,,პალმის “ჟმოტები” ნუ გამოგვეხმაურებიან. ქუჩას საჩუქრად მოჰყვება დაჟანგული პროჟექტორი” – როდის გახდა დღევანდელი ხელისუფლებისათვის მისაღები არაბი შეიხი, რომელიც აცხადებს, რომ ,,მიხეილ სააკაშვილი მისი ძმაა”(Video)

0
507
 ,,აბუ დაბის" დამფუძნებელი, არაბეთის გაერთიანებული საემიროების განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, შეიხი იბნ მაბარაქ ალ ნაჰიანი საქართველოში პირველად 2008 წლის თებერვალში ჩამოვიდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი მოწვევით . სწორედ მაშინ დაიგეგმა შვიდვარსკვლავიანი თბილისი ბილტმორის  აგება და განისაზღვრა ინვესტიციების ჩადება სხვა სამომავლო პროექტებშიც.
 
შესაძლოა ვინმეს არ ახსოვდეს, რომ ეს სწორედ ის შეიხია, ვინც აჭარას საჩუქრად 10 ათასი პალმა გამოუგზავნა, ბათუმის საკრებულომ კი  სანაპიროზე ამ პალმებით გაშენებულ ხეივანს მისის სახელი უწოდა. მაშინ ეს ოპოზიციური პარტიებისა და მედიის ქილიკის საგანი გახდა,  შეიხის სახელობის ხეივანს განსაკუთრებით შეუტიეს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ.  ადრეც და ახალი ხელისუფლების პირობებშიც ოპოზიციური მედია    საკრებულოს გადაწყვეტილების რეალური ტექსტის ნაცვლად მის  პროვოკაციულ ინტერპრეტაციას ავრცელებდა . 
  ,,კვირის პალიტრა'':  ,,რამეს გეუბნებათ არაბი შეიხის ნაჰიან ბინ მუბარაქ ალ-ნაჰიანის სახელი? კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ: ნაჰიან ბინ მუბარაქ ალ-ნაჰიანი. არა? ძალიან ცუდი. აუცილებლად დაიმახსოვრეთ. ნუ დაიზარებთ და კარგად დაიზეპირეთ – ნაჰიან ბინ მუბარაქ ალ-ნაჰიანი.
ეს იმიტომ, რომ წელს ბათუმში თუ ჩახვალთ, აუცილებლად გამოგადგებათ. ბათუმის საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე კიდევ ერთ ქუჩას მიანიჭა ცოცხალი კაცის სახელი", – ასეთი ინფორმაცია გაავრცელეს გასულ კვირას საინფორმაციო სააგენტოებმა. კერძოდ, ხიმშიაშვილის ქუჩიდან ლეონიძის ქუჩის შეერთებამდე არსებულ მონაკვეთს არაბი შეიხის ნაჰიან ბინ მუბარაქ ალ-ნაჰიანის სახელი ეწოდა. ამასთან, საკრებულომ გადაწყვიტა, ამ მონაკვეთისთვის ხეივნის სტატუსი მიენიჭებინა. 
საკრებულომ ქუჩისთვის შეიხის სახელის მინიჭება იმ დამსახურებით ახსნა, რომ მას მეგობრული ურთიერთობა აქვს აჭარასთან, დაინტერესებულია რეგიონის ტურისტული განვითარებით და აი, ხომ ხედავთ, რა დამსახურებული კაცი ყოფილა? მთელი ათი ათასი პალმა გამოუგზავნია! ათი ათასი! თან პალმა, სხვა რამე კი არა. ლეღვის ან ბლის ხე, არამედ პალმა! რას მოვა მასთან სელიმ-ბეგ ხიმშიაშვილის ღვაწლი, რომელსაც საქართველოს სიყვარულისთვის თურქებმა თავი მოჰკვეთეს და ახლა მისი სახელობის ქუჩა სწორედ ამ არაბის ხეივანმა უნდა დააკავშიროს დიდი ქართველი პოეტის ლეონიძის ქუჩასთან. ან ლეონიძის ღვაწლი რას შეედრება ათი ათასი პალმის ჩუქებას? თქვენ ათი ათასი პალმა ათი ათასი ლექსი ხომ არ გგონიათ? პალმაა, ჭო! აზრზე მოდი, პალმა! ლექსს საქართველოში ყველა მეორე წერს, პალმას კი, დიდი ბოდიში და, ვერავინ მოგართმევს არაბი შეიხის გარდა. 
თანაც ეს პირველი შემთხვევა სულაც არ არის, როდესაც ბათუმის საკრებულო ასეთ გადაწყვეტილებას იღებს.
მალე, ალბათ, ბათუმის საკრებულო სპეციალურ განცხადებას გაავრცელებს: "ვანიჭებთ ქუჩას თქვენს სახელს, მსოფლიოში ყველაზე იაფად: ეს სულ რაღაც ერთი სასტუმრო ან ათი ათასი პალმა დაგიჯდებათ. პალმის "ჟმოტები" ნუ გამოგვეხმაურებიან. ქუჩას საჩუქრად მოჰყვება დაჟანგული პროჟექტორი".  
 
ბათუმის საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარე გიორგი კირთაძე ამაოდ ცდილობდა ამ დეზინფორმაციის განეიტრალებას საკრებულოს ნამდვილი  გადაწყვეტილების განმარტებით: 
 " მინდა  დავაზუსტო, რომ შეიხის სახელი ქუჩას კი არ დაერქვა (ეს ქუჩა არ არის და შესაბამისად, შეიხის ნომერ 5-ში არავინ იცხოვრებს) , არამედ  ხეივანს ქუჩის გამყოფ ზოლს , რომელზედაც დაირგო პალმები.    ეს პალმები, რომლებიც საკმაოდ ღირებულია,  შეიხმა საქართველოს აჩუქა. ამასთანავე არის კარგი ადამიანი, რომელსაც დედაქალაქშიც  აქვს დაწყებული ინვესტიციები. ყოველივე ამის გამო მის მიმართ ერთგვარი პატივისცემა გამოვხატეთ. ომის შემდეგ კაცი რომ ჩამოვა საქართველოში და მისთვის საჩუქრებს  გააკეთებს, მისი სახელის მინიჭება ქუჩის გამყოფი ზოლისთვის ერთგვარი პატარა საჩუქარი იყო ჩვენი მხრიდან. ყოველ შემთხვევაში, ამით ჩვენ პატივისცემა გამოვხატეთ."
 
ამან ვერ შეანელა მძაფრი რეაქცია სოციალურ ქსელშიც, კერძოდ ,,თბილისის ფორუმზე'', რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის ერთერთი ფორპოსტი გახლდათ, თუმცა სიმართლე იქაც ჟონავდა:  
,, შეიხი ნაჰიან მუბარაქ ნაჰიანი არაბთა გაერთიანებული საამიროების აბუ დაბის საამიროს მმართველი საგვარეულოს წევრია. ის იმავდროულად განათლების მინისტრია. ზოგიერთ იუზერს აქ ქართული უჭირს, მას რამდენიმე ენაზე შეუძლია საუბარი. ფორუმის ე.წ. ეგზალტირებულ საზოგადოებას არ მოეწონა, რას ჰგავს და ვინ მიგდიაო. აბა რა, სწორედ ისინი არიან ჰოლივუდის ვარსკვლავები და ამ ცხოვრების ჭიპი, ეს კუდაბზიკა იმერელი აზნაურები. 
მაგარი კაცია. რაც მთავარია, კეთილგანწყობილია საქართველოს მიმართ. მან ისეთ დროს გაგვიწია დიდი დახმარება, როცა ძალზე გვესაჭიროებოდა. პალმები ამასთან მონაგონია. ნაჰიანის საგვარეულომ ააყვავა ერთ დროს უდაბური ადგილი აბუ დაბიში და სამოთხე შექმნა. ჩვენ კი იმისთვის ვიბრძვით, რომ ბუნების მიერ ნაბოძები სამოთხე შევინარჩუნოთ და ამაზეც არ წყდება ქილიკი. 
ნაჰიანის საგვარეულო და თავად ხსენებული შეიხი ფლობენ ისეთ სიმდიდრეს, რასაც ვერასდროს წარმოიდგენთ. მისი "დაბის ჯგუფი" შემოსულია საქართველოში ინვესტიციებით. 
რა უნდა მისცეს ნაჰიან მუბარაქ ნაჰიანს საქართველომ, რაც მას არა აქვს და, რაც მთავარია, იმის მსგავსი, რისი მოცემაც მას შეუძლია? არაფერი. მას არ აკლია ფული და საერთოდ, არაფერი. ამიტომ მორჩით ქილიკს და ღადავს. დააფასეთ ეს კაცი და ისიც დაგვაფასებს '' – ასე განუმარტავადა საქმის არსს ერთერთი ფორუმელი ნეგატიურად განწყობილ თანაფორუმელებს, მაგრამ ამაოდ. 
 
დღეს, როცა ხელისუფლება დიდი პატივით ხვდება შეიხ ნაჰიანს და თავს იწონებს სხვის მიერ მოზიდული ინვესტიციებით, პალმების ხეივანსა და ჟანგიან პროჟექტორს  მისი მხარდამჭერები აღარ ახსენებენ ( კიდევ კარგი, რომ ესმით უხერხულობა, რომელსაც ჟანგიანი პროჟექტორის გახსენება გამოიწვევდა იმ  საზეიმო ფეიერვერკის ფონზე, რომელიც სასტუმროს გახსნას ახლდა) . გიორგი კვირიკაშვილი ამაყად ჭრის ლენტს, დავით ქუმსიაშვილი ამაყად დაჰყვება შეიხს  ბათუმის ქუჩებსა და გონიოში. კიდევ კარგი, რომ პალმების ხეივნის ამოძირკვა ვერ შეძლეს, ისევე, როგორც მშვიდობის ხიდის დანგრევა, ხომ შერცხვებოდნენ ახლა უკვე თავიანთ საპატიო სტუმართან.
 
 დრო ყველას და  ყველაფერს თავის ადგილს უჩენს – ეს , სხვათაშორის აღმოსავლური სიბრძნეა, რომელსაც შეიხ ნაჰიანის სამშობლოში  ბავშვობიდან ეზიარებიან. 

წინა სტატია,,დარწმუნებული ვარ, რომ მას შემდეგ, რაც დაძლევენ ემოციებს, ისინი სხვაგვარ კომენტარებს გააკეთებენ ”- პრემიერ-მინისტრი თინა ხიდაშელისა და დავით უსუფაშვილის მხრიდან კრიტიკას ეხმაურება
შემდეგი სტატიაზუგდიდის არტ გალერეაში ხატმწერის შალვა გერაძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური