ვის ფულს ამადლის ,,ევროპული საქართველო” ,,ნაციონალურ მოძრაობას” და რატომ მოქმედებს პრინციპით ,,გაღმა შეედავე”

0
388
“ევროპული საქართველოს”  წევრი სერგო რატიანი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ თინა ბოკუჩავას პასუხობს და ფრაქციის შექმნასთნ დაკავშირებულ იურიდიულ დეტალებზე ტექნიკურ კონსულტაციებს სთავაზობს. 
“ფრაქცია „ევროპული საქართველო“ არ უშლის ხელს ენმ-ს ფრაქციის შექმნაში. – აცხადებს იგი – ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს იურიდიული დეტალები, რომლებიც შეიძლება ერთი შეხედვით გაუგებარი იყოს ჩაუხედავი პირისთვის, თუმცა ჩვენ მზად ვართ ამ თემასთან დაკავშირებით ტექნიკური კონსულტაციები გავუწიოთ ენმ-ის წარმომადგენლებს პარლამენტში, რათა მათ შეძლონ ფრაქციის შექმნა და ნორმალური ფუნქციონირება.
 ჩვენი ამოცანა ნამდვილად არ არის ენმ-ისთვის პარლამენტის ფარგლებში საქმიანობისთვის ხელის შეშლა. ამ მიზნით ჩვენ მზად ვართ ორმხრივ რეჟიმში გვქონდეს ურთიერთობები ენმ-ის წარმომადგენლებთან, საჯარო სივრცეში აზრთა სხვადასხვაობის გადმოტანის გარეშე. ჩვენი განცხადება პარტიის გაყოფის დღეს სწორედ იმისკენ იყო მიმართული, რომ ჩვენს შორის მოხდეს ტექნიკური და იურიდიული საკითხების დარეგულირება და თანამშრომლობა ამგვარ დეტალებზე ცივილიზებული ჩარჩოების ფარგლებში. სწორედ ამიტომ შესთავაზა სერგო რატიანმა ენმ-ს თანამდებობაზე დარჩენა და იურიდიული საკითხების მოგვარება და სწორედ ამიტომ იქნა დროულად გადარიცხული თანხა სპორტის სასახლისთვის, რათა ხელი არ შეშლოდა 20 იანვრის “ყრილობის” ჩატარებას. კარგი იქნება, თუ ენმ-ის წარმომადგენლები დღეიდან, ნაცვლად ჩვენთან დაპირისპირების გაგრძელებისა, ფოკუსირდებიან „ქართული ოცნების“ ოპონირებაზე და ძალისხმევას არ დაიშურებს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველად”, – აცხადებენ „ევროპულ საქართველოში“.
 
სერგო რატიანისგან ნაციონალური მოძრაობის მმართველი ბირთვისათვის იურიდიული კონსულტაციების  შეთავაზება სხვა არაფერია, თუ არა კიდევ ერთი დასტური ქედმაღლობისა, რომელიც, იმედია,  თან გაყვა მათ და აღარ დარჩა ,,ნაციონალურ მოძრაობაში'', თანხის გადარიცხვით თავის მოწონება  – ცინიზმისა, ხოლო   ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლაზე ფოკუსირების რჩევა  – მათი ახალი სამოქმედო პრინციპისა ,,გაღმა შეედავე''. 
 
შეგახსენებთ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ ყოფილ თანაგუნდელებს, რომლებმაც ”ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციას სახელი შეუცვალეს და თავმჯდომარე გადააყენეს, ამ ფრაქციის დატოვებისკენ მოუწოდა. ,,ეს არის ”ნაციონალური მოძრაობის” ფრაქცია და პარტიიდან გასული წევრები მიმართავენ ხრიკებს, პარტიის სახელწოდების შეცვლის და თავმჯდომარის გადარჩევით, შეინარჩუნონ თანამდებობები და მიიღონ ის სარგებელი და სიკეთე, რაც ამ ფრაქციას მოაქვს – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
 
წინა სტატიამაკა ჩიჩუას ძმა აცხადებს, რომ მისი ბინიდან ამოღებული იარაღი რკინის ნაჭრებია და გარდაცვლილი მამის დანატოვარი
შემდეგი სტატიასაკრებულოს დეპუტატი სევდია უგრეხელიძე საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური