მთავარისიახლეებიპოლიტიკამოძრაობა ,,დაბრუნების“ ლიდერი: დანაზოგი ,,გაზპრომისათვის'' დევნილების ხარჯზე

მოძრაობა ,,დაბრუნების“ ლიდერი: დანაზოგი ,,გაზპრომისათვის” დევნილების ხარჯზე

Published on

ხელისუფლების სტრატეგიაა სიცივისა და შიმშილისათვის გაწიროს დევნილები ამ ღარიბ-ღატაკ ქვეყანაში, ამით დაზოგოს სახსრები საკუთარი კეთილდღეობისა თუ ,,გაზპრომისათვის“ საჩუქებლად. –  აცხადებს მოძრაობა ,,დაბრუნების“ თავმჯდომარე მალხაზ პატარაია.
 
 ხელისუფლება დევნილებზე შეტევას იწყებს – ნათქვამია განცხადებაში – ყველა სხვა ,,ბედნიერებასთან“ ერთად ამ ახალ წელს დევნილთა სამინისტრომ გამოაცხო ,,დევნილთა შემწეობის რეფორმის მომზადების დოკუმენტი“ (პროექტი), რომელიც შედგენილია ამ სამინისტროს ძალიან ხმამაღალი სახელწოდების ,,პოლიტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს“ და ვიღაც ინკოგნიტო ექსპერტების მიერ. ამ მეტად საეჭვო ღირებულებების  44-გვერდიანი ნაშრომ-ნაჯაფის დანიშნულება დევნილთა 45-ლარიანი შემწეობის და სამომავლოდ, დიდი ალბათობით პოლიტიკური სტატუსის გაუქმებაა. 
ამ ოპუსის უდიდესი ნაწილი ვითომ დასაბუთებაა იმისა, რაც ბოლოსკენ წერია სქემის სახით. სინამდვილეში, ჯერ ალბათ ბოლო ნაწილი შეიქმნა მათ უკუღმართ გონებაში, ხოლო შემდგომ ხელოვნურად მოარგეს დასაბუთება. 
 
რას გვმადლიან იცით? ქორწინებებს არადევნილებთან, მაღალ შობადობას (?), არადეკლარირებულ შემოსავლებს (ტაქსის მძღოლობა, ბინის გაქირავება, ბაღ-ბოსტანი და მისთ.), პენსიას, ვეტერანების დახმარებას, საზღვარგარეთიდან მიღებულ ფულად დახმარებას აფხაზეთის მთავრობის და ადგილობრივი თვითმმართველობის მათხოვრულ ერთჯერად დახმარებებს, რომლის ოდენობაც არც კი იციან, უფასო კუბოებს გარდაცვალების შემთხვევაში. 
დასაბუთების ნაწილით, ასევე თურმე: 
,,სიღარიბის დონით დევნილები დიდად არ განსხვავდებიან არადევნილებისაგან“; 
,, დევნილები ინტეგრირებულნი არიან საზოგადოებაში“; 
,, ცალსახად იმ დასკვნის გაკეთება, რომ კოლექტიურ ცენტრებში ცხოვრება დევნილთათვის ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობის მიზეზი არ იქნება მართებული“; 
,,საკუთრებაში გადაცემული საცხოვრებელი ფართის შემთხვევაში უფრო მეტად გაიზრდება დევნილთა წვდომა ფინანსურ რესურსებზე, უძრავი ქონება ასრულებს საბანკო კრედიტის აღების შემთხვევაში გარანტიის ფუნქციას“ (გადმოცემულ ფართზე საბანკო იპოთეკებით გავმდიდრდებით);
,,9213 დევნილს 1250 ლარი და მეტი შემოსავალი უფიქსირდება“ და სხვა ამდაგვარი აბსურდებით უტევენ დევნილთა შემწეობას. ამიტომ, მათი აზრით, ,,გამდიდრებულ“ დევნილებს უნდა წაართვან ჯამში 40 მილიონ ლარამდე, რეალურად გაცილებით მეტი, პრაქტიკულად მთელი შემწეობა.
 
რამდენიმე ვარიანტიანი უსულგულო და თავხედური სქემა, რომლიდანაც ერთ-ერთს აირჩევენ, ასეთია:
1. ზღვრული თანხის დაწევა ოჯახზე განვრცობის გარეშე. დღევანდელი კანონით, იმ დევნილს ეძლევა 45-ლარიანი დახმარება, რომლის ყოველთვიური შემოსავალი აღემატება 1250 ლარს, ანუ ყველას 9213 დევნილის გამოკლებით. ამ ვარიანტით ზღვარი დაიწევს 150 ან 165 ლარამდე (საარსებო მინიმუმი) ყველასთვის ;
2. ზღვრული თანხის დაწევა და ოჯახზე განვრცობა. ამ ვარიანტით, რომელიც ქვევარიანტებისაგან შედგება, დევნილის დახმარებას არ მიიღებს თვეში თითოეულ სულზე 165-დან 1000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახები. ეს ვარიანტი შეეხება სულ 61 547 დევნილს დღეს არსებული 9 213-ის სანაცვლოდ. არ ვიცი ეს ციფრები საიდან მოიტანეს, მაგრამ იქვე უწერიათ, რომ დაზოგავენ 14-დან-3 მლნ. ლარამდე.
3. ყველა დევნილის მიზნობრივ სოცილურ დახმარებაზე გადაყვანა. მათი უკუღმართი დათვლით ასეთ დახმარებას მიიღებს 74,107 დევნილი (24 ათასი ოჯახი-85 ათასიდან), თუმცა, იქვე შავით თეთრზე წერია, რომ დღეს ასეთ დახმარებას იღებს დევნილთა მხოლოდ 11% (დაახლ.30 000 პირი). ძალიან შთამბეჭდავი განსხვავებაა და უნდა ვიფიქროთ, რომ სწორედ ეს ბოლო რაოდენობა დარჩება. ასე, რომ ამ ვარიანტით შემწეობის გარეშე დარჩება დევნილთა დაახლ. 89%.
4. დევნილთა დაყოფა თაობების მიხედვით.  45-ლარიანი დახმარება მოეხსნება ,,მეორე თაობის“ დევნილებს ვინც არ დაბადებულა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჩვენს შვილებს, შვილიშვილებს, მოზარდებს, ბავშვებს სულ 89 000 პირს. 
5. შერეული მოდელი. ამ ვარიანტით დახმარება მოეხსნებათ იმ დევნილებს, რომლებიც დაკმაყოფილებულია ბინით  (დღეისათვის 35 341 ოჯახი-101 591 დევნილი). დანარჩენებსაც შეუწყდებათ დახმარება, გარდა სოციალურად დაუცველებისა, რომელთა რაოდენობაზეც ზემოთ უკვე ვთქვით-11 %.
6. განსახლების ალტერნატივა. დევნილებს, რომლებიც დაკმაყოფილდნენ გრძელვადიანი განსახლებით, მოეხსნებათ 45-ლარიანი ყოველთვიური დევნილის შემწეობა, ხოლო მათ ვისაც განსახლება არ აქვს მიღებული, შეუნარჩუნდება. ძალიან ვერაგული ვარიანტია. რა ქნას იმ დევნილმა, ვისაც ფართი გამოეყო. კედლები ჭამოს? მაგრამ ამ გზით ყველაფერთან ერთად დევნილებს აიძულებენ უარი თქვან განსახლებაზე, რომ არ დაკარგონ დახმარება და ამას ავტორები დოკუმენტის დადებით მხარედ მიიჩნევენ.
 
ერთი სიტყვით, აირჩიე სულო და გულო, როგორ გაგძარცვონ. აშკარაა ხელისუფლების სტრატეგიაც ეს არის, სიცივისა და შიმშილისათვის გაწიროს დევნილები ამ ღარიბ-ღატაკ ქვეყანაში, ამით დაზოგოს სახსრები საკუთარი კეთილდღეობისა თუ ,,გაზპრომისათვის“ საჩუქებლად.
მათ ალბათ განათლება არ ჰყოფნით და არც სურვილი, რომ გაიგონ დევნილის შემწეობის სამართლებრივი ბუნება. სახელმწიფო დევნილს უხდის შემწეობას 3 უმთავრესი სასიცოცხლო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო: არ დაიცვა აფხაზეთსა და ცხინვალში მათი სიცოცხლე და საკუთრება, არ უზრუნველყო მათი ღირსეული არსებობა დევნილობისას და არ აბრუნებს უკან. ასე წერია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის ერთ-ერთ ძველ პრეცენდენტულ გადაწყვეტილებაში და ეს გამეორებული აქვს ევროპის სასამართლოსაც 2010 წელს, როდესაც ,,დევნილთა კანონში“ დღეს არსებული სახელმწიფოს ვალდებულებები მიიჩნია სანაქებოდ. დევნილის შემწეობა გაიცემა სახელმწიფო ვალდებულებების შეუსრულებლობის სანაცვლოდ და არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, რომ დევნილი არაადამიანური ძალიხმევით საკუთარი შრომით და ჯაფით მოიპოვებს პურს არსებობისას.
 
გარდა ამისა, ჩვენმა ჩინოსნებმა უნდა იცოდნენ, რომ ყველა ფუნდამეტური საერთაშორისო სამართლებრივი აქტით, სახელმწიფოები ვალდებული არიან გააუმჯობესონ და განავითარონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა და არა შეკვეცონ, შეამცირონ უკვე გაღებული სიკეთეები. 
საკუთარ ხელფასებს, პრემიებს, ტენდერებით, ხაზინის ქურდობის სხვა საშუალებებით, გაფლანგვებით მიღებულ შემოსავლებს მოაკლონ ეს მილიონები. ქვეყანა ქვეყანას დაემსგავსება და არავინ იფიქრებს ყველაზე გაჭირვებული და დაუცველი სოციალური ფენისათვის უკანასკნელი ლუკმის წართმევაზე.  
 
დაბოლოს კიდევ ერთი ციტატა ხსენებული პროექტიდან: „რადგანაც დევნილის სტატუსის ქონა დევნილთა შემწეობის მიღების წინაპირობაა, ეს სისტემა გარკვეულ წამახალისებელ ფაქტორსაც წარმოადგენს იმისთვის, რომ დევნილებმა გაიარონ რეგისტრაცია. თუ დევნილთა შემწეობის წინაპირობა აღარ იქნება დევნილის სტატუსი, მაშინ მოსალოდნელია, რომ დევნილთა ნაწილმა რეგისტრაცია აღარ გაიაროს“. -აი, სად უნდა ვეძებოთ ძაღლის თავი. ამ ,,ნოვაციების“ საბოლოო სამიზნე არის დევნილის სტატუსი, მათ შორის უპირველესად დევნილების სურვილით მისი გაუქმება, ისევე როგორც ოკუპაციის კანონის და შემდეგ მშვიდად ოკუპირებული ტერიტორიების მტრისთვის უკვე იურიდიულად გადაცემა. 
 

სიახლეები

ბაზარზე მკვლელი “კრისტალი” გამოჩნდა, რომელიც იპყრობს შენს გონებას და გიმონებს – ნარკოლოგი

ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე, რომელიც ხშირად აქვეყნებს დასაბუთებულ გაფრთხილებებს ახალი, სხვებისგან განსხვავებული ნარკოტიკის გამოჩენის შემთხვევაში,...

საია TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას გმობს

ტვ პირველის გადამღებ ჯგუფთან დაკავშირებული კონფლიქტის გამო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს:  "ტელეკომპანია „პირველის“...

ტვ პირველის ჟურნალისტი მარიამ მაკასარაშვილი კლინიკაში გადაჰყავთ

ტვ პირველის ჟურნალისტი მარიამ მაკასარაშვილი, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი პირველი...

თუ მოსკოვი დღის ბოლომდე ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, ევროპული ქვეყნები ახალი სანქციების მომზადებას დაიწყებენ – გერმანია

ევროპული ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მომზადებას დაიწყებენ, თუ მოსკოვი დღის ბოლომდე ცეცხლის შეწყვეტაზე...