ანდრო ბარნოვი ორგანიზაციული დაპირისპირების მითსა და რეალობაზე

0
470
საზოგადოებრივი ორგანიზაცია "სამოქალაქო რეფორმაციის დამფუძნებელი" და "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი, ანდრო ბარნოვი "გირჩის" გიგა ბოკერიასთან დაბრუნებას პროგნოზირებს. ბარნოვი პარტიაში მიმდინარე პროცესებზე სოციალურ ქსელში საუბრობს. 
 
"სამ თვეზე მეტია, პარტიაში ეს პროცესი მიმდინარეობს და, სამწუხაროდ, მან დღემდე ვერ შეიძინა ის საზოგადოებრივი დატვირთვა, რაც მას სინამდვილეში აქვს. პროცესი დღემდე გამოიყურება ორგანიზაციულ დაპირისპირებად, რაც არ შეესაბამება სრულ სიმართლეს და რაც არის არა მედიის ბრალი, არამედ იმის, რომ ლიდერები, როგორც ჩანს, იმდენად გადაიტვირთნენ საორგანიზაციო საკითხებით, რომ უფრო ფართო საზოგადოებასთან კომუნიკაციის დრო აღარ ყოფნით. არადა, თუ ამ პროცესს სწორ ქუდს არ დაახურავ, თუ პროცესი ორგანიზაციული დაპირისპირების მითში ჩაიკეტება, მაშინ ივანიშვილი თავის ამოცანას უპრობლემოდ შეასრულებს.
 
რატომღაც ყველა ელის "20-ის მერე" პერიოდს. არადა, 20-ის მერე კიდევ იქნება ეტაპები, რასაც ასევე შეიძლება დაელოდო. ეს ეტაპები არ დასრულდება მანამ, სანამ პარტია არ დადგება ე.წ. "შესრულებული ბედის" წინაშე (მალე).
 
ამიტომ, საჭიროა მოქმედება დღეს. საზოგადოებას კარგად უნდა ავუხსნათ, რომ დღეს ბრძოლა მიდის არა უბრალოდ სააკაშვილის წინააღმდეგ, არამედ – პრინციპულად ყველა იმ საფრთხის წინააღმდეგ, რამაც ივანიშვილის მონარქიას შეიძლება საფრთხე შეუქმნას. ბრძოლა მიდის არსებითად დემოკრატიის წინააღმდეგ, ხალხის თავისუფალი ნების გამოვლინების წინააღმდეგ და ამ ბრძოლას ახორციელებენ ერთმანეთში გადაწნული სახელისუფლო და არასახელისუფლო კლანები და ბანდები.
 
შემოწმება მარტივია: დღეს საქართველოში დარჩა მხოლოდ ერთი ოპოზიციური პარტია ენმ-ს სახით. თუ პროცესი ასე გაგრძელდა, აღარც ის იარსებებს და დავბრუნდებით ზუსტად შევარდნაძის დროში, როდესაც მთელი პოლიტიკური სპექტრი დაკომპლექტებული იყო თოჯინებით, რომლებსაც ყავდათ ერთი რეჟისორი და სცენის გამნათებელიც კი. ძალიან ადვილია, დაინახო, რომ ეს პროცესი არათუ უკვე მიმდინარეობს, არამედ – თავის დასკვნით ფაზაშია შესული.
 
იმდენად ნათელია ყველაფერი, რომ (სხვა თანაბარ პირობებში) უტყუარი პროგნოზების გაკეთებაც კი შეიძლება. მაგალითად, როგორ დაბრუნდება გირჩი ბოკერიასთან, რომელმაც ჩემი ღრმა რწმენით თავადვე მისცა კურთხევა მათ გასვლას, როგორ დარჩება ცნობადი სახეებით დაკომპლექტებული "ევროპული საქართველო" ხმაურიან, თუმცა ბოლომდე მართულ ოპოზიციად, როგორ მოასუფთავებენ ეს ორნი (ხელისუფლება და ყალბი ოპოზიცია) გზას ივანიშვილის მონარქიისათვის ხალიჩის გასაფენად და როგორ დიდხანს და მორჭმით უგვირგვინოდ იმეფებს ჭორვილას ბატონი მთელ საქართველოზე",- წერს ბარნოვი. 
წინა სტატიაერთ–ერთი შესაძლო პასუხი გია ნოდიას კითხვაზე ,,ვინც მიშას ერთგული რჩება, აპირებს თუ არა პარლამენტში მოღვაწეობას?”
შემდეგი სტატიააზერბაიჯანმა ჟურნალისტი გურამ როგავა სხვა ექვს პირთან ერთად პერსონა ,,ნონ–გრატად” გამოაცხადა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური