ათეშგას დასაცავად ხელმოწერები გროვდება

0
504
უკვე  1000-მა ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას თბილისში მდებარე ათეშგას –  მეხუთე საუკუნის უნიკალური ძეგლის დასაცავად. პეტიციის ხელმომწერები თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოსგან  მოითხოვენ ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის  რესტავრაციის პროცესში  არ დაუშვას  ძეგლის ისტორიული გარემოს კონტექსტის დარღვევა.
ისინი თვლიან, რომ ათეშგას პირდაპირ მდებარე 3 სართულიანი ნაგებობის ცვლილების ესკიზური პროექტი  კიდევ უფრო შელახავს დროთა განმავლობაში ისედაც დაზიანებული ძეგლის  ვიზუალური დაცვის არეალს, რადგან ობიექტი, რომლის ამაღლება არის დაგეგმილი დაფარავს   ხედს, რომელიც  ქალაქზე იშლება, კერძოდ კი კალა უბანზე. 
საქმე ისაა, რომ კლდის უბანმა და კონკრეტულად გომის ქუჩამ, სადაც ათეშგა მდებარეობს,  სახე დროთა განმავლობაში იცვალა, თითქოს უმნიშვნელო დეტალებმა ბეთლემის კომპლექსის სივრცითი ჰარმონიულობა დაარღვია.
ამკერად საკითხის აქტუალიზაცია განაპირობა იმ ფაქტმა, რომ 2016 წლის 25 ოქტომბერს, თბილისის მერიის თანხმობა მისცა გომის ქ. 1-ში, სადაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ათეშგა მდებარეობს,  ცვლილებების პროექტს, მართალია, ჯერ არც პროექტი გასაჯაროებულა და არც მშენებლობის ბრძანება გაცემულა, მაგრამ მოქალაქეები ამთავითვე იჭერენ თადარიგს, რომ ძეგლს ზიანი არ მიადგეს.  
ზოროასტრული ტაძარი ათეშგა ზემო ბეთლემის ტაძრიდან სულ რაღაც 100 მეტრში   მდებარეობს. ათეშგა  სპარსულად ცეცხლის ადგილს ნიშნავს. ძველ ქართულ ლიტერატურაში “ათეშგას” აღსანიშნად ტერმინი “ატროშანი“/ “არტოშანი” დამკვიდრდა.
დღეს ათეშგა ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსს ატარებს. ათეშგის წინ ბაქანი გომის ქ. N3-ის მოსახლეს აქვს შეერთებული, ამიტომაც შენობაში შესვლა მხოლოდ კერძო საკუთრების გავლითაა შესაძლებელი.
კუბური მოცულობის შენობა მთლიანად აგურითაა აგებული. კვადრატული აგურების ეს სტანდარტი ნარიყალას უადრეს სამშენებლო ფენებში დასტურდება. ასევე, დამახასიათებელი იყო სასანური ირანისთვისაც.
ისტორიკოსისა და არქეოლოგის, იულონ გაგოშიძის აზრით, ძველ თბილისში ათეშგას აშენება, შესაძლოა, აქ ზოროასტრული თემის არსებობას უკავშირდებოდეს. თუმცა არ გამორიცხავს, რომ ათეშგა ფარსებს, ინდოეთში გადასახლებულ ირანელებს ემსახურებოდა. ფარსები კი ცნობილი ვაჭრები იყვნენ და როგორც გაგოშიძე აღნიშნავს, მათი ქარავნები სავაჭროდ თბილისშიც ჩამოდიოდნენ.
ცეცხლის ტაძრებში მუდმივად ენთო ცეცხლი, რომელიც მიწასთან და წყალთან ერთად ზოროასტრიზმში წმინდა სტიქიებია და რიტუალური განმწმენდის სიმბოლოებს წარმოადგენს. ათეშგებში ცეცხლს ხით, ცხოველური ცხიმითა და მცენარეული წარმოშობის სურნელებით კვებავდნენ.
პლატონ იოსელიანის მიხედვით, ძველი თბილისის მოსახლეობა ათეშგას “საკერპოს“-საც უწოდებდა. საუკუნეების მანძილზე ნაგებობამ სახე იცვალა. გურამ ყიფიანის აზრით, ათეშგა მეჩეთად უკვე მე-8 საუკუნეში გადაკეთდა – ამოიქოლა თაღები, აღმოსავლეთის ფასადი სასანური მხატვრული სტილით გაფორმდა, სამხრეთ კედლის თაღში კი შეიქმნა მიჰრაბი (სალოცავი ნიშა მეჩეთებში, რომელიც ქააბასკენ მიმართულებას უჩვენებს). ფოტოებისა და ცნობების მიხედვით ირკვევა, რომ ათეშგას გუმბათი მე-19 საუკუნეში ისევ ჰქონდა.
მოსაზრებები განსხვავებულია უშუალოდ ზოროასტრული ტაძრის დაარსების შესახებ. სარგის კაკაბაძის აზრით ათეშგა ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს აიგო, 
სხვა  წყაროებიდან ირკვევა, რომ სტეფანოსის დროს. ქართლის ცხოვრებიდან დასტურდება, რომ ათეშგები თბილისის გარდა ნიქოზში, ნეკრესსა და  მცხეთაშიც ყოფილა, თუმცა დღემდე მხოლოდ თბილისის ათეშგა შემორჩა.
2007-2009 წლებში ICOMOS საქართველოს მიერ “ბეთლემის უბნის რევიტალიზაციის” პროექტის ფარგლებში მოხდა ათეშგას გაწმენდა-აღდგენა: აღდგა ათეშგასთან მისასვლელი კიბე, რესტავრაცია ჩაუტარდა შესასვლელთან არსებულ ბაქანს, მოიხსნა შენობაში არსებული მიწის ფენა და ძეგლის ეზოში მოწყობილი ბაღჩა, აღდგა ავთენტური იატაკის დონე. ატმოსფერული მოვლენებისგან დაცვის მიზნით შენობა დროებითი სახურავით არის გადახურული.

 
 
 
 
 
წინა სტატიაამერიკის სამ შტატში ხმებს ხელახლა დაითვლიან. ჰილარი კლიტონს აქვს შანსი პრეზიდენტი გახდეს
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპი: ,,ჩვენი ადმინისტრაცია იზრუნებს იმაზე, რომ კუბელმა ხალხმა დაიწყოს სვლა კეთილდღეობისა და თავისუფლებისკენ.
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური