მიხეილ სააკაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ არის მოძრაობა და მე თავის დროზე ეს სახელი შემთხვევით არ დამირქმევია

0
412
მიხეილ სააკაშვილის ჩართვის ტექნიკურ უზრუნველყოფაში სავარაუდო ხელოვნური ხარვეზების მიუხედავად ყრილობამ დიდი ყურადღებით მოისმინა მისი სიტყვა ვაშინგტონიდან.
 
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი თავის სიტყვაში სხვა საკითხებთან ერთად ილაპარაკა ,,ნაციონალური მოძრაობის'' დანიშნულებაზე და ხედვებზე, რომელსაც პარტია უნდა დამყარებოდა შექმნის დღიდან. 
 “ნაციონალური მოძრაობა“ ეს არის პარტია მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეზე და რა თქმა უნდა, საქართველოში უპირობოდ, ნამდვილი, ერთადერთი პოლიტიკური პარტია. – აღნიშნა მან – ეს არის პარტია, რომელიც შეიქმნა მაშინ, როდესაც დაჩოქებული და განადგურებულ საქართველოს სვავებივით ძიძგნიდნენ შევარდნაძე და მისი კორუმპირებული ოჯახის წევრები, ფეოდალები და „კანონიერი ქუდები“. ჩვენ შევიქმენით და ყველა მათგანს ერთდროულად გამოვუცხადეთ ომი. ჩვენ გვებრძოდნენ კრიმინალური ავტორიტეტები, ასლან აბაშიძე, რუსეთის აგენტები. ჩვენ არც ქურდებს ვეთამაშებოდით, არც პატარკაციშვილს კალთას ვაფარებდით თავს, როგორც ბევრი და არც ასლან აბაშიძესთან გავრბოდით და არც ამ ქურდებს ვპირდებოდით „პალაჟენიას“. ჩვენ ვებრძოდით უკლებლივ ყველა მაშინდელ კლანს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს გიჟებად მივაჩნდით, სექტად გვაცხადებდნენ, მაგრამ ჩვენ გვჯეროდა იმისა, რაც არც ფულით იყიდება და არც ტყვიით ჩერდება – ეს იყო ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს წინაშე. ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია საქართველოს ისტორიაში, რომელიც უსისხლო რევოლუციით მოვიდა ხელისუფლებაში. ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელმაც მაშინ აიღო პასუხისმგებლობა ქვეყანაზე, როცა საქართველოზე ყველას ხელი ჰქონდა ჩაქნეული უშუქობის, უბედურების, კრიმინალის თარეშის პირობებში და ჩვენ ვართ პარტია, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს განახორციელა რეფორმები – ლარის კურსის სიმყარე, მრავალგზის გაზარდა ბიუჯეტი, ამოძირკვა და ხალხს დაავიწა უშუქობა, უგზოობა, უპენსიობა. ჩვენ ვართ ის პარტია, რომელმაც გაათვისუფლა და საქართველოს დაუბრუნა აჭარა“, – განაცხადა სააკაშვილმა.
 
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობაა“ ერთადერთი პარტია, რომელმაც ჩაუყარა საფუძველი ამ ტრადიაციას და ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბარა.
„ჩვენ ვიყავი ოპოზიცია, გავხდით ხელისუფლება, შემდეგ ისევ გარდავიქმენით ოპოზიციად და ახლა ისევ მზად ვართ დავიბრუნოთ ხელისუფლება. ასეთი რამ საქართველოსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიტიკურ ისტორიას არ ახსოვს. ჩვენი პარტია არის ის, რომელიც ყველა განსაცდელიდან გამარჯვებული გამოვა და ეს თქვენ გააკეთეთ. ამისთვის თითოეულ თქვენგანს დიდი მადლობა“, – მიმართა სააკაშვილმა ყრილობის მონაწილეებს. 
მიხეილ სააკაშვილის თქმით, მათ ბევრი რამ აქვთ გასახსენებელი – ის, თუ როგორ იბრძოდნენ „ვარდების რევოლუციის“ დროს, ასევე აჭარაში განვითარებული მოვლენები და 2008 წელი.
„თქვენ ხართ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და ბოლო თაობა, რომელსაც ეხსომება ჩაბნელებული და გაყინული საქართველო, სადაც პურზე იდგა რიგები. თქვენ გემახსოვრებათ ისეთი სახელები, როგორიცაა – „ატმორი“ და სხვა გამათბობლები, “ტურბო“, ნავთქურები. თქვენ ხართ ბოლო თაობა, რომელსაც ემახსოვრება, რომ საქართველო ქვეყანაც არ იყო შემდგარი და გარდაიქმნა ქვეყნად. თქვენ ხართ ხართ გარანტი, რომ საქართველო არასდროს დაუბრუნდეს და დარჩეს იმ ფსკერზე, რომელისკენაც დღეს ივანიშვილი მიგვექაჩება“, – განაცხადა საააკაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ არა მხოლოდ წარსულია, არამედ ეს არის მომავლის ყველაზე ნათელი ხედვა. 
 
„ნაციონალური მოძრაობა“ არის მოძრაობა. მე თავის დროზე ეს სახელი შემთხვევით არ დავარქვი. ეს არის მოძრაობა მხოლოდ წინ, მხოლოდ გამარჯვებისკენ, მხოლოდ მომვლისკენ. მოძრაობა შეუპოვარი და შეუჩერებელი. „ნაციონალური მოძრაობა“ არის თავისუფალი საქართველოს იდეა. ვიღაცისთვის შეიძლება ეს მოდურად არ ჟღერდეს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ ეს არის ქართული ამბიცია, განსაკუთრებული ქართველი ერის ამბიცია და პრეტენზია, რომ ვიყოთ განსაკუთრებულები და დიახ, ქართველი ერი განსაკუთრებულია და ნურავინ ცდილობს გაგვაბანძოს და ფსევდოლიბერალიზმის საბაბით ხელი აგვაღებინოს ჩვენს განსაკუთრებულობაზე“, – განაცხადა სააკაშვილმა. 
წინა სტატიაყრილობაზე მსჯელობენ სამომავლო პროგრამაზე: რას გააკეთებს პარტია ხელისუფლებაში დაბრუნების პირველ 30 დღეში
შემდეგი სტატია,,ის ხან „ბრონირებულ“ აკვარიუმში ზის და ერთობა ზვიგენებთან და ზებრებთან თამაშით, ხეების გადარგვით და ხანდახან ახალი პოლიტიკური პარტიების შექმნით” – მიხეილ სააკაშვილი ოლიგარქზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური