ბიძინა ივანიშვილი: შეურაცხყოფა, წყევლა, კრულვა, გინება მოდის ჩემს მიმართ, მაგრამ ვინ იგინება ძირითადად? – ვინც გინება იცის.

0
392
ბიძინა ივანიშვილი განაგრძობს შეხვედრებს რეგიონულ მედიასთან, რასაც ხსნის თავისი მისწრაფებით ,,დაეხმაროს საზგადოებას, რომ სწორი არჩევანი გააკეთოს და სწორი მიმართულებით განვითარდეს.. ”
 “საჯარო ცხოვრება არ არის ჩემი მოწოდება. არ მომწონს, რომ დავდივარ რეგიონებში, არანაირ სიამოვნებას არ მანიჭებს. ვალდებულებად მაქვს მხოლოდ. მგონია, რომ ამით კიდევ დავეხმარები საზოგადოებას,''- განაცხადა მან დღევანდელ შეხვედრაზე.
“დღეს რატომ ვხვდები მედიას – ხომ მობრძანდით თქვენ, ე.ი. საინტერესო პიროვნება ვარ. ისე არ მოხვიდოდით. ყველა ვერ მოაგროვებდა ამდენ ჟურნალისტს. ასე ხდება სხვა რეგიონშიც, ინტერესი არის. რაღაც ნდობა არის და ეს მთავარია. მოქალაქე გახლავართ მე დღეს. ანალიზის კეთება არავის აქვს აკრძალული. თუ არ იქნება ძლიერი მედია, ვერ იქნება ძლიერი სახელმწიფო და ვერ იქნება დემოკრატია. ეს ორჯერ ორი ოთხია… დღეს ხელისუფლებას არ ჰყავს თავისი მედია, არ აქვს პრიორიტეტი მედიასაშუალებებზე და ვერავინ ვერ დამისახელებს ამას. ”
ბიძინა ივანიშვილმა დღეს მედიასთან ერთად პოლიტიკური სპექტრიც დაახასიათა და ყურადღება  რესპუბლიკელებზე გაამახვილა.

 ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ ”რესპუბლიკური პარტიის” პრობლემა არის ის, რომ მათ აქვთ დიდი შეუთანხმებლობა მოთხოვნილებებსა და შესაძლებლობებს შორის.
”იმხელა სხვაობაა მათ მოთხოვნილებებსა და რეალურ შესაძლებლობებს შორის, რომ სასწაული უნდა მოახდინო, ესენი ერთმანეთს დაუახლოვო. ამ სასწაულის მოხდენას ითხოვენ ჩემგან, თუ ნახავთ მათ გამონათქვამებს. ამ ლეგენდის, რომ თურმე ”რესპუბლიკურ პარტიას” დავპირდი, რომ მთავარ პარტიად უნდა გამხდარიყო და პრემიერ-მინისტრი უსუფაშვილი უნდა ყოფილიყო, აღიარებას ითხოვენ ჩემგან და თუ ამას არ ვაღიარებ იმუქრებიან, რომ მაშინ დააბრუნე ის 2012 წელიო და იქ ჩვენ მარტო შევებრძოლებით ”ნაციონალურ მოძრაობასო” – ეს პრეტენზია აქვთ. ამხელა ამბიცია აქვთ. მარტო შევებრძოლებითო და ამ შებრძოლებაში, ალბათ, დამარცხებაც იგულისხმება. მე მათ წყევლის ნაცვლად, მაინც დავლოცავდი და შევახსენებდი, ”კავკასიელი ტყვე ქალიდან” სადღეგრძელოს, რომელშიც დიდი სიბრძნე დევს, რომ ადამიანს როცა ადღეგრძელებ (გინდა პარტია იყოს და გინდა სახელმწიფო), დაბალანსებულ პიროვნებას და ადამიანს მოთხოვნილებები და შესაძლებლობები ძალიან ახლოს უნდა ჰქონდეს. მოთხოვნილებები შეიძლება უსწრებდეს, მაგრამ არ უნდა იყოს დიდი სხვაობა მათ შორის. მე ამ სადღეგრძელოს შევახსენებდი ”რესპუბლიკელებს” და მათი წყევლის ნაცვლად დავლოცავდი, რომ მათ მოეხერხებინოთ საკუთარი მოთხოვნილებები და შესაძლებლობები დაეხლოვებინოთ ჩემი გამოყენების გარეშე. , – განაცხადა ივანიშვილმა. 
”ყველაზე დიდი ქველმოქმედება, რაც გავაკეთე, არის რომ საკუთარ პიროვნებას იმის ფუფუნებას არ ვაძლევ, რომ ჩრდილში წავიდე და ჩემთვის ვიცხოვრო ფუფუნებაში. ის ცოდნა, ენერგია და გამოცდილება, რაც მაქვს, მინდა ჩემს ქვეყანას მოვახმარო, რომ სწორად განვითარდეს. შეურაცხყოფა, წყევლა, კრულვა, გინება მოდის ჩემს მიმართ, მაგრამ ვინ იგინება ძირითადად? – ვინც გინება იცის. შეიძლება ერთი ანდაზით დავიწყნაროთ თავი, რომ ”ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს”. ”ნაციონალებისგან” კრიტიკა გასაგებია. მთელი ქვეყანა ფეხქვეშ ჰყავდათ გადებული, ყველაფერი მათი იყო და დღეს ვინ სად არის? ზოგი ციხეშია, ზოგი გაქცეულია და ა.შ. დანარჩენი ჯგუფი აგრესიულად ცდილობს დაიბრუნოს რაც ჰქონდა და გასაგებია”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა

“რაც შეეხება ეროვნულ ფორუმს, კოალიციის პარტნიორი იყო. უშუალოდ გუბაზისთან პირადი კონფლიქტი არასოდეს მქონია. გადმოხტა და ისეც ცუდად მომიხსენიებს. ამ დროს ნახეთ მისი ინტერვიუ, სადაც ამბობს, რომ მილიონერი უნდა გახდეს. მოვიდა პოლიტიკაში ეს კაცი, ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობაც ეკავა – პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე იყო, მაგრამ ვერ იშოვა. ახლა ესენიც ჩემს წასვლას ნატრობენ, ცუდად მომიხსენიებს. ”

 
 

წინა სტატიაბურჭულაძის პარტია სასამართლოს მიერ მისი 4 შემომწირველის დაჯარიმებას აპროტესტებს
შემდეგი სტატიარას არჩევს ბიძინა ივანიშვილი უფროს ბიჭთან და მეუღლესთან ერთად ,,საკმაოდ კარგად”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური