მალხაზ პატარაია დევნილთა სტიგმატიზაციის, ამინდადასა და ვახტანგ ყოლბაიას შესახებ

0
512
"აფხაზთა კრების“ წევრი, მოძრაობა ,,დაბრუნების“ ლიდერი მალხაზ პატარაია დევნილების მიმართ მთავრობის დამოკიდებულებაზე წერს. მისი თქმით, ხელისუფლება დევნილებზე თავადასხმას ახორციელებს. 
სუბარი არ გვყოფნიდა და დევნილებზე მორიგი თავდასხმა უკვე საკუთარმა მთავრობამ განახორციელა. თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ყოლბაიამ ტელეკომპანია ,,ობიექტივის“ ეთერში უტიფრად და თავხედურად ჯერ ხარბებად, უძღებებად გამოგვაცხადა, ხოლო შემდეგ ზედ აფხაზეთიც მიაყოლა, ცუდად არ ვუყურებ განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებასო.
 
კარგად მახსოვს, შევარდნაძის ხელისუფლებამ საკუთარი დანაშაული და ღალატი იმთავითვე დევნილებს რომ გადმოგვაბრალა. ჩვენი შიშით უცებ მოგვაკერა სტიგმა, რომ რაც მოხდა აფხაზეთში, სულ ჩვენი ბრალია, თურმე ჩვენ ვერ ვიომეთ, მოწინააღმდეგე მხარე იარაღდებოდა და ჩვენ სამასართულიან სახლებს ვიშენებდით, არ ვქართველობდით, სადღეგრძელოებიც კი არ ვიცოდით და ა.შ. ჩინოსნებიდანაც გვესმოდა ასეთი საზიზღარი და ძალიან უსამართლო ბრალდებები და გაზეთებშიც იწერებოდა. ეს სტიგმა დღემდე ვერ მოვიშორეთ. მას გამოძახილი აქა-იქ მაინც აქვს ჩვენს საზოგადოებაში. მაგრამ ის, რაც ყოლბაიამ დააბრეხვა, კაცთმოძულე შევარდნაძესაც კი არ მოსვლია აზრად. ასეთი ცინიკური დაცინვა და აბუჩად აგდება ჯერ არავის უკადრებია, მით უფრო აფხაზეთის სტრუქტურების რომელიმე წარმომადგენელს.
 
,,დევნილებს რაც არ უნდა მისცე, 10-10 კილოგრამი ოქროს ზოდი დაურიგო, ის გეტყვის, მე 11 კილოგრამი მეკუთვნოდაო, 5 ბინა რომ მისცე. . .“ წამყვანმა აქ მას საუბარი შეაწყვეტინა სხვა კითხვით, მიხვდა სად შეტოპა რესპოდენტმა, მაგრამ გასროლი სიტყვას უკვე ვერ დაიბრუნებ. საკუთარი არშინით გაგვზომა ამ ბედოვლათმა. ხელისუფლების წინაშე მორიგი თავის გამოჩენის დაუოკებელმა წყურვილმა ისეთ დაუკრეფავებში გადაიყვანა, რომ ყოლბაია ელვისებურად ლამის ყველა უარყოფითი ეპითეტის სინონიმი გახდა.
 
მისი და მისთანების ბრალია, რომ დღეს აქ ვართ, მას და მისთანებს არაფერი უგრძვნიათ დევნილის საშინელი ყოფის, მას და მისთანებს არ უნდათ ჩვენი უკან დაბრუნება და მზად არიან თავის მახინჯი, კომფორტზე და სტომაქზე მორგებული ცნობიერებით აფხაზეთიც უფეშქაშონ მტერს.
 
ამათ და ყველა მათნაირს მინდა შევახსენო, აფხაზეთის საზოგადოება ღირსეული საზოგადოებაა, მან შრომაც იცის და ქვეყნის დაცვაც. სულ მალე სოხუმის გმირული ბრძოლის მორიგი წლისთავია და ესეც კმარა ამის დასტურად. იმ მრავალრიცხოვან გმირთა სიცოცხლე და სიკვდილია ჩვენი ურყეობისა და სულის უდრეკობის ბრწყინვალე, საშვილიშვილო მაგალითი, რომელთა სახელებსა და გვარებს გმირთა მემორიალთან ფარისევლურად უხრის ხოლმე თავს ეს რენეგატი. ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელსაც საკუთარი ხელისუფლებისაგან განიარაღრებულსა და მიტივებულს, დამპყრობელმა სისხლის კალო მოგვიწყო, ათასობით ჩვენთაგანი აწამა, დახვრიტა, დაწვა, დაანაკუწა, ცოცხლად ჭებში დამარხა, ,,კოლუმბიური ჰალსტუხები“ ჩამოჰკიდა, თავები დააჭრა და ფეხბურთი ითამაშა, დააგრია და გადაბუგა ჩვენი სახლ-კარი; საზოგადოება, რომელმაც გამოვიარეთ ჭუბერი და ამ გოლგოთის გზაზე ჩვენს მიცვალებულებს შიშველი ხელებით ვმარხავდით, ომისაგან ფიზიკურად და მორალურად უაღრესად ტრამვირებულმა თავიდან დავიწყეთ ცხოვრება და გადავრჩით. ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც მეოთხედი საუკუნეა ვიტანთ უმძიმეს შეჭირვებას იმიტომ, რომ აფხაზეთი საქართველოა, იმიტომ რომ ქართველები ვართ, იმ რწმენით, რომ აუცილებლად დავბრუნდებით. აფხაზეთის და ცხინვალის ქართველობა ღირსეული საზოგადოებაა, მაგრამ ესეც დასამტკიცებელი და დასაცავი გვქონია.
 
40 წელია ხელისუფლებაში ვარო, – წარბშეუხრელად დაიტრაბახა ყოლბაიამ. კადაფთან, ჰუსეინთან თუ კასტროსთან შედარებით ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარე მათ საცოდავ კარიკატურად თუ გამოიყურება, მაგრამ სტაჟითა და ცნობიერებით, ნურას უკაცრავად.
 
გასულ საუკუნეში აფრიკაში იყო ასეთი კანიბალი დიქტატორი ,,მისი აღმატებულება მუდმივი პრეზიდენტი, ხმელეთზე მხეცებისა და ზღვაში თევზების მბრძანებელი და ბრიტანეთის დამპყრობი“ იდი ამინ დადა. ერთხელ თავისი აჯანყებული ბიძაშვილის სისხლი დაულევია თურმე. მის მშობლიურ კაკუას ტომში ძალის გადმოსვლის ასეთი რიტუალი ყოფილა. სულ 8 წელი ზეობდა უგანდელი. ამაში ჩვენებურმა აშკარად აჯობა, მაგრამ სხვა მხრივ ძალიან კი წააგავს. უხსოვარი დროიდან პარაზიტია ჩვენს სხეულზე მომხვეჭელ ამფსონებთან ერთად და არის ასე არხეინად.
 
ჰოდა, სანამ სულ არ გამოგვიშრეს სისხლი, აფხაზებმა თავად მივხედოთ ამ ავგიას თავლას, ერთხელ და საბოლოოდ ისე გავძუყნოთ ეს არამზადები, რომ სულ თავბედი ვაწყევლინოთ ჩვენს ყეყეჩ და გატუტუცებულ ამინდადას"- წერს მალხაზ პატარაია.
წინა სტატია,,ხალხის განწყობა შეცვლილია. მარტო იმ ხეში კი არაა საქმე, სხვა ხეებშიც წყალი ჩადგა უკვე…” – ჟურნალისტი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს
შემდეგი სტატია,, დევნილთა მინისტრი თქვენთან არ ჩამოვა და არც კომისია გადაამოწმებს საცხოვრებელი ფართის მისაღებად თქვენთვის მინიჭებულ ქულებს.” – ადა მარშანიას მწარე სიმართლე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური