ჩაფიძის კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელის სოფო უნგიაძის ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
როგორც ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა, მამა გიორგის პნევმონია დაუდგინდა და ახლა სხვადასხვა სახის გამოკვლევები უტარდება.
„დღეის მდგომარეობით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს სიცხე აღარ აქვს თუმცა, დღეს და ხვალ პაციენტი კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას. შემდგომ დღეებში გადაწყდება მისი გაწერის თარიღი“, – განაცხადა სოფო უნგიაძემ .
ამასობაში კი სამღვდელოება საფუძვლიანი ეჭვებითა და ვარაუდებით შეძრულ საზოგადოებას ურჩევს ზედმეტი კითხვებს დააღწიოს თავი და შექმნილი ვითარების დალაგებაზე იზრუნოს.
,,ნუ განიკითხავთ სხვებს, რადგან რასაც ისმენთ, ხშირად ასე არ არის, – ასე გამოეხმაურა დღევანდელ ქადაგებაში საპატრიარქოს გარშემო ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე პროცესებს არქიმანდრიტმა მამა შიომ სამების საკათედრო ტაძარში
“მინდოდა მეთქვა, დღევანდელ ძალიან მძიმე მდგომარეობაზე. ძალიან ბევრი ადამიანი დაზაფრულია, შეშინებულია, განსაცდელშია, ძალიან ბევრი განკითხვებშია. მინდა, ყველას გთხოვოთ, განსაცდელი ჩვენ რომ გვინახავს, სად ყოფილა ისეთი, ღვთის წყალობით ამასაც გადავივლით, ყველაფერი დალაგდება, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. მინდა გთხოვოთ, თქვენც თქვენი წვლილი შეიტანოთ ამ დალაგების საქმეში. ნუ განიკითხავთ სხვებს იმიტომ, რომ რასაც ისმენთ, ხშირად ასე არ არის. ძალიან ნურც ინერვიულებთ. ეცადეთ, რომ ილოცოთ, ვთხოვოთ ღმერთს, გვაპატიოს ცოდვები, როგორც ჩვენ – სასულიერო პირებს, ისევე ერს. ეს არ არის თქვენი საქმე, დავანებოთ განკითხვებს თავი, დავანებოთ მრისხანებით საუბარს თავი, ვისაც ეს საქმე ავალია, მიხედავს, მოაგვარებს, დაამშვიდებს და დააწყნარებს. ჩვენ იმდენი მეოხი გვყავს ზეცაშიც და დედამიწაზეც, რომ ღვთის შეწევნით ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. გთხოვთ, ზომაზე მეტად ნუ ინერვიულებთ და განკითხვას საერთოდ დაანებეთ თავი. მივხედოთ ლოცვას, ვედრებას, რომ ღმერთმა ჩვენც გვაპატიოს და ერს აპატიოს ცოდვები”, – მიმართა მრევლს არქიმანდრიტმა.