დასავლეთ საქართველოში რამდენიმე დღეა გადაუღებლად თოვს. უამინდობა წუხელ ღამით კვლავ გრძელდებოდა მაღალმთიან აჭარაში, განსაკუთრებით რთული მდგომარეობა შეიქმნა ხულოში – თოვლის საფარი ზოგიერთ ადგილებში 80 სანტიმეტრამდე აღწევს, მუნიციპალიტეტთან , გოდერძის სათხილამურო ტრასის მიმართულებით ზვავიც ჩამოწვა. უხვი ნალექის გამო ჩაკეტილია ხულოს მუნიციპალიტეტის შიდა გზები დანისპარაულისა და ხიხაძირის ხეობის მიმართულებით.
პრობლემებია ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე. გზა იწმინდება, მაგრამ , თუმცა ნალექი მალევე კეტავს გზას, მოძრაობა შეფერხებულია და გადაადგილება მხოლოდ ორ ხიდიანი ავტომანქანებით არის შესაძლებელი.
დიდთოვლობასთან ერთად, ზემო აჭარის მოსახლეობას ელექტროენერგიის პრობლემაც აქვს. ამ დროისთვის ხულოსა და შუახევში მოსახლეობის მხოლოდ ნაწილს აქვს დენი. ელექტროენერგია სრულად მიეწოდებათ ქედაში.
როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, ამ დროისთვის, ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება ზემო აჭარაში ხულოსა და შუახევის რაიონების ნაწილს, ზემო იმერეთში კი – ჭიათურისა და საჩხერის რაიონების ნაწილს.
„ენერგო-პრო ჯორჯია“- აცხადებს, რომ ყველა საშუალებით ცდილობს აღდგენითი სამუშაოების ჩატარებას, სადაც ტექნიკური სამსახურის მანქანები ვერ აღწევს, პერსიონალი ფეხით ცდილობს მისვლას, თუმცა ესეც გართულებულია. ცალკე პრობლემაა ადგილებზე აღდგენითი სამუშაოებისთვის საჭირო მასალების შეტანა. კომპანია ცდილობს, სადაც ეს შესაძლებელია, ხაზების აღდგენამდე სხვა ადგილებიდან მიაწოდოს შუქი მოსახლეობას. რაც შეეხება სასიცოცხლო ობიექტებს, საავადმყოფოებს, მათ ელექტროენერგიის მიწოდების ალტერნატიული გზები აქვთ და დენის პრობლემა არ ექმნებათ.