აქცია ქართველი ოფიცრის მხარდასაჭერად – არ გადასცე რუსეთს!

0
409
გუშინ საღამოს მთავრობის ადმინისტრაციასთან უკრაინაში რუსეთის მოთხოვნით დაკავებული ვიცე პოლკოვნიკის  მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.  აქცია ბეისბუქით დაიგეგმა და მასში   სტუდენტები და რიგითი მოქალაქეები მონაწილეობდნენ. ინიციატივას  პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს საქართველოს ხელისუფლების მიერ გია ცერცვაძის პერსონალური მონაცემების გადაცემა რუსეთის სპეცსამსახურებისათვის და  მთავრობისგან მოითხოვეს ყველა ბერკეტის გამოყენება  რათა არ მოხდეს უკრაინიდან მისი  რუსეთისთვის გადაცემა.
 
გუშინვე გიორგი ცერცვაძის საქმეს სახალხო დანცველი გამოეხმაურა.  მისი თქმით, დაუშვებელია ქართველი სამხედროს გადაცემა მტრული სახელმწიფოსთვის ანუ რუსეთისთვის  და   სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს თავისი  მოქალაქის უფლებების დასაცავად 
,,ყველა ნაბიჯი უნდა იყოს გადადგმული იმისთვის, რომ თუკი რაიმე კითხვის ნიშნები არსებობს, ქართულმა სასამართლომ მოახდინოს რეაგირება. სახალხო დამცველს აქვს ძირითადად ის ინფორმაცია, რაც მედიით არის გახმაურებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ დაინტერესებული ვართ და ვსწავლობთ, რამდენად შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია რეალობას. ჩვენ უნდა ავირიდითო გიორგი ცერცვაძის გადაცემა მტრული სახელმწიფოსთვის ანუ რუსეთისთვის“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. 
 
გუშინ ნაციონალური მოძრაობის წევრებმა  აკაკი მინაშვილმა და გოგა ონიანმა პროკურატურაში განცხადება  შეიტანეს. 
 
„ბოლო პერიოდში ჩვენ გვაქვს მაგალითი ღალატისა, რომელიც ჩაიდინა საქართველოს ხელისუფლებამ. სამწუხაროა, რომ ბიძინა ივანიშვილმა იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრების მეშვეობით დაიწყო სადამსჯელო ოპერაცია იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც იცავდნენ საქართველოს თავისუფლებას და ტერიტორიულ მთლიანობას წლების განმავლობაში. ამის მაგალითია გია ცერცვაძე. ის არ გააფრთხილა საქართველოს ხელისუფლებამ იმ საფრთხის შესახებ, რაც მას ელოდა. ეს არის მძიმე დანაშაული – პირდაპირი დახმარება უცხო ქვეყნისთვის საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ. ვითხოვთ, აღიძრას ამაზე საქმე. ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ პროკურატურა ამას გამოიძიებს, თუმცა ეს არის წნეხი, რომ მომავალში მსგავსი დანაშაული არ ჩაიდინონ“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
 
 გოგა ონიანის განმარტებით, საქმეში იკვეთება „სისხლის სამართლის კოდექსის“ უმძიმესი დანაშაული, რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს და ასევე „სისხლის სამართლის კოდექსის“ 319-ე მუხლის დარღვევა, რაც უცხო ქვეყნისთვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის, ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
 
ქართველი ჯარისკაცი, ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, რამდენიმე დღის წინ უკრაინაში დააკავეს. მას რუსეთი 2003 წელს დანაშაულის ჩადენას ედავება, თუმცა ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის მიერ 2016 წლის 23 დეკემბერს გამოცხადდა.

 
 
წინა სტატიავანო მერაბიშვილმა გუშინ ოფიციალურად მოითხოვა პარტიის გენერალური მდივნის პოსტიდან გათავისუფლება
შემდეგი სტატიადიდუბეში მამაკაცს ორსართულიანი მატარებელი დაეჯახა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური