სოხუმი აცხადებს, რომ გალის რაიონის მილიტარიზაციას არავინ გეგმავს და ეს თემა ქართულ მედიაში აფხაზების რეაქციის ზონდირების მიზნითაა შემოგდებული

0
437
სოხუმი აცხადებს, რომ ქართულ მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია გალის რაიონის მილიტარიზაციის შესახებ სინამდვილეს არ შეესაბამება. ოკუპირებული აფხაზეთის დე–ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ოლეგ არშბა აფხაზური მედიისათვის გაკეთებულ კომენტარებში კატეგორიულად უარყოფს, რომ  რუსეთს განზრახული აქვს გალი თავის დახურულ სამხედრო ქალაქად გამოაცხადოს , 15 ათასამდე  გაზარდოს იქ თავისი სამხედრო კონტინგენტი, გახსნას 20 ახალი საკონტროლო–გამშვები პუნქტი და განალაგოს რამდენიმე ახალი სამხედრო ბაზა. 
 
,,ქართული მედიასაშუალებები თავდაჯერებულად ამტკიცებენ, რომ ,,გალის რაიონში დაგეგმილია რუსული სამხედრო ქალაქის შექმნა, ახალი სამხედრო აეროპორტის მშენებლობა და რუსი ჯარისკაცების ჩასახლება ოჯახებითურთ.ხოლო ვინაიდან გალი სამხედრო ქალაქად არის გამოცხადებული, მასში შესვლა და გადაადგილება შეეზღუდებათ არათუ სხვებს, ადგილობრივ მცხოვრებლებსაც კი,   ქალაქში  სპეციალური საშვის გარეშე ვერავინ შევა აფხაზეთის სხვა მცხოვრებთაგანაც,   ხოლო დანარჩენი საქართველოსთვის იგი საერთოდ დაიხურება. – ეს 'წმინდა წყლის გამონაგონია  და არაფერი აქვს საერთო რეალობასთან''– აცხადებენ აფხაზეთის დე ფაქტო  საგარეო საქმეთა სამინისტროში. 
 
არშბა ქართულ  მედიაში ატეხილ აჟიოტაჟს იმით ხსნის, რომ ,,რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამასწინათ ხელი მოაწერა შეთანხმებას აფხაზეთში გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების შესახაებ და ამ ინფორმაციის შემოგდება სწორედ ამას უკავშირდება – ვიღაცამ ეს აფხაზური მხარის რეაქციის  ზონდირების მიზნით გააკეთა''.
 
კითხვაზე, შეიცვალა თუ არა  გადაადგილებაზე დაწესებული საშვების სისტემა და შესაბამისი სასაზღვრო  რეჟიმი გალის რაიონში, არშბა პასუხობს:
,,ეს არის ზონა, სადაც მოქმედებს სპეციალური რეჟიმი და, ბუნებრივია, აქ მუდამ იყო და იქნება გარკვეული შეზღუდვები. ეს რეჟიმი ვრცელდება მათზეც, ვინც აქ მუდმივად, საკუთარ სახლებში ცხოვრობს, და დროებით გადმოსვლის მსურველებზეც, სტუმრებსა და სხვა კატეგორიის ხალხზე). სულ ახლახან, ფაქტობრივად რამდენიმე დღის წინათ მიღებულ იქნა  მინისტრთა კაბინეტის დადგენილება, რომლითაც დამტკიცდა  სასაზღვრო ზონის მიჯნების გაფართოება. კერძოდ, ამ ზონაში მოექცა  გზა, რომლის რემონტი ახლახან დასრულდა,  მოასფალტებულია და უფრო გამტარუნარიანი. ადრე ეს გზა მოუწესრიგებელი იყო და სათანადოდ ვერ კონტროლდებოდა, ამიტომ ხშირი იყო სასაზღვრო რეჟიმის დარღვევები, საზღვრის არასანქცირებული გადაკვეთის შემთხვევები. ახლა რეჟიმი შეცვლილია, გზას აკონტროლებს დაცვა და, შესაბამისად, იგი სასაზღვრო კონტროლის ზონაში მოექცა’’.
 
არშბა ამბობს, რომ აფხაზეთის, გალის რაიონის  მცხოვრებლებისათვის ქ. გალში შესვლის რეჟიმი უცვლელი რჩება. არ შეცვლილა გალის რაიონში საქართველოს მხრიდან შესვლის პირობებიც. უბრალოდ გაძლიერებულია კონტროლი სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც ახალ გზაზე გადაადგილდებიან, ხოლო გალის მცხოვრებლებს შეუძლიათ თავისუფლად იმოძრაონ ამ გზაზე პირადობის დამადასტურებელი საბუთებით.  
 
რაც შეეხება რუსეთის სამხედრო კონტინგენტის გაზრდას და 20 ახალი საკონტროლო გამშვები პუნქტის გახსნას გალის რაიონში, არშბას თქმით, ეს სისულელეა.
 ,,სამხედროების რაოდენობა გაწერილია შეთანხმებაში და მისი შეცვლა არავის შეუძლია. 15 ათასი! თქვენ წარმოგიდგენიათ, რამხელა  კონტინგენტია ეს?  კონტინგენტის არათუ ასეთი მასშტაბური, უმნიშვნელო ცვლილებაც  კი შეიძლება მოხდეს მხოლოდ ორმხრივი შეთანხმებით, ცალმხრივად მას ვერავინ გაზრდის. ლაპარაკი გალის მილიტარიზაციაზე სრულიად უსაფუძვლოა, არც დამატებითი საკონტროლო – გამშვები პუნქტების  გახსნა იგემება. გალის რაიონში მოქმედებს სასაზღვრო კომენდატურა ( ასე ქვია აქ სასაზღვრო ქვედანაყოფს), მის შემადგენლობაში შედის  უშუალოდ საზღვარზე მოქმედი სულ ოთხი განყოფილება, რომელთაც  ადრე  სასაზღვრო საგუშაგოებს ეძახდნენ,  და არანაირი აუცილებლობა მათი რაოდენობის გაზრდისა არ არსებობს, ისევე, როგორც არ არსებობს ახალი სამხედრო ბაზების გახსნის საჭიროება. ამაზე ხომ შეთანხმების ტექსტში ლაპარაკი  საერთოდ არ არის. ‘’ – აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის დე–ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ოლეგ არშბა.  
 
,,ოდიში ნიუსი'' დასძენს, რომ არშბას გამონათქვამში ,,ეს აფხაზების რეაქციის შესამოწმებლად არის შემოგდებული,''  იგულისხმება თავად აფხაზებში არსებული უკმაყოფილება, რომელიც ამ შეთანხმების მიმართ ისედაც დიდია  და, ბუნებრივია, ინფორმაცია აფხაზეთში  კიდევ 15 ათასი რუსი სამხედროს ოჯახებითურთ დამკვიდრების პერსპექტივის შესახებ  (თუ გავითვალისწინებთ, გუდაუთის სამხედრო ქალაქსაც)  ცეცხლზე ნავთის დასხმის ტოლფასია.  შესაბამისად, არშბას კომენტრები მათზე უფროა გათვლილი, ვიდრე გალის ქართული მოსახლეობის დაშოშმინებაზე.
 
წინა სტატიათურქეთში დაკავებული ბი–ბი–სი–ს კორესპონდენტი ჰატის კამერი განთავისუფლებულია
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ეს სიცრუის სამეფო ძალიან ცუდად მიცნობს და ვერ ხვდება, რომ ამით მხოლოდ მაძლიერებს ჩემს საბრძოლო განწყობაში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური