მიხეილ სააკაშვილი: ნაციონალური მოძრაობა ტრამვაი არ არის, რომ პარლამენტამდე მიგიყვანოს და ჩამოხტე

0
398
,,ახლა არ არის საიდუმლო, რომ ზოგიერთმა პარტია გამოიყენა როგორც ტრამვაი  დანიშნულების პუნქტში მისასვლელად.  პარლამენტში მოხვდე და მერე ჩამოხვიდე და გააგრძელო – ასე  არ გამოვა.’’  – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ ოზურგეთში პარტიის აქტივთან შეხვედრაზე სკაიპით ჩართვისას.   – მაგალითად, მინდა ვიკითხო, აგერ არის ბესო ქათამაძე და სხვები, ყველა,  მაგრამ სად არის მაგალითად, ნინო  კვიტაიშვილი? (პასუხი- არ არის, არა!).  არ არის, ჰოდა, მაგაშია საქმე, როცა პარლამენტში გადიოდა, მხოლოდ მაშინ მოვიდა თქვენთან. ესე იგი გამოდის –  რომ  გასულიყო პარლამენტში, ზუსტად ისევე ჩამოხტებოდა  ამ ტრამვაიდან,  როგორც  სხვები. 
 
ეს ხომ არ არის სწორი. "ნაციონალური მოძრაობა" არ არის  დროებითი გამოყენების იარაღი, "ნაციონალურმა მოძრაობამ" უნდა მიგვიყვანოს ჩვენ და ჩვენი ქვეყანა გამარჯვებამდე , უნდა გააძლიეროს  ქვეყანა,   გააგრძელოს ქვეყნის განვითარება და წინსვლა. ამიტომ  ჩვენ   ისეთი ხალხი უნდა ვიყოთ ამ პარტიაში, რომელიც ამაყობს იმითი, რაც შექმნა. ამაყობს იმითი, რაც გავაკეთეთ იმ 8 წელიწადში. მე, რა თქმა უნდა, ვდარდობ იმაზე, რაც ვერ გავაკეთეთ, მაგრამ რაც გავაკეთეთ, ამითაც ძალიან ვამაყობ." -განაცხადა სააკაშვილმა 
 
ექსპრეზიდენტმა გააკრიტიკა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერთა ის ნაწილი, რომელიც  განუწყვეტლივ საუბრობს და აქცენტები გადააქვს  პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაშვებულ შეცდომებზე. 
 
ბოდიშის მოსახდელი არაფერი გვაქვს. ჩვენ გვაქვს ყველაზე წარმატებული ეპოქა საქართველოს ისტორიაში. მივმართავ, ვისაც თავზე ნაცრის დაყრა უნდა, ვისაც ბოდიშების მოხდა უნდა, ვისაც ივანიშვილის ისტორიების განმეორება უნდა: 
რა ჩავიდინეთ საშინელება? – ის, რომ ქვეყანა ქვეყანას დავამსგავსეთ? ის, რომ  ჭაობიდან ამოვათრიეთ, ის, რომ თითოეულმა თქვენგანმა დაუღალავად იშრომა, ისე, რომ სახლში არაფერი წაუღია, ის, რომ  ააშენეთ, იწვალეთ უბედურებაში, უშუქობაში, უწყლობაში, და იქიდან გამოვიყვანეთ ქვეყანა – ამაზე უნდა მოვიხადოთ ბოდიში?
რა დანაშაულებებზე ლაპარაკობთ?  
დანაშაულია ჩვენი დანაშაულებაში დადანაშაულება, დანაშაულია ჩვენი ცილის წამება, დანაშაულია ივანიშვილის  ტყუილების განმეორება.
 
ჩვენ გვაქვს დიდი მიღწევები  და შეცდომებისგან არავინ არის დაზღვეული,  მაგრამ, ვინც არაფერს აკეთებს,  ის შეცდომებსაც არ უშვებს. იმ ადამიანებისგან, ვისაც შეიძლება ნაკლები ქონდა გაკეთებული , ადვილია ლაპარაკი სხვის შეცდომებზე.  ამიტომაც  ლაპარაკობენ ამდენს .
თითულ აქტივისტს  შეუძლია იამაყოს იმითი, რაც ჩვენ ყველამ ერთად შევქმენით
 ამიტომ 20-ში ყრილობაზე უნდა ვთქვათ ეს ყველაფერი, უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ არავის წინაშე ბოდიშის მოსახდელი არა გვაქვს, მითუმეტეს,  ამ უნიჭო, კორუმპირებული, გაუბედურებული, საშინელი მთავრობის წინაშე, რომელიც მარტო ნაცნობობით და  მეგობრობით  აკეთებს ყველაფერს და რომლის ხელდასხმა ხდება იმის მიხედვით , ვინ როგორ დაიწერს ქულებს ივანიშვილის წინაშე'' -განაცხადა სააკაშვილმა 
 
"ჩვენ გვჭირდება ის ხალხი, ვისაც ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ჩვენ ვართ მართლები, გვჭირდება ახალი პოლიტსაბჭო იმიტომ, რომ პარტიის მართვა  ვიწრო ჯგუფიდან უნდა წამოვიდეს და დაუბრუნდეს თითეულ თქვენგანს. იმიტომ, რომ სხვანაირად არ გამოვა. პარტია იქნება  წარმატებული მაშინ, როცა დაამარცხებს ივანიშვილს და მაშინ დაბრუნდება ხელისუფლებაში, როცა აქტიურად იმოქმედებს, როცა არ გარიგდება".  
 
საზოგადოების დამოკიდებულებას ყველა ხედავს, როგორ შეიცვალა და კიდევ შეიცვლება უკეთესობისკენ.
 ამიტომ ჩვენ ვემზადებით 20 იანვრის ყრილობისთვის, ყრილობა არ უნდა გადავდოთ არავითარ შემთხვევაში იმიტომ, რომ ხალხმა დაიბრუნოს პარტიის მართვა. 20 იანვარს არა მხოლოდ განხეთქილება არ მოხდება, პირიქით ჩვენი პარტია გაძლიერდება.''- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა
 
წინასაყრილობო შეხვედრას  გურიაში  "ნაციონალური მოძრაობის" 300-ზე მეტი აქტივისტი დაესწრო.
 
წინა სტატიაცვლილება სტუდენტთა დაფინანსების წესებში – ოთხწლიანი გრანტი მხოლოდ ეროვნული გამოცდების შედეგებით აღარ გაიცემა
შემდეგი სტატია”ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს სხდომა ჩაიშალა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური