აფხაზური მედიის ცნობით, ერთი ადამიანი დაიღუპა გაგრის პანსიონატ ,,სოლნეჩნის’’ ( ,,მზიურის ‘’) სიახლოვეს დღეს, დილის ათ საათზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაშავებულია თვრამეტი მგზავრი, რომელნიც სხვადასხვა სახის ტრავმებით გაგრის რაიონულ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მათგან ერთი ქალბატონის მდგომარეობა კრიტიკულია, ორ მოზარდ გოგონას მრავლობითი მოტეხილობები აქვს და სხვებთან შედარებით მძიმე მდგომარეობაშია..
საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ერთმანეთს შეეჯახა ,,მერსედეს სკანიას’’ მარკის მიკროავტობუსი და ,,ნისანის’’ მარკის ავტომობილი. დადგენილია გარდაცვლილის ვინაობა, იგი ვიქტორ გუსკოა, 1954 წელს დაბადებული, ქალაქ ომსკიდან. ამ წუთებში სამართალდამცავები არკვევენ, ეს საექსკურსიო მარშრუტით მოძრავი მანქანა იყო თუ სამარშრუტო ტაქსი, რომელსაც მგზავრები ფსოუს საკონტროლო – გამშვებ პუნქტზე გადაყავდა. მიკროავტობუსის მგზავრთა შორის 5 ბავშვი იყო, საბედნიეროდ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა სოხუმის ჰიდროელსადგურის არეალში დღეს, დაახლოებით 11 საათზე მომხდარ უბედურ შემთხვევას. დე ფაქტო აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრის ლევ კვიწინიას განცხადებით, იგი სავარაუდოდ კლდეს მოწყდა და ადგილზე გარდაიცვალა. დაღუპულის ვინაობა ამ დროისათვის დაუდგენელია. მიმდინარეობს გამოძიება.