კომპონენტები გახმობისთვის განწირული ხის გარშემო

0
404
„გვაქვს შეგრძნება, რომ ჩვენ ვართ არა ქვეყნის მოქალაქეები, რომელზეც სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, არამედ ვართ კომპონენტები ერთი ხის გარშემო. ამის ფონზე კი ცვლილებების სურვილი გვიჩნდება და ეს ცვლილებები შეუძლია ერთადერთ პოლიტიკურ ძალას საქართველოში და ეს არის ნაციონალური მოძრაობა'' –  ეს განცხადება ზუგდიდელმა პედაგოგმა  ლელა ქებურიამ, აწ უკვე  საქართველოს პარლამენტში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიით არჩეულმა დეპუტატმა რუსთავი 2 – ის ,,არჩევანის'' ერთერთ წინასაარჩევნო გადაცემაში გააკეთა. 
 
ბევრს მაშინ ყური მოჭრა პროვინციალიზმმა, რომელიც პოლიტიკური სპიჩის მხატვრული მეტაფორით გაჯერებაშიც გამოიხატება ხოლმე, მაგრამ ცოტა ვინმეს თუ აღძვრია ეჭვი, რომ სულ მცირე ხანში იგი თავად გადახედავდა მაღლიდან თავის ამომრჩეველებს და ,,ერთი ხის ( თავისი პოლიტიკური კარიერის) გარშემო კომპონენტებად'' ჩათვლიდა მათ.  
 
 ეს მეტამორფოზა  რომ არა,  იგი თავს უფლებას არ მისცემდა შეერთებოდა ,,შიდაპარტიულ დემოკრატიად'' შეფუთულ  კამპანიას, რომელიც  ენმ – დან მისი ლიდერის დისტანცირებას ისახავს მიზნად, და უგულვებელეყო  ის მარტივი ჭეშმარტება, რომ დეპუტატის  მანდატი მიიღო არა რაიმე განსაკუთრებული პირადი დამსახურების, არამედ მისი კანდიდატურის  წარმდგენი პოლიტიკური გუნდისადმი  ამომრჩევლის ნდობის გამო, ხოლო თუ პარტიაში მიმდინარე პროცესებზე ამომრჩეველთა მასობრივი გამოხმაურებების მიხედვით ვიმსჯელებთ,   ეს ნდობა,  მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანამოაზრეების  დამსახურებას ეყრდნობა.
 
ამ დღეებში  ლელა ქებურიამ განგაში ატეხა მის მიმართ ფეისბუქში გაჟღერებული ე.წ. ,,მუქარის შემცველი  პოსტის''  გამო, რაც საეჭვო ენთუზიაზმით აიტაცეს სხვადასხვა  მედიასაშუალებებმა, ისიც ასეთივე ენთუზიაზმით არიგებს ინტერვიუებს და სულ უფრო ღრმად ეფლობა პოლიტიკურ ინტრიგებში, რომლის ახალი და  თვით მრავლისმნახველი ადამიანებისთვისაც  კი მოულოდნელი კომპონენტია  ენმ ამომრჩევლის დაშანტაჟება მითით პარტიაში ,,ახალაიებისა და მეგის ქარდავას კლანის'' შესაძლო აღორძინების  შესახებ.
ცხოვრება პარადოქსებით არის სავსე, ის, ვინც უჩიოდა მმართველი ძალის მიერ  ხალხის აღქმას თავისი პოლიტიკური ვნებების კომპონენტებად  და სავსებით სამართლიანადაც, თვალსა და ხელს შუა ყალიბდება, როგორც ამ ხალხის ნების წინააღმდეგ წამოწყებული ბრძოლის, შესაძლოა არცთუ მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც კომპონენტი.
 
ახალბედა პოლიტიკოსისთვის ყველაზე საშიში არის არა  წუთიერ ემოციებს აყოლილი მოქალაქის თუნდაც მუქარის ტონის შემცველი პოსტი სოციალურ ქსელში ( რაც თავისთავად ცუდი ფაქტია), არამედ სწორი ორიენტირების დაკარგვა (თუ არქონა)   სახიფათო პოლიტიკურ თამაშებში, რომელსაც, როგორც წესი, ,,პარტიული ფსევდოლომები''  იწყებენ ლიდერის წინააღმდეგ,  აღარაფერს ვამბობთ ამ ბრძოლაში საკუთარი პერსონის  მნიშვნელოვანებისა  და მთავარ მოთამაშეებთან   მოჩვენებითი  სიახლოვის ამბიციურ  განცდაზე.  ნურავის მოატყუებს საქებარი სიტყვები, რომელსაც ეს მთავარი მოთამაშეები ამ ეტაპზე გამოთქვამენ  ახალბედა, გამოუცდელი ადამიანის მიმართ  მისი დამაგრებისათვის ლიდერისგან განდგომილ ჯგუფში –  ვინ ვინ, და პედაგოგებმა კარგად იციან, რომ ფრაზა ,,სიამაყით აღვივსე'' და მისთანები არის ნაცადი ხერხი მოსწავლის წახალისებისათვის და სხვა არაფერი.
 
კეთილსინდისიერებაზე რომ არაფერი ვთქვათ, პრაგმატული არ არის პოლიტიკური კარიერის დაწყება ტყუილით (ხოლო ის, რომ ამომრჩეველი თავს მოტყუებულად და შეურაცხყოფილად გრძნობს,  სახეზეა), ამომრჩევლის იგნორირებით, მისდამი ქედმაღლური დამოკიდებულებით, რომელიც იმაშიც გამოიხატება, რომ  ჰგონიათ,  ვინმე  მოტყუვდება ბრჭყვიალა შეფუთვით და უბრძოლველად გადააბარებს მათ არა ლიდერთან ბრძოლისთვის, არამედ სულ სხვა, მაღალი იდეალებისთვის, ამ იდეალების მატარებელი მთავარი პოლიტიკური ფიგურისადმი ნდობის საფუძველზე  მიცემულ  500 000 – ზე მეტ ხმას, რომელიც მომავალ არჩევნებში ბევრად მეტი გახდება. 
 
რაც შეეხება ,,ეკლის გვირგვინს'' , იგი სიმართლისათვის წამებული ადამიანის, წინამბრძოლის  ხვედრია და არა სათადარიგო ან სულაც გამოსაცდელი ვადით აყვანილი მოთამაშისა, რომელიც შეიძლება მწვრთნელმა არც არასოდეს შეუშვას  ფეხბურთის მოედანზე.  კი,  შეიძლება გუნდში ჩაგწერონ, მაგრამ ვისი პროტეჟეც არ უნდა იყო,  არ არსებობს  გარანტია, რომ დიდ მოედანზე გახვალ ან დარჩები – იქ უკვე სხვა კრიტერიუმებია და ამ კრიტერიუმებს მაყურებელი ადგენს. ასეთია  პოლიტიკური ცხოვრების კანონიც. 
 
ნონა ქობალია
   
 
 
 

 
 
 
 
 
 
.

წინა სტატიაკიდევ ერთხელ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტსა და პრიორიტეტებზე
შემდეგი სტატიაბოლო 20 წლის განმავლობაში სათხილამურო სეზონი წელს ყველაზე ადრე გაიხსნება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური