გუმოჭყუდურის სევდა და ოდაბადეს ნათელი – გვარს მოწყვეტილი ქალიშვილი შინ ბრუნდება

0
624
ნონა ქობალიას ბლოგი ,, მთვარის მოზაიკა''
 
  …და არაფერია ისე თეთრი და ნათელი, როგორც  ,,ოდაბადე'',  მაგრამ  არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ლოცვას ყველანი თეთრად შემოსილნი ასრულებენ. ეს სინათლე და სითეთრე მთელი ცხოვრება სდევს გუმოჭყუდურს და ბავშვს (შესაძლოა, უფრო მეტადაც კი), რომელმაც პირველად შეიგრძნო დიდაშ ნერჩიშ – დედულეთის სითბო და სურნელი.
 
 გუმოჭყუდური –   გათხოვილი ანუ მამისეულ ოჯახს, გვარს მოწყვეტილი ქალი სრულიად განსაკუთრებული სიყვარულითა და პატივისცემით იყო მოსილი მშობლიურ სოფელ –  სახლსა  და   საგვარეულოში. მის ურთიერთობას ბავშვობის სოფელთან და მშობლიურ ოჯახთან – ფანიასთან, რაც უნდა ბედნიერად ყოფილიყო გათხოვილი, მუდამ ახლდა განშორების სევდა, განსხვავებული სინაზე და მონატრება, რასაც ასეთივე სინაზითა და მოფერებით პასუხობდა მონატრებული სამყარო.
 
გუმოჭყუდური უყვარდა სოფელს, ხარობდა მისი ბედნიერებით და უთქმელად ესმოდა მისი, მშობლიური ინსტიქტების წყალობით კითხულობდა მის თვალებში გამოთქმულსა და დაფარულს.
 
გუმოჭყუდურის განსაკუთრებული სტატუსი გვარში ემყარებოდა მტკივნეულ მოლოდინს გარდუვალი განშორებისა, რომელიც მისი დაბადებისთანავე ჩნდებოდა – გოგონა აქ სტუმარი იყო, ბუნების კანონი ითხოვდა მის გადაფრენას სხვა ოჯახში, რომლისთვისაც უნდა ეშვა და გაეზარდა მას  სხვა გვარის გამგრძელებლები (შხვა გვარიშ მაღალარეფი), რაც გარკვეული თვალსაზრისით განუწესებდა თვითუარყოფას, თავისი გვარის უარყოფას.
 
გოგონას იმთავითვე ამზადებდნენ ახალ კვალში, მეუღლის კვალში ჩადგომისთვის, ქომონჯისა და ქომონჯერისთვის ანუ ქმრისა და მის  სახლეულთა მსახურებისთვის. ეს მსახურება, საუკეთესო შემთხვევაში, ბედნიერი სიყვარულით იყო განათებული და შემსუბუქებული, სხვა შემთხვევაში, დედობის, მეუღლეობის მაღალი მოვალეობის შეგნებით და ყველა შემთხვევაში გარკვეული ტკივილიც ახლდა.
 
ქალი იყო გუმოჭყუდური მამის ოჯახის მიმართ და ალმასქუ – ქმრის მიმართ. თუ ქმარი იყო მეუღლე, უღლის მთავარი გამწევი, მას ამ უღლის ღირსეულ ტარებაში სჭირდებოდა თანამდგომი – ალმასქუ, მის ტვირთს შეუღლებული, მის უღელს შებმული, რასაც ნიშნავდა ალმასქუ – მეუღლე ქალი, ანუ,  თუ მამაკაცისთვის ქორწინებას, უღლის დადგმას უღუს სქუაფა – უღელში შებმა ერქვა, ქალს მიემართებოდა  ალასქუაფა –  თანაშებმა, მიუღლება.
 
სამეგრელოში ყოველთვის იყო (ან სად არ იყო) სათნო, ნაზი ქალების კულტი, მაგრამ ეს სათნოება და სინაზე არათუ გამორიცხავდა, თავისთავში გულისხმობდა უხილავ შინაგან ძალასა და მგზნებარებას, თუმცა იყვნენ ქალებიც, რომელთაც შინაგანი მოწყობა თუ ცხოვრების ტვირთი ალმასქუობას არ აჯერებდა და უღლის მთავარ გამწევ ძალად (კვალოშ ხოჯი, კვალოშ ოსური), აქცევდა.
 
სოფელს ორივე უყვარდა, ორივეს თანაუგრძნობდა, ორივეს იკრავდა გულში, ის ხომ არა მხოლოდ მამის, არამედ მთელი გვარის შვილი იყო – აქედან მოდიოდა ტრადიცია მის გამზითვებაში – გოჭყუდუაში წილის დადებისა, ამას ემყარებოდა ტაბუ, რომელიც ედო ქორწინებას არათუ გვარის გუმოჭყუდურის შვილზე, არამედ  მასზე ძვალგვარს, გვარმეტს შეკედლებული სხვა გვარის – ძვალჭიჭეშ შთამომავლობის ქორწინებასაც .
 
გუმოჭყუდურეფქ ქუმორთეს! – გათხოვილები მოვიდნენ! – გადაუვლიდა ჩურჩული ჭირსა თუ ლხინში შეკრებილ გვარს.
გუმოჭყუდურებისგან, რომელთაც სიშორის, მოწყვეტილობის გამო მუდამ გამოარჩევდა განსაკუთრებით მგრძნობიარე, სენტიმენტალური დამოკიდებულება ყველაფრისადმი, რაც მამულში ხდებოდა, გამორჩეულ რეაქციას ელოდნენ და სათანადო ფონსაც უქმნიდნენ – თუ ჭირი იყო გულამოსკვნილ ტირილსა და ვაი–ვიშს იწყებდნენ, თუ ლხინი – მზესავით გაუნათდებოდათ სახეები და ერთმანეთს ასწრებდნენ მათ მოკითხვას და გულში ჩახუტებას.
 
იყო  რაღაც არტისტული, თეატრალური გუმოჭყუდურების ამგვარ დახვედრაში, ყველაზე გულდახურული ადამიანებიც კი მთელი ამ ქოროდან ცდილობდნენ ხაზგასმული სიყვარული გამოეხატათ მათ მიმართ, რადგან ესმოდათ, რომ გუმოჭყუდურობას, მშობლიური გარემოსგან მოწყვეტას მოსდევდა დარცხვენა, რიდი, მოკრძალება და, გარკვეულწილად, გაუცხოების განცდა მისიანების (მუშიანეფიშ) მიმართ  – ისინი ხომ უკვე სხვანი, სხვა გვარის, სხვა ოჯახის წევრები იყვნენ. სწორედ ამ სხვისიანობას (შხვაშიანობას), გაუცხოების განცდას ებრძოდა მამისეული ოჯახიცა და გვარიც ამ, თუმცა დადგმული, მაგრამ უეშმაკო, ალალი ცერემონიებით.
 
თავის მხრივ, გუმოჭყუდურიც დიდხანს და გულის ფანცქალით ემზადებოდა შინ სტუმრობისთვის – აგროვებდა ძღვენს მამისთვის, თუნდაც სიმბოლურ საჩუქრებს დამხვედრებისთვის, მათ შორის გვარის მოხუცებისთვის – ეს იყო საია, ფერო და ფერაია – სადა, უფერო და ფერადი თავსაბურები უხუცესი ქალებისთვის, საკუთარი ხელით ნაქსოვი კურთალარები – ნიფხვის შესაკრავი ზორტები ბერიკაცებისთვის, როგორც სიმბოლო მამაშვილური სიახლოვისა (სხვათაშორის, ამიტომ იყო კურთალარი თითქმის სავალდებულო საჩუქარი პატარძლისაგან  მამამთილისთვის, რადგან ასეთი ინტიმური საჩუქარი იყო ნიშანი იმისა, რომ გულით სურდა სწრაფად გადალახულიყო უცხოობის მიჯნა და მეუღლის მამას გასჩენოდა შეგრძნება, რომ უახლოესი ადამიანი, ქალიშვილი შეიძინა რძლის სახით).
 
გუმოჭყუდურის ხელბარგში უსათუოდ იყო საჩუქრები და–ძმისთვის, მათი შვილებისთვის, მეზობლებისთვის, სიყრმის მეგობრებისთვის. მის მიერ მოტანილი სანოვაგიდან უსათუოდ გადაუგზავნიდნენ წილს ( თიაშ გინოჯღონა) ყველას, ვისაც ეკუთვნოდა, გუმოჭყუდური უსათუოდ მოინახულებდა მწოლიარე ავადმყოფებს და მოხუცებს, ყველას უნდა ეგრძნო, რომ სოფელში გუმოჭყუდური მოვიდა. ყველა სიკეთესთან ერთად ეს კრავდა გვარს, ახსენებდა გუმოჭყუდურებს, ვისი გვარისა იყვნენ, ხოლო  გვარს  ახსენებდა, რომ თავისი  ანასხლეტი, ნაგრამი სხვაგანაც ჰყავდა.
 
რაც შეეხება დედას და მამას, დიახ, ხშირად სიტყვაძუნწ, პირქუშ მამასაც კი, სხვა სინათლე ჩაუდგებოდა თვალებში. სულ რომ არ დამდნარიყო, საქმეს შეუდგებოდა, მარნის კარს ააჭრიალებდა, თუ რამ ლოცვა ემართა, შვილებსა და ოჯახზე შესახელებული, ახლა გადაიხდიდა – საკლავს დაკლავდა, საუკეთესო ნაწილს სიძის ოჯახში გასაგზავნად ჩამოათლიდა, 
 
ამ ლოცვებს შორის უპირველესი იყო  გუმოჭყუდურზე შესახელებული საგანგებო ლოცვა  ,,სადაბადო’’ , რომელსაც ორსული ქალიშვილის დედა (და არა მამა)  იხდიდა და მელოგინე შვილისთვის  მშობიარობის შემსუბუქებას, ბედნიერ მოლოგინებას შესთხოვდა წმინდა მარიამს.
 
რაც შეეხება ,,ოდაბადეს’’, ,,ოდაბადე  ხვამას’’, იგი თავად გუმოჭყუდურს ემართა მამისეულ სახლში გადასახდელად.
ყოველი მშობიარობის შემდეგ ქალი ქმრის სახლიდან წამოვიდოდა, მეუღლის დახმარებითა და საკუთარი ხელით გაამზადებდა ოდაბადე საწირს და თან მოჰყავდა ბავშვი თუ ბავშვები (სიძე ამჯერად სახლში რჩებოდა არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ქალის ოჯახის დღესასწაული, ქალის ოჯახის სალოცავი იყო, არამედ  იმიტომ, რომ ქალი და მისი მამისეული ფანია ( ოჯახი) მთელი სისავსით დაბრუნებოდა წარსულს, მის ბავშვობას).
 
სახლში ოდაბადეზე შესახელებულ ქვევრს მოხდიდნენ თავს და  როგოზე ( ქვის სახურავზე)  მამის ჩამოქნილ სანთლებს დაანთებდნენ. ამ ლოცვის ადრესატი იყო ადამარია, დადამარია (მარიამ ღვთისმშობელი, დაი და დედაი), რომელსაც ყველაზე უკეთ ესმოდა დედაშვილობის არსი, მშობლის დარდი და სიხარული.
 
და არც ერთი ლოცვა არ არის ისე თეთრი და ნათელი, როგორც ოდაბადე, თუმცა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ლოცვას ყველანი თეთრად შემოსილნი ასრულებენ. ეს სინათლე და სითეთრე მთელი ცხოვრება სდევს გუმოჭყუდურს და ბავშვს (შესაძლოა, უფრო მეტადაც კი), რომელმაც პირველად შეიგრძნო დიდაშ ნერჩიშ – დედულეთის სითბო და სურნელი.
 
 
 
წინა სტატიაკიევის პოლიციამ ე.წ. “კანონიერი ქურდი”, საქართველოს მოქალაქე გელა ქარდავა დააკავა
შემდეგი სტატიაიანვარში ფასებმა თითქმის 4 %-ით მოიმატა 2016 წლის იანვართან შედარებით
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური