კიევის სააპელაციო სასამართლომ ქართველი ოფიცერი გიორგი ცერცვაძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
მისი განთავისუფლების საკითხი სავარაუდოდ გადაწყდება 3 თებერვალს, როცა დღეს გადადებული სასამართლო პროცესი გაიმართება.
ამ გადაწყვეტილებას გამოცხადების შემდეგ შეფასება გააკეთა საქართველოს ექსპრეზიდენტმა, საქართველოსა და უკრაინის ოპოზიციურ ძალთა ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც სასამართლო პროცესზე მივიდა. , მან სამრცხვინო უწოდა ვიცე პოლკოვნიკის პატიმრობაში ყოფნას.
„მე ვფიქრობ 3-ში გაუშვებენ, მაგრამ ყოველი დამატებითი დღე პატიმრობის არის სამარცხვინო. დღეს უკვე ჩანს, რომ პრინციპში გაუშვებენ, მაგრამ მე არ მესმის, რა შუაშია გია ცერცვაძე“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავი 2 – ან საუბარში .
რუსთავი 2-თან კომენტარი გია ცერცვაძის ადვოკატმა ქსენია პროკონოვამაც გააკეთა.
„სასამართლომ თავისი უფლებით ისარგებლა, რადგან სააპელაციო სასამართლოს მასალები ამ დრომდე არ მიაწოდეს. თუმცა, მასალების გადმოცემის დაგვიანება ნიშნავს იმას, რომ გია პატიმრობაში რჩება. გია ცერცვაძის პატიმრობაში დატოვება ცუდად მოქმედებს მის ,ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც და მისი დაცვის პერსპექტივაზეც, რადგან ამ დროის განმავლობაში ის არ იქნება თავისი ოჯახის წევრებთან ერთად და ვერც საკუთარი უფლებების დაცვას შეძლებს. რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვარ. შემდეგი სხდომა 3 თებერვალს არის ჩანიშნული, რაც იმას ნიშნავს, რომ გია პატიმრობაში კიდევ ერთი კვირა იქნება. მე საქმის მასალების პირველი ინსტანციის სასამართლოდან გადმოცემის დაჩქარებაზე ვიზრუნებ,“ – განაცხადა ქსენია პროკონოვამ.
მოსამართლეების მხრიდან გადაწყვეტილების გამოცხადებას დარბაზში პროტესტი და შეძახილები მოყვა. დარბაზში და დარბაზს გარეთ იმყოფებოდნენ გია ცერცვაძის ქართველი თანამებრძოლები, ასევე უკრაინელი სამხედროებიც.
დღეს სააპელაციო სასამართლოს საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებაზე უნდა ემსჯელა, რომლის მიხედვითაც, გია ცერცვაძეს 40 დღიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.