მიხეილ სააკაშვილი ტვირთია ნაციონალური მოძრაობისთვის? თუ ამას აცხადებ, დისტანცირება სხვა რაღაა?

0
399
 ,,ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარტიის პოლიტსაბჭო დაშალა. '' – გივი თარგამაძე.
,,ენმ ამთავრებს არსებობას. '' – დავით დარჩიაშვილი.
 "ნაციონალურ მოძრაობას" წყალი მისმა დამფუძნებელმა, მიხეილ სააკაშვილმა შეუყენა'' – გია ნოდია.
 
ასეთი ტალღა ააგორეს გუშინ სოციალურ ქსელსა და ინტერნეტმედიაში  პერსონებმა, რომელნიც, პარტიის აქტივისტებისა და მხარდამჭერთა უდიდესი ნაწილის  აზრით, ბოლო თვეებია  თავმჯდომარის   საკითხზე დავის საფარველით პარტიიდან მისი დამფუძნებლისა და უპირობო ლიდერის მიხეილ სააკაშვილის დისტანცირებას ლამობენ. 
 
ეს  აჟიოტაჟი ახალი ძალით გაცხოველდა პარტიის სამდივნოს გუშინდელი სხდომის შემდეგ, სადაც გივი თარგამაძის თქმით, მან და მისმა თანამოაზრეებმა  პოლიტსაბჭოს კიდევ ერთი შეკრების ჩატარების საკითხი დააყენეს, მაგრამ  უარი მიიღეს.
,,წინა პოლიტსაბჭოზე გამარჯვებულებს საკრალური 7 ათასის გარდა ყრილობის ჩატარების არც ერთი წესი ბოლომდე გაწერილი არ აქვთ და ასე მოქმედება შეუძლებელია, საჭიროა პოლიტსაბჭოს კიდევ ერთი სხდომის ჩატარება და ყველაფრის დაზუსტება, მაგრამ გვიპასუხეს, რომ პოლიტსაბჭო მათი (ანუ მისი) გაგებით აღარ არსებობს და აწი ყველაფერს გადაწყვეტს ყრილობის საორგანიზაციო კომისია. გამოცხადებული გახსნილობის, მაქსიმალური ჩართულობის, კულუარული, კაბინეტური მმართველობის მსხვრევის ფონზე უპირობო ავტორიტეტს უკვე გადაწყვეტილი 7 ათასიანი ყრილობის წესების დასაზუსტებელი პოლიტსაბჭოს ჩატარებისაც კი შეეშინდა და სურს მხოლოდ ყრილობა-ბალაგანი, ერთგვარი ხურალი, რომელზეც არც ერთი საკითხის არსს არ ექნება მნიშვნელობა და ექსტაზში მყოფთა შეძახილების ფონზე ყველაფერი, ყოველგვარი პოზიციების შეჯერებისა და ხმების დათვლის გარეშე ისე დამტკიცდება, როგორც სურს.  ამის უტყუარი ნიშანი ზუგდიდის შეხვედრაზე უკრაინულ ჩართვაშიც იყო – პარტიის ლიდერშიპის ნაწილი ყოფილ თანამებრძოლებად მოიხსენია, უკვე სრულიად დაუფარავად დასდო ბრალი ივანიშვილთან გარიგებაში. – აცხადებს გივი თარგამაძე. 
 
გუშინ თავის ფეისბუქგვერდზე ამ პროცესებს გია ნოდიაც გამოეხმაურა.  ,,არ ვიცი, როგორ ჩატარდება და რით დამთავრდება ყრილობა, მაგრამ დიდი ალბათობით, ეს იქნება ნაბიჯი პარტიის არსებითი დასუსტებისა და, შესაძლოა, მარგინალიზაციისკენ.
ეს დიდი და დაუმსახურებელი საჩუქარია ბიძინა ივანიშვილისთვის. ვაღიარებ, რომ არ ველოდი მოვლენების ასეთ განვითარებას. ეს ყველაფერი ძალიან სამწუხაროა, არა მხოლოდ პარტიისთვის, ან მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მემკვიდრეობისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც.
"ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა შანსი, საქართველოს ისტორიაში პირველი ნამდვილი პოლიტიკური პარტია გამხდარიყო (და არა რომელიმე ლიდერის ჯიბის ორგანიზაცია, როგორიცაა, მაგალითად, "ქართული ოცნება" ან ლეიბორისტული პარტია, როგორიც იყო მოქალაქეთა კავშირი ან აღორძინება). ახლა ეს შანსი იკარგება. (გაფრთხილება: თუ ვინმე ჩათვლით, რომ მიხეილ სააკაშვილს ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში ვადანაშაულებ, ცდებით).'' – წერს იგი.
 
 ,,ენმ ამთავრებს არსებობას. ნუ, იმ ფორმით და შემადგენლობით, რითაც ქვეყნის მოდერნიზაციის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ მცდელობასთან ასოცირდებოდა. დრამაა, მაგრამ ტრაგედია არა. ისტორია კი გაგრძელდება (საქართველოს მოდერნიზაციას ვგულისხმობ), – კასანდრას როლი მოირგო  დავით დარჩიაშვილმა.
 
ოთო კახიძე, როგორც ბოლო დროს დასჩემდა, განცხადებებში  კვლავ ორად იხლიჩება, ერთ ნახევარში  მწარე აბის დატკბობას სიროფით ცდილობს, ხოლო თავის სათქმელს ანუ  მწარე აბს მეორე ნახევარში სთავაზობს მისგან განსხვავებული აზრის მქონე პარტიის მხარდამჭერებს. –  დღეს გაკეთებულ განცხადებაშიც იგი ერთის მხრივ ამბობს, რომ  მიხეილ სააკაშვილისგან  დისტანცირების თემა არავის წამოუწევია, გარდა ახალაიების ფლანგისა, რომ სააკაშვილის გაწევა არავის ამოცანა არ არის, ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგაც სააკაშვილი დარჩება პარტიის ლიდერად, ხოლო თავმჯდომარის აურჩევლად იგი მაინც ვერ იქნება ფორმალური თანამდებობის პირი და კვლავ ლიდერის სტატუსს უნდა დასჯერდეს,  და იქვე ამბობს, რომ   ,, ელექტორალურად სააკაშვილი არის სერიოზული კაპიტალი, მაგრამ ტვირთიცაა, ვინაიდან მისი მმართველობის დროს დაშვებულ შეცდომებზეც აქვს პასუხისმგებლობა. ''
 
მიხეილ სააკაშვილი ტვირთია ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის?
თუ ამას აცხადებ, დისტანცირება სხვა რაღაა?
 

წინა სტატიადღეს დილით დაკავებული თურქეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი თავისუფალია
შემდეგი სტატიასაქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური