2012 წლიდან რელიგიის თავისუფლების მხრივ მდგომარეობა საქართველოში მნიშვნელოვნად გაუარესდა

0
363
2012 წლიდან რელიგიის თავისუფლების მხრივ მდგომარეობა საქართველოში, წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაუარესდა – ამის შესახებ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის კვლევაშია ნათქვამი.
 
არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, არსებულ გამოწვევებს სახელმწიფომ არასეკულარული და დისკრიმინაციული პოლიტიკით უპასუხა, რის გამოც რელიგიური კონფლიქტების დიდი ნაწილი, ამ დროისთვის დაკონსერვებულია.
 
ისინი არ გამორიცხავენ, რომ ვითარება კვლავაც დაიძაბოს. რელიგიის თავისუფლების კუთხით ქვეყანაში არსებულ ძირითად გამოწვევებზე დღეს კონფერენცია გაიმართება, სადაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს პოლიტიკასაც შეაფასებენ.
 
„საქართველოში რელიგიის თავისუფლების კუთხით დგომარეობა გაუარესებულია.  წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები, რომელიც ქვეყანაში არსებობს, კვლავ გადაუჭრელია,“- განაცხადა ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელმა თამთა მიქელაძემ. – ამის  მაგალითად ნიგვზიანში, წინწყაროში, სამთაწყაროში, მოხეში, ადიგენში, ქობულეთში, ჭელასა და თერჯოლაში მომხდარი დაპირისპირების ფაქტები დაუსახელა.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ქართველი მუსლიმი თემის მიმართ გამოვლენილი რელიგიური კონფლიქტების ციკლი, იეჰოვას მოწმეთა მიმართ რელიგიური ძალადობის ზრდა, პოლიტიკური და სოციალური ცხოვრების თითქმის ყველა დონეზე მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენის გაძლიერება, რელიგიური თავისუფლების მხრივ შექმნილი პრობლემური მდგომარეობის ყველაზე აშკარა ინდიკატორებია.
„საანგარიშო პერიოდში გამოვლენილ, რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის შემთხვევებს არ გააჩნდათ მხოლოდ ინდივიდუალური იზოლირებული ხასიათი და მეტწილად სხვადასხვა რელიგიურ და სოციალურ ჯგუფებს შორის კონფლიქტისა და გაუცხოების ფორმით წარმოჩინდა, რაც პრობლემის კომპექსურობაზე მიუთითებს და სახელმწიფოს მხრიდან სისტემური პოლიტიკის გატარებას მოითხოვს. სამწუხაროდ, აღნიშნულ გამოწვევებს სახელმწიფომ არასეკულარული და დისკრიმინაციული პოლიტიკით უპასუხა, რის გამოც, რელიგიური კონფლიქტების დიდი ნაწილი ამ დროისთვის დაკონსერვებულია ან ვითარება კვლავაც ესკალაციის საფრთხის წინაშე დგას“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

წინა სტატიაპრეზიდენტის სამძიმარი თურქ ხალხს
შემდეგი სტატია80 სმ სიმაღლის თოვლი,ზვავები და უშუქობა მაღალმთიან აჭარასა და ზემო იმერეთში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური