დევნილთა სამინისტრო აპირებს დახმარება შეუწყვიტოს იმ პირებს, ვინც არ არიან დაბადებულები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და მათ, ვინც ქორწინებაში იმყოფებიან არადევნილებთან, ამასთან გეგმავს დაწიოს შემოსავლის 1 250-ლარიანი ზღვარი, რათა დახმარება შეუწყვიტოს იმ პირებს, ვისი შემოსავლებიც აღემატება ამ ზღვარს. – ამის შესახებ განცხადება ნაციონალური მოძრაობის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა.
,,ჩვენ ხელში ჩაგვივარდა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და გასახლების სამინისტრო დევნილთა ნაწილისთვის 45-ლარიანი დახმარების გაუქმებას აპირებს.
ამ დოკუმენტის ამოქმედება ძალიან მძიმე ჰუმანიტარულ პრობლემებსა და სოციალურ კრიზისს გამოიწვევს, რადგან დევნილთა უმრავლესობა სწორედ ამ შემწეობებზეა დამოკიდებული'' – განაცხადეს ბრიფინგზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ნუგზარ წიკლაურმა და ბესო წერედიანმა .
,,სრულიად შესაძლებელი იქნებოდა ხელისუფლებას ეზრუნა ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაზე და ამ შემთხვევაში არანაირი საფრთხე ამ პროგარამას არ დაემუქრებოდა. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების უცოდნირობამ, არაკომპეტენტურობამ, კორუმპირებულობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საზოგადოების ყველაზე უფრო დაუცველი ნაწილი – დევნილები დადგნენ ასეთი მძიმე საფრთხის ქვეშ" – ითქვა დღევანდელ ბრიფინგზე.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დევნილთა სამინისტროს მოუწოდებს ხელი აიღოს ასეთი გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანაზე.