ინალ ხაშიგი: გალის რაიონის აფხაზურ საგანმანათლებლო სისტემაში ინტეგრაციამდე ისევე შორია, როგორც ბერლინამდე – ფეხით

0
441
აფხაზი ჟურნალისტი ინალ ხაშიგი სტატიაში ,, ქართული სკოლები აფხაზეთში: როგორ მოვიქცეთ?'' ეხება აფხაზეთის დე–ფაქტო ხელისუფლების პოლიტიკას განათლების სფეროში, კერძოდ,  გალის სკოლებში არსებულ სიტუაციას, რომელიც მისი შეფასებით,  ძალზე არაეფექტურია ,,სამურზაყანოელთა აფხაზურ სივრცეში ინტეგრაციის'' თვალსაზრისით,  რადგან, მიუხედავად მრავალგზის დეკლარირებული  მისწრაფებისა ქართული ენაზე სწავლება მიმდინარე ეტაპზე მთლიანად ჩანაცვლდეს რუსულით, ხოლო მომდევნო ეტაპზე აფხაზურით , რეალურად უშედეგოა   და უპერსპექტივო   და  რაიონის აფხაზურ საგანმანათლებლო სისტემაზე სრულ გადასვლამდე ისევე შორია, როგორც ბერლინამდე – ფეხით.   ჟურნალისტი ცდილობს  დაასაბუთოს აზრი, რომ გალის მოსახლეობის ინტეგრირება აფხაზეთის განათლების სიტემასთან გადარჩენაა და არა კატასტროფა.  
,,ბოლო დროს გამოკვეთილი ტენდენცია, რომლის მიხედვითაც, გალის რაიონის სკოლებში რუსული ენა ეტაპობრივად დევნის ქართულს, როგორც ძირითად ენას, უკიდურესად აღიზიანებს ქართულ პოლიტიკურ ელიტას. ის უკმაყოფილებას გამოთქვამს, მიმართავს საერთაშორისო სტრუქტურებს და "დისკრიმინაციული პროცესების" შესაჩერებლად ზომების გატარებას  მოითხოვს. – წერს ინალ ხაშიგი.  
სხვათა შორის, ის, რაც დღეს გალის სკოლებში ხდება, ოდნავ თუ განსხვავდება იმ ზომებისგან, რასაც საქართველოს მთავრობა (უფრო ინტენსიური მეთოდებითაც) ატარებს, ვთქვათ, ახალქალაქის – სომხურ, ან მარნეულის აზერბაიჯანულ სკოლებში. მაგრამ, იქ ეს განიმარტება როგორც საერთო საგანმანათლებლო სტანდარტის დანერგვა, აფხაზეთის შემთხვევაში კი როგორც – "დისკრიმინაცია და ადამიანის უფლებების დარღვევა".
ალბათ ოფიციალური თბილისი უარს არ იტყოდა, სურათი უფრო მუქ ფერებში დაეხატა, და სიტუაცია "ბერია-სტალინის ძალადობრივი მეთოდებისთვის" შეედარებიანა, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო, თავს იკავებს. ხოლო იმის გახსენებაზე, თუ რას და როგორ აკეთებდნენ იოსიფ ბესარიონოვიჩის და ლავრენტი პავლოვიჩის სიცოცხლეში – სწორედ აფხაზები და არა ქართველები, და ვის ენაზე გადააკეთეს ერთი ხელის მოსმით მთელი სწავლების პროგრამა, ადამიანებს დღემდე აჟრიალებთ. ჩემი მშობლების თაობას არათუ მშობლიურ ენაზე სწავლა, არამედ შესვენებაზეც კი მკაცრად ეკრძალებოდა აფხაზურად საუბარი.    
 ეს ის შემთხვევაა,  როცა მტერსაც არ უსურვებ იგივე ხვედრს, რაც შენმა ხალხმა გადაიტანა და ,სხვათა შორის, სწორედ ეს ისტორიული მეხსიერება   აფერხებს აფხაზეთის ხელისუფლებას, უფრო მკვეთრად იმოქმედოს გალის საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
ეს პროცესი უაღრესად მშვიდ, სრულიად განსხვავებული რეჟიმით მიმდინარეობს, ვიდრე ამას ქართული მედია აღწერს.
კერძოდ, გალის რაიონის ქვედა ზონაში როგორც ასწავლიდნენ ყველა საგანს ქართულად, და თბილისში დამტკიცებული სასწავლო პროგრამების მიხედვით, ისევე აგრძელებენ. თუკი სადმე ცხრილში აფხაზურის ან რუსულის გაკვეთილია შეტანილი, მხოლოდ – თვალის ასახვევად.
დღეს რეალური სურათი ასეთია –  გალის რაიონის აფხაზურ საგანმანათლებლო სისტემაზე სრულ გადასვლამდე ისეთივე შორია, როგორც ბერლინამდე – ფეხით. თუმცა აფხაზეთის განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ "უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში ყველა კლასში მთლიანად რუსულად წარიმართება სწავლება". ჯერჯერობით ეს მხოლოდ კეთილი სურვილების თავმოყრას ჰგავს. დღევანდელი ტემპის მიხედვით, გაცხადებული რეფორმის განხორციელებას ათი წელი მაინც დასჭირდება. საამისოდ არც საკმარისი თანხა არსებობს და არც გეგმების  შესაფერისი საკადრო პოტენციალი.  
მაგრამ ეს რეფორმა სრულადაც რომ განხორციელდეს, ქართულ ენასა და ლიტერატურას, როგორც ცალკეულ საგნებს, არაფერი ემუქრება.
იმისგან განსხვავებით, რაც სტალინის დროს ხდებოდა, როდესაც აფხაზური სკოლების დახურვა ერთადერთ მიზანს ისახავდა – აფხაზების ძალადობრივ ასიმილაციას, გალის სკოლების რეფორმა მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის საერთოაფხზურ სივრცეში ინტეგრირებისკენ არის მიმართული. რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს,  სწორედ ეს ინტეგრაცია აძლევს შანსს სამურზაყანოელებს,  შეინარჩუნონ თავიანთი იდენტობა აფხაზეთის ტერიტორიაზე.
თუ ყველაფერი ძველებურად დარჩება, და, ვთქვათ ოცი წლით შემოიღებენ მორატორიუმს გალის საგანმანათლებლო სისტემის ხელშეუხებლობაზე – ამ დროის გასვლის შემდეგ სკოლების უმეტესობა თავისთავად დაიხურება, რადგან იქ სწავლის მსურველი არავინ იქნება.
გალის ახალგაზრდობის უდიდესი ნაწილი  გარდა ქართულისა პრაქტიკულად არც ერთ ენას არ ფლობს,  საშუალოსტატისტიკურ გალელს სკოლის დამთავრების შემდეგ არც უხდება არჩევანის გაკეთება , სად გაემართოს  შემდგომი განათლებისთვის –  ცოდნის და დიპლომის მისაღებად ის პირდაპირ საქართველოში მიდის.
უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ მას შეუძლია შინ დაბრუნდეს, მაგრამ რა უნდა აკეთოს გალში? საქართველოში მიღებული დიპლომი გალში არ მოქმედებს. თუ სამედიცინო განათლება გაქვს, ან პედაგოგის დიპლომი – რაღაც გარკვეული პირობებით კიდევ შეგიძლია ადგილობრივ საავადმყოფოში ან სოფლის სკოლაში იმუშაო, თუმცა ყოველგვარი გარანტიის გარეშე.
მაგრამ თუ იურისტის, ეკონომისტის, ან ინჟინერის დიპლომი გაქვს – აფხაზეთში  , გალის რაიონის ფარგლებშიც კი სპეციალობით დასაქმებას ვერ ეღირსები. და რა უნდა ქნა ასეთ შემთხვევაში? ისღა დაგრჩენია – სამსახური საქართველოში ეძიო, და სამომავლოდ იქვე დაფუძნდე, პატარა სამშობლოში კი შვებულების დროს ჩამოხვიდე, ისიც – ვიდრე მშობლები ცოცხალი გყავს. მერე უკვე ჩამოსვლაც აზრს კარგავს.
ჩემს ნაცნობ გალელს, ნოდარს, რომელიც ტაქსის მძღოლად მუშაობს, სამი შვილი ჰყავს.  სკოლის დამთავრების შემდეგ სამივემ საქრთველოში გააგრძელა სწავლა და იქვე დარჩნენ. ოჯახები შექმნეს, სამსახურები იშოვეს, ვიღაცას უძრავი ქონებაც გაუჩნდა. იგივე სიტუაცია აქვს მის ძმას, სოსოსაც, რომლის ერთდერთი ვაჟი სწავლის შემდეგ ასევე თბილისში დარჩა.
მოკლედ, ვიდრე ქართველი პოლიტიკოსები ჟენევებსა და ნიუ-იორკებს იკლებენ იმაზე ჩივილით, თითქოს გალელების რუსიფიკაცია მიმდინარეობს, რუსულისა და აფხზურის არმცოდნე სამურზაყანოელები უკეთესი მომავლის საძებნელად, მშვიდად, უკვე ჩვეული წესით, საქრთველოში მიემგზავრებიან – ჯერ სასწავლებლად, შემდეგ კი საცხოვრებლადაც.
თუ რადიკალურ ნაციონალისტურ შეხედულებებს გავიზიარებთ, გამოდის, რომ სოხუმს გალის რაიონში არანაირი საგანმანათლებლო რეფორმის გატარება არ სჭირდება; მეტიც – ამგვარი პოზიცია, რა უცნაურიც უნდა იყოს, ყველას აწყობს. შესაძლოა ქართველი პოლიტიკოსებისგან შექებაც მიიღონ და სანაცვლოდ, ჟენევასა და ნიუიორკში რაიმე მსუყეც გამოსტყუონ.     
 ოღონდაც ოც წელიწადში გალის რაიონში, მოხუცების გარდა, აღარავინ დარჩება, რაც შესაბამის შედეგსაც გამოიღებს. თუკი გარეშე მოთამაშეებს ამგვარი პერსექტივა არ ამოსწონთ, უბრალოდ ხელი არ უნდა შეუშალონ აფხაზეთის ხელისუფლებას სამურზაყანოელების აფხაზურ სივრცეში ინტეგრირების საქმეში; პირველ რიგში კი, ეს ეხება ამ რეგიონის საგანმანათლებლო რეფორმას, რომელიც ზანტად, მაგრამ მაინც მიმდინარეობს.'' წერს ინალ ხაშიგი.
წინა სტატიაენმ ყრილობის მასშტაბი და ლეგიტიმაციის ხარისხი მძაფრი პოლემიკის საგნად იქცა: ,,მოკლედ, 2000 კაციანი ყრილობა ბიძინას ბუტკაში ჩაატარონო”
შემდეგი სტატია,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ახალ თავმჯდომარეს არ აირჩევს” – ეს გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭომ შარშან, 5 დეკემბერს მიიღო, მაგრამ რატომღაც გადაიფიქრა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური