ნიკა გვარამიამ რამდენიმე წუთის წინ დატოვა სასამართლო დარბაზი

0
332
დასრულდა „რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გამოკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში. მან  რამდენიმე წუთის წინ დატოვა სასამართლოს სხდომათა დარბაზი. გამოკითხვას მოსამართლე, გამომძიებელი და გვარამიას ადვოკატები ესწრებოდნენ. 
 
 როგორც  ნიკა გვარამიამ აღნიშნა, გამოძიებას ძირითადად აინტერესებდა, მასსა და საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს მამუკა ახვლედიანს შორის გამართული შეხვედრის ფარული აუდიო ჩანაწერის შინაარსი და კითხვები ძირითადად აქედან გამომდინარეობდა.  შესაბამისად  კითხვები არ დასმულა აღძრულ საქმესთან დაკავშირებით, რაც კომპიუტერულ სისტემაში უკანონოდ შეღწევას ეხება.
,,გამოძიება ცდილობდა შინაარსის გარკვევას, რა ვისაუბრე, რატომ ვისაუბრე, ა.შ. გამოძიებას ავიწყდება, რომ ეს გამოძიება არ მიმდინარეობს არც ქრთამის აღებაზე, არც რაიმე სხვაზე. ეს გამოძიება მიმდინარეობს  ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებაზე და კომპიუტერულ სისტემაში შეღწევაზე. ამიტომ ჩვენი განმარტება იყო შემდეგი – კითხვები უნდა შეეხებოდეს მხოლოდ გამოძიებას და ბუნებრივია, თუ ის სცდება გამოძიების ინტერესებს, ამ კითხვებზე პასუხისგან თავს შევიკავებთ. მიუხედავად ამისა, კითხვებზე პასუხები იქნა გაცემული მთელ რიგ შემთხვევებში. იგივე ქრთამის ეპიზოდი, რომელსაც გამოწვლილვით ცდილობს და ირგვლივ უვლის გამოძიება. ამაზე იქნა გაკეთებული განმარტება,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
 
გვარამიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ჩანაწერი, რომელსაც  შინაგან საქმეთა სამინისტრო „ავთენტურობადადასტურებულად'' აცხადებს,  დამონტაჟებულია,  ექსპერტიზის დასკვნა არის ყალბი და ის არ ასახავს იმ საუბარს, რომელიც სამ პირს შორის შედგა. ის ასევე ამბობს, რომ მაგრამ   მას „მოუსპეს“ ჩანაწერის ალტერნატიული ექსპერტიზის  ქვეყნის შიგნით ჩატარების შესაძლებლობა, რადგან შსს-მ კომპლექსური ექსპერტიზა ჩაატარა და მასში სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო მონაწილეობდა.
 
„შეუძლებელი გახდა ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარება ქვეყნის შიგნით, იმიტომ რომ გაუგებარი მიზეზებით ჩატარდა კომისიური ექსპერტიზა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალისტური საექპერტო კვლევა და სამხარაული ერთობლივად არიან გასვრილი ამ სიბინძურეში, რასაც ჰქვია გაყალბებული დასკვნა,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
 
ის ამბობს, რომ შსს-ს სურდა მას წყარო გაემხილა. ნიკა გვარამია სამართალდამცველ სტრუქტურას სიბეცესა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მართლმსაჯულების არცოდნაში ადანაშაულებს.
 
„ნებისმიერი ტელევიზიის და პრესის ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც ახორციელებს ჟურნალისტურ საქმიანობას, ითვლება და არ არის აუცილებელი, რომ ის ჟურნალისტის შტატს იკავებდეს, ითვლება, რომ დაცულია გაუმხელელობის პრივილეგიით. რა თქმა უნდა, ყველა ის შეკითხვა, რომელიც ამ პრივილეგიით, მე მიმაჩნია, რომ არის დაცული, დარჩა უპასუხოდ,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
 
გამოკითხვის დაწყებამდე გვარამიამ განაცხადა, რომ მისი და მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერი დიდი ხნის წინ არის წაშლილი, რადგან მისი შენახვის აუცილებლობა არ არსებობდა. 

 
წინა სტატიათავდასხმა ინტერპოლის თანამშრომელზე თბილისში
შემდეგი სტატიამთავრობამ კანცელარიაში მოშიმშილე ქალბატონი დენისა და გათბობის გარეშე დატოვა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური