მთავარისიახლეებისაზოგადოება200 მილიონზე მეტი და 1 მილიონ ჰექტარზე მეტი მიწა ეკლესიას სახელმწიფოსგან -...

200 მილიონზე მეტი და 1 მილიონ ჰექტარზე მეტი მიწა ეკლესიას სახელმწიფოსგან – დაფინანსების არსებული პოლიტიკა უნდა გადაიხედოს

Published on

„რესპუბლიკური პარტია“ ხელისუფლებას მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების პოლიტიკის არსებული წესის გადახედვისკენ მოუწოდებს. 
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე    პარტიის ლიდერებმა ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაიამ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საუბრობენ არა რწმენასა და რწმენის თავისუფლებაზე, არამედ ეკლესიაზე, როგორც ორგანიზაციაზე.
სამნიძის განცხადებით, კრიზისი გამოიწვია იმან, რომ ეკლესია გახდა ხელისუფლების ავტონომიური ნაწილი  –  არ ხდება თანხებისა თუ უძრავ-მოძრავი ქონების გადაცემის პროცესის მონიტორინგი,  ეკლესია იღებდა და იღებს განუზომელ მატერიალურ ხელშეწყობას ყველა ხელისუფლების პირობებში და უკონტროლოდ ახდენს მისთვის გადაცემული ქონებისა და ფინანსების განკარგვას. 
 
„ვთვლით, რომ ამ რთულ ვითარებაში მნიშვნელოვანია, გაიმიჯნოს ეკლესია და სახელმწიფო. არ გასცდეს კონკორდატით შეთანხმებულ ნორმებს არც ხელისუფლება და არც ეკლესია, რასაც დღეს აქვს ადგილი და შეწყდეს მართლმადიდებლური ეკლესიის დაფინანსების დღეს არსებული პოლიტიკა. თუ ვლაპარაკობთ კომპენსაციაზე, რაც განსაზღვრულია კონკორდატით, ვისაუბროთ კომპენსაციაზე და ეს უნდა იყოს დასაბუთებული და კონკრეტული“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
 
თავის მხრივ, თამარ კორძაიამ აღნიშნა, რომ ეკლესიას უკვე მიღებული აქვს ფულადი სახით 200 მილიონზე მეტი, ასევე საპატრიარქოს მიღებული აქვს 1 მილიონ ჰექტარზე მეტი მიწა. შესაბამისად დაფინანსების არსებული პოლიტიკა უნდა გადაიხედოს. დღეს ვართ მნიშვნელოვანი მოვლენების მომსწრე. ტაბუ აეხსნა ეკლესიასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბარს და დაიწყო დისკუსია – ამბობს იგი, მისი თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილში აღწერილი ფაქტები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს რეალობაა და ეკლესიის ზოგიერთი სასულიერო პირი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ჩართულები არიან კორუფციაში და აქვთ საერთო ბიზნესი.
 
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი კატეგორიულად არ იზიარებს „რესპუბლიკური პარტიის“ მოსაზრებას მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების არსებული სქემის შეწყვეტის თაობაზე.
დეპუტატის შეფასებით, ეკლესიის როლის პოლიტიკურ პრიზმაში განხილვა ის შეცდომაა, რომელსაც „რესპუბლიკური პარტია“ ყოველთვის უშვებდა და ალბათ, მომავალშიც არ დაანებებს თავს. ვოლსკი საუბრობს იმ მნიშნელოვან დამსახურებაზე, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ქართლი სახელმწიფოს მიმართ გააჩნია.
 
“სახელმწიფოს სტაბილურობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, როგორ მოქმედებენ სხვადასხვა რელიგიური კონფესიები კონკრეტულ შემთხვევებში . არავითარ შემთხვევაში, არ უნდა მივაქციოთ ყურადღება სპეკულაციებს, თითქოს ეკლესია ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას ემსახურება. იგი ემსახურება სახელმწიფოს. ქართულ სახელმწიფოსთან დამოკიდებულებაში ეკლესიის როლის პოლიტიკურ პრიზმაში განხილვა არის უდიდესი შეცდომა, რასაც ამ შემთხვევაში „რესპუბლიკური პარტია“ უშვებს. მათ აზრს, რა თქმა უნდა, აქვს არსებობის უფლება, მაგრამ მე ვფიქრობ, სახელმწიფო ინტერესების პრიზმიდან გამომდინარე ასეთი როლი არასწორია“, – განაცხადა ვოლსკიმ. 
 
მისივე თქმით, ეკლესიას მნიშვნელოვანი როლი გააჩნია საზოგადოების განვითარებაში და ჩვენი ეკლესია არ არის ის, რასაც „რესპუბლიკური პარტია“ ხშირად წარმოაჩენს – რაღაც რეგრესული ძალა. 
 
 

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...