დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს ნაციონალური მოძრაობის სარჩელს, რომელიც განმუხურის საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილების საკითხს ეხება. პროცესი 12:00 საათზეა ჩანიშნული.
ენმ-ის ზუგდიდის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ არა აქვთ დიდი მოლოდინი იმისა, რომ სააპელაციო სასამართლო დააკმაყოფილებს მათ სარჩელს და ბათილად ცნობს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ძალაში დატოვა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება განმუხურის საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმებასთან დაკავშირებით, თუმცა შტაბის უფროსის ლაშა დამენიას თქმით, ,,ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ''
სააპელაციო სასამართლოს წინ უძღოდა განმუხურის უბანზე უშუალოდ ხმის დათვლის პროცესში და მის შემდგომ განვითარებული მოვლენები.
ამ მოვლენების ქრონიკა ასეთია:
კენჭისყრის დღეს, ხმის მიცემის დასრულების შემდეგ განმუხურის საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ ზანდა ხუფენიამ თითქმის საათნახევრით დატოვა უბანი, ხოლო შემდეგ განაცხადა, რომ ხმის დათვლის შედეგებს ვერ ცნობდა, რამდენადაც ყუთი დაკარგული იყო, ბიულეტენები გაბნეული და ხმის დათვლის პროცესში კომისიის წევრები დროდადრო ამატებდნენ ბიულეტენებს.
კომისიის დანარჩენი წევრების თქმით, უბანზე ყუთი არ დაკარგულა, ხმები დათვლილ იქნა და თავმჯდომარემ სიტუაცია ხელოვნურად დაძაბა იმის გამო, რომ 38-ე უბანზე არჩევნები „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიგო.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში შეიტანა სარჩელი იმ მოსაზრებით, რომ აუცილებელია გაირკვეს, ხომ არ დადგა ამ უბანზე ხმის დათვლის პროცედურა ეჭვის ქვეშ, მან მოითხოვა შედეგების გაუქმება, ხოლო პასუხისმგებელი პირების მიმართ შესაბამისი სანქციების გამოყენება.
საოლქო საარჩევნო კომისიამ 12 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე დააკმაყოფილა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივარი განმუხურის 38-ე უბნის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ'' ამის შემდეგ შეიტანა სარჩელი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და მოითხოვა განმუხურის 38-ე უბნის შედეგების ბათილად ცნობის გაუქმება და ხმების ხელახალი გადათვლა, მაგრამ ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 15 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე უცვლელი დატოვა საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება განმუხურის საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმებასთან დაკავშირებით და პარტიას დააკისრა 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბაჟის სახით .
ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბში თვლიან, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და გაყალბებული არჩევნების შედეგების ,,სამართლიანად'' წარმოჩენას ემსახურება, ამიტომ ახლა უკვე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში.
დღეს გაირკვევა, დარჩება თუ არა ძალაში საოლქო საარჩევნო კომისიისა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება განმუხურის 38 – ე უბნის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ.
როგორცნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, თუ მათი სარჩელი დაკმაყოფილდა, ხმების ხელახალი დათვლა პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ბიულეტენები ყველა წესის დაცვით არის დაცული და დალუქული , თუმცა ეს ხელს არ აძლევს მათ, ვინც მთელი ძალით ეწინააღმდეგება ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის გამარჯვების აღიარებას.