დღეს მოსკოვში 87 წლის ასაკში გარდაიცვალა მწერალი ფაზილ ისკანდერი- ის დიდხანს მხოლოდ აფხაზებს და ქართველებს გვემახსოვრება

0
507
დღეს მოსკოვში 87 წლის ასაკში გარდაიცვალა  მწერალი ფაზილ ისკანდერი .
რუსული მედიის ინფორმაციით, ის მოსკოვში, საკუთარ სახლში დაეცა და გონება დაკარგა. სასწრაფო დახმარების ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს –  გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
ფაზილ ისკანდერი დაიბადა სოხუმში,  ის  ირანული წარმოშობის აფხაზი  იყო და ნაწარმოებებს რუსულად წერდა.
მის კალამს ეკუთვნის: „სანდრო ჩეგემიდან“, „ადამიანი და მისი სამეზობლო“, „ადამიანის სადგომი“, „კურდღლები და გველები“, „სოფიჩკა“ და სხვა.
მწერალმა 1954 წელს დაამთავრა გორკის სახელობის ლიტერატურული ინსტიტუტი. ლექსების პირველი კრებული „მთის ბილიკები“ (რუსულად) გამოსცა სოხუმში 1957 წელს
ფაზილ ისკანდერმა დიდი როლი შეასრულა აფხაზური სეპარატიზმის გაღვივებაში, მთელი არსებით  მიესალმებოდა აფხაზეთის მოგლეჯას საქართველოსგან ,  იყო  მომენტები და წამიერი სისუსტე,  როცა იგი ვერ მალავდა იმედის გაცრუებას აფახაზეთისადმი რუსეთის პოლიტიკის გამო, მაგრამ ვერ დაძლია თავის თავში  მოსკოველი მწერლის ამბიციები და მარიონეტული სულისკვეთება. 
,,რა უფრო ძვირფასია თქვენთვის – რუსეთი თუ აფხაზეთი?'' – ჰკითხეს მას ერთხელ რუსმა ჟურნალისტებმა.
– ამაზე არასოდეს დავფიქრებულვარ. თუმცა ზოგჯერ მეკითხებიან: "ცხოვრების ადგილად რატომ აირჩიეთ მოსკოვი და არა მშობლიური სოხუმი." რა უნდა ვუპასუხო მათ. მე რუსი მწერალი ვარ. ჩემს ნაწარმოებებს ვწერ რუსულ ენაზე, ამ დროს ვუმღერ ჩემს აფხაზეთს. მოსკოვში თავს უცხოდ არა ვგრძნობ. თუმცა იგი მე არც ამირჩევია. ეს ჩემს მაგივრად ცხოვრებამ აირჩია, ჯერ კიდევ ახალგაზრდობის დროს. მე აქ ვსწავლობდი, შემდეგ ვმუშაობდი. და აქაური ვარ უკვე დიდი ხანია. ამ ცოტა ხნის წინათ ჩემმა შვილმა ალექსანდრემ მკითხა: "მამა, როდისმე ხელი თუ შეუშლია შენთვის, რომ რუსი არა ხარ." დავფიქრდი და ვუპასუხე: "იცი, საშა, – არა, არასოდეს!" და არა მხოლოდ ჩემთვის. "არარუსობა" რუსეთში ბევრისთვის არ ყოფილა დაბრკოლება. მხოლოდ ამ უკანასკნელ პერიოდში გახდა ეს ვიღაცისთვის პრობლემა. მაგრამ იგი, ეს პრობლემა არ არის დამახასიათებელი თავად რუსეთისთვის. მაშასადამე, ყველაფერი თავის წრეს უბრუნდება.
– ქართველები აფხაზეთზე ამბობენ: "ეს ჩვენი საშინაო საქმეა! ჩვენ თვითონ გავერკვევით საქმეში, ჩვენ და აფხაზები მეზობლები ვართ, კავკასიაში კი მეზობელი – როგორც უახლოესი ნათესავია. თუ ვინმე არ შემოგვიძვრება, ჩვენ ყოველთვის მოვახერხებთ ერთმანეთთან მოლაპარაკებას". თქვენ როგორ მიგაჩნიათ.
– ღმერთმა ქნას, რომ ასე იყოს. თუ ორივე მხრიდან იქნება ასეთი სურვილი, ამის გაკეთება შეიძლება და თანაც უსისხლოდ, უომრად და გარედან ვინმეს ჩაურევლად. შეუძლიათ თუ არა აფხაზებსა და ქართველებს სამომავლოდ იცხოვრონ მშვიდობიანად ერთმანეთის გვერდით. რატომაც არა. ეს თვით მათზეა დამოკიდებული. მაგრამ მაინც, მე ვფიქრობ, მათთვის უკეთესი იქნება არა ერთ სახელმწიფოში, არამედ, მართლაც, როგორც კეთილი მეზობლები. უნდა შეგეძლოს წყენის მიტევება.
– მაშ, რა ვუყოთ იმ სისხლს, რომელიც დაიღვარა ორივე მხრიდან ომში. ისიც უნდა მივუტევოთ?
– თქვენ რაღას გვთავაზობთ – შური ვიძიოთ ერთმანეთზე? შემდეგ რა იქნება? ეს არის არა გამოსავალი, არამედ გზა არსაით. რუსეთმა სსრ კავშირის დაშლის შემდეგ შეძლო თავიდან აეცილებინა ძმათამკვლელი ომები. ესაა მისი ძალა.
– თქვენი სიტყვებია: "სიბრძნე ისაა, რომ შეურიგდე ცხოვრებას, წახვიდე მასთან კომპრომისზე". რასთან შერიგება ვერ შეძელით?.
– ბოროტებასთან. მე გავიგე, ბოროტება ისეა დამახასიათებელი ადამიანის სულისთვის, რომ მისი იქიდან და სოციალური ცხოვრებიდან გამოდევნა ჩვენ არ შეგვიძლია. ბოროტების ნაწილი ყოველთვის რჩება. მე, როგორც შემეძლო, ვებრძოდი მას, მაგრამ მაინც ვერ დავამარცხე. ბოროტება შეიძლება მხოლოდ შეაკავო, ეცადო აუარო მას გვერდი. საზოგადოებამ ყოველთვის უნდა გამოიმუშაოს თავის თავში ეს გრძნობა – რომ არ შეუძლია შეურიგდეს წყვდიადსა და ქაოსს. მაგრამ ადამიანი – ეს არის დაუმთავრებელი დადებითი არსება. ის ყოველთვის ფიქრობს, რომ დიდი სურვილის დროს შეუძლია ყველაფერი უკეთესობისკენ შეცვალოს. მაგრამ ეს ძალიან მრავალი თაობის საქმეა. მოთმინება უნდა იქონიო.
– იგივე წესს იცავთ შემოქმედებაშიც?
– წიგნები – სხვა საქმეა. უნდა დაინდო ადამიანები, თუმცა აზროვნება უნდა იყოს დაუნდობელი. წერო – ეს ნიშნავს ისეთი რედაქტირება გაუკეთო სიცოცხლეს, რომ მასში შეიძლებოდეს ცხოვრება. ამას ვაკეთებ მეც.''
 
ფაზილ ისკანდერი აღარ არის. ცხოვრება და აფხაზურ -ქართული ურთიერთობები მის გარეშე გაგრძელდება. დასანანია, რომ ეს საკმაოდ ნიჭიერი მწერალი ვეღარ მოახდენს  თავისი ცხოვრების კორექტირებას. არადა არ ღირდა გათვლა მოსკოვისა და გზააბნეული თანამემამულეებისგან მინიჭებულ პრივილეგიებზე  – რუსებისგან განსხვავებით, ის მალე მხოლოდ აფხაზებს და ქართველებსღა გვემახსოვრება. 
 
 

 
წინა სტატიაავტო – მოტო მოყვარულთა ორდღიანი შეჯიბრი ზუგდიდში
შემდეგი სტატიაანაკლიაში საზეიმოდ დაიხურა 2016 წლის სასკოლო სპორტული ოლიმპიადა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური