ილია მეორე:” უფლის შეწევნითა და ღვთისმშობლის მეოხებით საქართველო კვლავაც ქრისტეს გზას ერთგულად მისდევს და შობის მახარობელია”

0
381
   უფლის შეწევნითა და ღვთისმშობლის მეოხებით საქართველო კვლავაც ქრისტეს გზას ერთგულად მისდევს და შობის მახარობელია. ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლეში.ეპისტოლეში კათოლიკოს-პატრიარქი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ დღესაც მსოფლიოს მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ურწმუნოების ცოდვაშია. „რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, რომ მაშინ, როდესაც ამდენი ხანია ქრისტე ჩვენს განსაკურნებლად მოვიდა, დღესაც მსოფლიოს მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ურწმუნოების ცოდვაშია; ეს გასაკვირი არც არის, რადგან ჭეშმარიტ სარწმუნოებას ყოველ დროში მხოლოდ ჭეშმარიტი ღვთის ნების აღმსრულებელი ადამიანები ინარჩუნებდნენ. ეს რჩეული სამწყსო არის პიროვნულ მაღალ ღირებულებათა მაღიარებელი კრებული, იმ პირთა ერთობა, რომელთათვისაც ღმერთი მარტო ძალა კი არ არის, რომელიც ძველ აღთქმაში ზოგჯერ ცეცხლის, გრიგალის, ღრუბლის, მგრგვინავი ხმის სახით… ეცხადებოდა, არამედ ბეთლემს შობილი ემანუელი (რაც ნიშნავს: ,,ჩვენთან არს ღმერთი”), მეორე პირი ყოვლადწმინდა სამებისა, რომელმაც წინ სწორედ პიროვნული ღირსებები წამოსწია, დაგვანახა რა, რომ ნებისმიერი ჩვენგანი უნიკალურია, განუმეორებელია, ხატია უფლისა და სული წმინდის მადლით ღვთის მადლისმიერი ძეობის აღდგენა ძალუძს“, – ნათქვამია ეპისტოლეში.პატრიარქის თქმით, მიუხედავად მრავალსაუკუნოვანი განსაცდელისა და ათასგვარი ჭირ-ვარამისა, უფლის შეწევნითა და ღვთისმშობლის მეოხებით საქართველო კვლავაც ქრისტეს გზას ერთგულად მისდევს და შობის მახარობელია.პატრიარქი მიმართავს საქართველოში მცხოვრებ ქართველებს, ოსებს, აფხაზებს, ბერძენებს, რუსებს, უკრაინელებს, ებრაელებს, ასირიელებს, უდინებს, სომეხებს, აზერბაიჯანელებს, ქურთებს, ქისტებს, ლეკნებს, ჩერქეზებს და მოუწოდებს მათ რომ ერთსულოვნებით გაძლიერდნენ.„რა თქმა უნდა, მე ვიცი, როგორ უჭირს ჩვენს ხალხს, რამდენი განსაცდელითა და ტკივილითაა სავსე ეს წუთისოფელი, მაგრამ მწამს ისიც, რომ მიუხედავად მრავალი სიმძიმისა და დაბრკოლებისა, ჩვენი ერი ღირსეულად გაივლის გოლგოთის გზას და უფალთან ერთად აღდგება და გაიხარებს“, – ნათქვამია პატრიარქის ეპისტოლეში.
 
 
წინა სტატიასაქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი შობას დუშეთში შეხვდა
შემდეგი სტატიაზუგდიდში საზეიმო მსვლელობა “ალილო” გაიმართა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური