რამდენიმე საათში პეტერბურგში ვლადიმერ პუტინი და რეჯებ ტაიპ ერდოღანი ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან. თურქეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ამ ვიზიტით ორი ქვეყნის ურთიერთობაში ახალი გვერდი გადაიშლება.
ვიზიტის წინ მედიასთან საუბარში მან მადლობა გადაუხადა პუტინს მხარდაჭერისთვის სამხედრო ამბოხების მცდელობის დროს თურქეთის ხელისუფლების და განაცხადა, რომ მზად არის რუსეთთან კავშირი განაახლოს.
„ამ ვიზიტს განვიხილავ, როგორც ახალ ფურცელს ჩვენს ურთიერთობებში. – განაცხადა მან – ჩვენ მადლიერი ვართ რუსეთისა იმის გამო, რომ მან დაუყოვნებლივ და არაორაზროვნად დაუჭირა მხარი კანონიერ ხელისუფლებას, რაც შეეხება
,,დასავლეთს, მათ არ დაგვიჯერეს ჩვენ. უფრო მეტიც, გაჟღერდა ერთობ უცნაური განცხადებებიც კი. დასავლეთს არა აქვს უფლება გვაკრიტიკოს ჩვენ – ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების დამხობის მცდელობა არავის უნდა ეპატიოს და ყველა, ვინც დუმილით ხვდება გადატრიალების მცდელობას, ხმას აძლევს ტოტალიტარულ სისტემას დემოკრატიის წინააღმდეგ''. ასე განმარტა მან მასობრივი დაპატიმრებები თურქეთში.
,,ერდოღანი ცდილობს რუსეთით დასაჯოს დასავლეთი'' – ნათქვამია Financial Times – ის ანალიტიკურ სტატიაში, რომელიც რუსეთში ერდოღანის ვიზიტს ეძღვნება.
მოსკოვსა და ანკარას აერთიანებს საერთო ინტერესები არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართ, არამედ საერთო სურვილი და მისწრაფება ჭკუა ასწავლონ დასავლეთს. სწორედ ამის დასტურია ის, რომ თურქეთის პრეზიდენტი პუტჩის შემდეგ პირველ ოფიციალურ ვიზიტს ახორციელებს არა რომელიმე ნატოელ მოკავშირე ქვეყანაში, არამედ რუსეთში , რომელთანაც უკანასკნელ ხანებში უკიდურესად დაეძაბა ურთიერთობები, – წერს Financial Times , – რამდენადაც დასავლეთიცა და რუსეთიც ახლა მარჩიელობენ, რა გზას აირჩევს ერდოღანი, რომელმაც დაჩქარებულად გამოიყენა ქვეყანაში მომხდარი გადატრიალების მცდელობა თავისი ოპონენტების გზიდან ჩამოშორებისათვის, სანკტ – პეტერბურგის სამიტს გაცილებით ფართო გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას ენიჭება, ვიდრე სხვა შემთხვევაში ექნებოდა.
Financial Times ის ანალიტიკოსის თქმით, მნიშვნელოვანი დეტალია ის, რომ რუსეთმა არაერთხელ და არაორაზროვნად დაუჭირა მხარი ერდოღანის ხელისუფლებას მაშინ, როცა მაგალითად აშშ კვლავ უარს ამბობს გადასცეს მას ფეთჰულაჰ გულიენი . ,,მე მივმართავ აშშ-ს: რა სტრატეგიულიპარტნიორი ხართ თქვენ თუ კვლავ აფარებთ ხელს ადამიანს, რომლის ექსტრადიციას მოვითხოვ ‘’ – აცხადებს ერდოღანი და მომენტს არ უშვებს, რომ არ დაადანაშაულოს დასავლეთი ტერორიზმის მიმართ შემწყნარებლობაში, უფრო მეტიც, პირდაპირ აცხადებს, რომ გადატრიალების სცენარი თურქეთის საზღვრებს მიღმა დაიწერა’’.
ერდოღანსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების დაძაბვა ხელს აძლევს რუსეთს, მაგრამ რამდენად მოიგებს თურქეთი თუ მასთან კავშირზე წავიდა დასავლეთის წინააღმდეგ?
კრემლთან დაახლოებული რუსი ექსპერტები კმაყოფილებით აღნიშნავენ, რომ რუსეთი და თურქეთი ისტორიულად წარმოადგენენ ყოფილ ორ მძლავრ იმპერიას ევროპის ტერიტორიაზე ურთიერთ თანადგომა მართებთ , ამას ოფიციალურ განცხადებებში ეთანხმებიან თურქი დიპლომატები და ჩინოვნიკებიც, თუმცა კერძო საუბრებში რადიკალურად ცვლიან ტონს და აცხადებენ, რომ არ აპირებენ ალიანსს რუსეთთან აშშ- სთან და ევროპასთან ხიდების დაწვის ფასად.
ევროპელი ექსპერტები იხსენებენ, რომ ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობებში დაძაბულობას ადრეც არაერთხელ ჰქონია ადგილი – საკმარისია გავიხსენოთ კვიპროსზე შეჭრა 1974 წელს, თურქეთის უარი თავის ტერიტორიაზე გაეტარებინა ერაყში შესაჭრელად მიმავალი ამერიკის ჯარები 2003 წელს, ამერიკელების მიერ ერაყელი ქურთების მხარდაჭერა სადამ ჰუსეინის რეჟიმის დროს და, ბოლო ხანებში, მხარდაჭერა დაჯგუფება ,,ისლამურ სახელმწიფოთან ‘’ მებრძოლი ქურთებისადმი, მაგრამ დიპლომატები შიშობენ, რომ ახლა ანკარამ შესაძლოა დასავლეთზე ზეგავლენის ბერკეტად რუსეთი გამოიყენოს, განსაკუთრებით, სირიასთან დაკავშირებით.
კერძოდ, მოელიან, რომ თურქეთი, რომელიც აქამდე ღიად უჭერდა მხარს ბაშარ ასადის წინააღმდეგ ამბოხებულებს, ახლა შეანელებს მის საჯარო კრიტიკას და აყვება რუსეთის მტკიცებას, რომ რეჟიმი სირიის სუვერენიტეტის გარანტს წარმოადგენს ( გარადამავალ პერიოდში მაინც). სანაცვლოდ იგი მოითხოვს რუსეთის მხარადაჭერას სირიის ქურთების საკითხში, თუმცა, Financial Times -ის ანალიტიკოსის აზრით, მას ტყუილად აქვს ამის იმედი.
გამოცემა ციტირებს ერთერთი ევროპელი დიპლომატის გამონათქვამს: ,, ერდოღანი ახლა გაცოფებულია და შეიძლება ილაპარაკოს ის, რაც თავში მოუვა, მაგრამ ჩვენ ვჭირდებით მას. მან იცის, რომ პუტინის ნდობა არ შეიძლება. რამდენი ომი ყოფილა ამ სამასი წლის მანბძილზხე თურქეტსა და რუსეთს შორის? და რამდენი მოიგეს ამ ომებიდან თურქებმა?’’