ვის აქვს პრობლემა ხალხთან და ვის მიხეილ სააკაშვილთან

0
378
გიგა ბოკერია და ნუგზარ წიკლაური აფასებენ ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს სხდომის ჩაშლას კვორუმის არ შედგომის გამო. 
,,მიხეილ სააკაშვილის დაქვემდებარებაში მყოფი ჯგუფი, სამართლებრივად, ყრილობის ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, -განაცხადა 
გიგა ბოკერიამ ამ  საკითხის კომენტირებისას  
 
მისი თქმით, პარტიის ის ნაწილი, რომლის ზოგადი პოზიცია ყოველთვის ის იყო, რომ როგორც მიხეილ სააკაშვილი იტყვის, ავტომატურად ისე უნდა იყოს, ნაბიჯ-ნაბიჯ ხლეჩს პარტიას.
 
"ეს პირველ რიგში მდგომარეობს იმ ბინძურ კამპანიაში, ივანიშვილთან გარიგებასთან დაკავშირებით, რომელშიც სამწუხაროდ თვითონ მიხეილ სააკაშვილმაც მიიღო მონაწილეობა (იხილეთ მისი გამოსვლა ზუგდიდში) და გაგრძელდა პარტიის ლეგიტიმური ორგანოს ბოიკოტირებით. ძალიან სამწუხარო რეალობაა. დათო ბაქრაძეს ჰქონდა გულწრფელი მცდელობა, რომ ეს არანორმალური ვითარება შეცვლილიყო. რეაქცია მის გამოსვლაზე იყო – ნახეთ როგორ შეეშინდათ. მძიმეა ეს ვითარება", – თქვა ბოკერიამ.
 
ბოკერიას თქმით, ისინი ხვდებიან პარტიის რიგით წევრებს და მსჯელობენ იმაზე, თუ რა გააკეთონ მძიმე ვითარებიდან გამოსასვლელად.
 
"ვშიშობ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენს ხელში არ არის ეს გასაღები, ეს გასაღები არის ერთი ადამიანის ხელში – ეს არის მიხეილ სააკაშვილი და მის დაქვემდებარებაში მყოფი ჯგუფი, რომელიც ამ სიბინძურეს, ამ ტალახს ისვრის და ასე სამარცხვინოდ იქცევა სამწუხაროდ", – თქვა ბოკერიამ.
 
ბოკერიას თქმით, ასეთი დამოკიდებულებით ქვეყნის წინსვლა და ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება ვერ მოხდება.
 
გიგა ბოკერიას ასევე კითხეს, კითხვის ნიშნის ქვეშ ხომ არ დგება 20 იანვარს დაგეგმილი ყრილობის ჩატარება.
 
"ისინი აყენებენ ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ თვითონ, მაგრამ მთავარი პრობლემა არის ზოგადი დამოკიდებულება. ყველაფერი დაიწყო პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, კამპანია ღალატზე, კამპანია ივანიშვილთან გარიგებაზე, მერე უკვე უგულვებელყოფა ხდება საკუთარი პარტიის ორგანოების – ასეთი დამოკიდებულებაა, რომ მნიშვნელობა არ აქვს პოლიტსაბჭო, რას იზამს", – განმარტავს ბოკერია და ამატებს, რომ თუ პოლიტსაბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ვიღაცას აწყობს, მაშინ ეს კარგია და თუ არა, მერე უკვე ბოიკოტს მიმართავენ.
 
ბოკერიამ მაგალითად პოლიტსაბჭოს წინა გადაწყვეტილება მოიყვანა, რომელსაც არ თანხმებოდა პარტიის ერთი ნაწილი.
 
"ჩვენი რეაქცია იყო, რომ ეს არის დემოკრატიული პროცესი და ეს ასე უნდა იყოს. მეორე მხარე, ე.წ ის მხარე, რომლისთვისაც მიშა ავტომატურად მართალია, ისინი იქცევიან სრულიად საპირისპიროდ. თუ არ მოსწონთ, ან პერსპექტივაში ხედავენ ამის საფრთხეს, ლეგიტიმური ორგანოების გადაწყვეტილების უბრალოდ ბოიკოტს ახდენენ, ან უგულვებელყოფენ, ან ღალატზე და შეთქმულებაზე საუბრობენ",- ამბობს ბოკერია.
 

რაც შეეხება ბოკერიასა და მისი თანამოაზრეების მიმართ კრიტიკულად განწყობილ მხარეს, მათ თვალსაზრისს ასე აყალიბებს ნუგზარ წიკლაური:  
,,პოლიტსაბჭოს სხდომაზე კვორუმის ვერშეკრებამ ახალ გაკაპასებას, ბრალდებებს და უსაფუძვლო პროგნოზებს მისცა ბიძგი.
– ყრილობა არ იქნება ლეგიტიმური; პარტია დაიშლება, ბელადომანები გვებრძვიან,
მიშა დესტრუქციულია, ჩიხში ვართ, – აცხადებენ პოლიტსაბჭოს გაუწონასწორებელი წევრები.
რეალურად, განდგომილებს პრობლემა არც ჩვენთან აქვთ, არც სააკაშვილთან. ისიც კარგად იციან, რომ არც ყრილობის ლეგიტიმაციას ემუქრება საფრთხე და არც მის ჩატარებას.
 
პარტიის წევრთა ვიწრო, არადემოკრატიულ და კარჩაკეტილ ჯგუფს პრობლემა აქვს ხალხთან, ნაციონალური მოძრაობის წევრებთან და მხარდამჭერებთან, რაც ადრე გამოიხატა პარტიის მხარდამჭერთა სამარცხვინო დაგმობით და მცირე, მანიპულირებადი ყრილობის იდეის ლობირებით.
ამიტომაც არის, რომ ხან ბელადომანებს უწოდებენ ჩვენს აქტივისტებს და ხანაც რაღაც ფანტასტიკურ, არარსებულ ფლანგებზე საუბრობენ უსაგნოდ.
 
კარჩაკეტილთა ჯგუფის პოლიტიკური მომავლისთვის მთავარი საფრთხე არის ხალხი, ეს გარემოება დღითი დღე ცხადი ხდება თვით პარტიის მხარდამჭერთათვის და აუცილებლად აისახება ყრილობის დელეგატების განწყობაზე.
 
ხალხი ვერ გადადგება!
ყრილობა ვერ გადადგება!
 
ეს უბრალო ჭეშმარიტება უნდა ესმოდეს ყველას, ვისაც საქართველოს ყველაზე სახალხო პარტიაში წარმატების მიღწევა სურს.
ყრილობა ჩატარდება 20 იანვარს და მიიღებს პარტიის მომავლისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. 
პარტიის აქტივისტებს, მებრძოლებს, მხარდამჭერებს ამ უფლებას ვერანაირი იზოლირებული ჯგუფი ვერ წაართმევს.'' – წერს ნუგზარ წიკლაური თავის ფეისბუქგვერდზე.

წინა სტატია”ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს სხდომა ჩაიშალა
შემდეგი სტატიამამუკა ღლონტი: ” ”მაესტროს” ჟურნალისტების ძალიან მცირე ნაწილს გადაიყვანენ ”იმედზე”, დანარჩენებს გაყრიან ქუჩაში”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური