ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის შენობას ხე დაეცა, თუმცა ეს მხოლოდ პირობითად შეიძლება ითქვას, რადგან ხე, რომელმაც თოვლის მძიმე საფარს ვერ გაუძლო და ცალ მხარეს გადაქანდა, საკმაოდ შორს იდგა შენობიდან და მხოლოდ ზედა ნაწილით, გაწვრილებული შტამბით შეეხო კედელსა და სახურავს. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. შენობა კარგა ხანია არ ფუნქციონირებს და იქ ამ დროს არავინ იყო (შენობაში მხოლოდ გვიან ღამით თუ შეივლიან დაცვის თანამშრომლები). არ დაზიანებულა თავად შენობაც, თუმცა იქაურობა ხის წაქცევის შემდეგ გაწმენდით სამუშაოებს საჭიროებს, გარემოს დაცვის სამსახურის ცნობით, გაწმენდითი სამუშაოები დილიდან დაიწყება.
დიდთოვლობას ხის წაქცევა გასაკვირი არ არის, მაგრამ, რადგან საქმე ეხება ბოტანიკურ ბაღს, ამ ეპიზოდმა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ აღუძრა კითხვა – რამდენად არის დაცული აქ მდგარი უნიკალური ხეები მსგავსი მოულოდნელობებისაგან. საინტერესოა, როგორია ამ მხრივ მსოფლიოს სხვა ბოტანიკური ბაღების მოვლისა და დაცვის პრაქტიკა და ფიქრობენ თუ არა ამაზე ქალაქის ადმინიტრაცია და ის ცენტრალური უწყებები და სამსახურები, რომელთაც ეს საქმე უშუალოდ ეხებათ.
ასწლოვან ხეებს რომ რუსი ოლიგარქისგან ვერ ვიცავთ, გასაგებია, მაგრამ თოვლი მაინც არ არის რუსული, ჩვენია და იქნებ რაღაც მეთოდს მაინც დაექვემდებაროს.
სურათზე: ტანმაღალი ხეების დამცავი თოვლის დამჭერი ბადე ,,იუკიცური'' იაპონიის ბაღებში, უბრალო გვარლისგან მზადდება და, სხვათა შორის, არც ისე ძვირად ფასობს, მით უფრო ქალაქის სიამაყესთან შედარებით.