი. მით უფრო, რომ არავისა აქვს უფლება იყოს მსაჯული სხვის პირად ცხოვრებაში.
ესეც გაივლის. საკაცო საყურის მიმღებლობის გრადაციები მონაცვლეობდა მთელ ევროპაშიც. დღევაბდელობაზე რომ არაფერი ვთქვათ, ერთი პერიოდი ის მკაცრად აკრძალეს საფრანგეთშიც, მაგრამ ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ რომელიღაც ლუდოვიკომ თავად გაიკეთა საყურე და ვეღარავინ გაბედა, რომ ეს მამაკაცისთვის შეუფერებელ სისუსტედ და განაზებად ჩაეთვალა.
ნუ შევქმნით ტრაგედიას იმისგან, რომ ჩვენი ბიჭები ზოგჯერ ყურში საყურესაც იყრიან.
იქნებ გავიხსენოთ, რომ არაფერია ახალი ამ ცის ქვეშ…ბოლოსდაბოლოს მსოფლიოში უძველესი საკაცო საყურე შვიდი ათასი წლით თარიღდება, დავით აღმაშენებლისა და ლევან მეორე დადიანის საყურეები ხომ სრულიად განსაკუთრებული საკითხია ჩვენთვის.