ქართველების საპროტესტო აქციამ გალში სერიოზულად შეაშფოთა ოფიციალური სოხუმი – რუბიკონი გადალახულია?

0
382
,, თუ  გალის მცხოვრებლებმა  პროტესტის გამოხატვა სურთ,  შეუძლიათ ეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გააკეთონ,  გადავიდნენ ენგურის საზღვარზე და იქ გამართონ  მიტინგი,  მანდაც არის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ მოუსმენენ საქართველოში , რომლის მოქალაქეებიც არიან “ –  ასე გამოეხმაურა სეპარატისტული  აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი მუჰამედ კილბა  გალელი ქართველის მიერ ე.წ. ნაბაკევის გამშვები პუნქტის დახურვის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციას. 
 
მისი თქმით,  აქ საქმე მომიტინგეთა ეროვნულ კუთვნილებაში კი  არ არის, არამედ მათ სტატუსში: 
,,ბოლოსდაბოლოს უნდა განისაზღვროს  იმ ადამიანების სტატუსი, რომლებიც დეფაქტო აფხაზეთში ცხოვრობენ, მაგრამ მათ  არ სურთ  აფხაზური პასპორტები და აფხაზეთის მოქალაქეობის მიღება. ეს პრობლემა რომ არა, მათაც, ისევე როგორც ნებისმიერი ეროვნების აფხაზეთის მოქალაქეს, შეეძლებოდათ  ჩვენი კონსტიტუციის ფარგლებში  სხვადასხვა ღონისძიებების გამართვა, მათ შორის იმ შემთხვევებშიც,  თუკი პოლიტიკური კითხვები გაუჩნდებოდათ. 
ახლა კი ეს სხვა არაფერია თუ არა ზღვარსგადასული მოქმედება –   "ვითარება საკმაოდ რთულია. მინდა მივმართო ამ ხალხს და ვურჩიო, რომ არ გადავიდნენ ზღვარს. აფხაზეთის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების წინააღმდეგ მიმართული მიტინგები უნდა აღიკვეთოს. –  აცხადებს კილბა. 
 
 გალის რაიონის შემთხვევა, მისი თქმით, გამოწვეულია იმითაც, რომ აფხაზეთში  ხალხი შეეჩვია  მიტინგების წამდაუწუმ ჩატარებას ნებისმიერი მიზეზით.
"მიტინგს ატარებენ ყველა საკითხზე და უმიზეზოდ. ალბათ , ამ აქციის მონაწილეები ფიქრობდნენ, თუ სოხუმში და გაგრაში შეიძლება მიტინგის გამართვა, გზების გადაკეტვა, რატომ არ შეიძლება ეს გალის რაიონშიც მოხდესო“, – აღნიშნა მან. 
 
შეგახსენებთ, 25 იანვარს გალელმა ქართველებმა  აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ  ე.წ. ნაბაკევის გამშვები პუნქტის დახურვა გააპროტესტა. მათ მიტინგი გამართეს სოფელ ნაბაკევში და ცენტრალური გზაც გადაკეტეს.
აქციაში მონაწილეობდა 200 ქართველი. ეს არის პირველი ესოდენ ხალხმრავალი საპროტესტო  აქცია, რომელიც ქართველებმა მოაწყვეს ოკუპირებულ აფხაზეთში. 
 
 
 
წინა სტატიაუამინდობის გამო ბათუმის აეროპორტიდან ბათუმი-სტამბოლის რეისი გადაიდო. საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია
შემდეგი სტატიაჯანდაცვის მინისტრმა ზუგდიდში c ჰეპატიტის სკრინინგ-ცენტრის მშენებელ კომპანიას ხარვეზების გამოსასწორებლად 10 დღიანი ვადა მისცა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური